თავი I - რომი - მარადიული ქალაქი... ბევრი ძალიან დიდი და მდიდარი ქალაქია მსოფლიოში, მაგრამ მარადიული მხოლოდ რომია, აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრში აღმართული, განფენილ-გაშენებული, გამშვენებული, შეუდარებელი და მარად უჭკნობი...
უჭკნობი იმიტომ, რომ ეპოქებმა ვერაფერი დააკლეს მის ძლიერებასა და მშვენიერებას, ხოლო ისტორიულმა მეხსიერებამ შემოგვინახა განსაცვიფრებელი ამბები შვილთა მისთა და გმირთა მისთა, მათ მიერ ნაშენები, მოპოვებული, შექმნილ-შეთხზული, დაუნჯებული, ვითარცა უკიდეგანო ოკეანე ამბებისა და მოგონებებისა, ასე უხვად რომ არის ასახული ისტორიულ ფოლიანტებსა თუ მწერალ-მეისტორიეთა თხზულებებსა და ხოტბებში.
ენა დაშვრება და გონი დაიწრიტება რომის, მისი დიდებული ბორცვების (ასეთი ხომ ქალაქში შვიდია), მისი სწორი და მოკირწყლული ქუჩების, დიდებული არქიტექტურული ნაგებობების, სასახლეებისა თუ თერმების, ბაღებისა თუ ველ-მინდვრების საქებრად, რომელთაც ასე სასოებით ეფერება ბებერი ტიბრი - მდინარე სრულიად იტალიისა და მშობელი რომის სიცოცხლისა და უკვდავებისა.
ამ უმშვენიერეს ადგილზე, ჯერ კიდევ უხსოვარ დროს, ცივილიზაციის გარიჟრაჟზე, აშენდა და გამშვენდა რომი - მარადიული ქალაქი...
ვინ? ვის ხელმა აღმართა და გააშენა ეს უკვდავი ქალაქი - ქალაქი იმპერატორებისა და დიდი კონსულებისა, ქალაქი უდიდესი პოეტებისა და კიდევ უფრო დიდი პოლიტიკოსებისა, ქალაქი უდიდესი ადამიანური ვნებათღელვისა და ეპოქალური შერკინებებისა?
გადმოცემებს თუ ვერწმუნებით, ის კი, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, სიუჟეტებისა თუ თემების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ქალაქ რომის დაარსება მოხდა ასე - ტროას დიდი ომის შემდეგ, დამარცხებული მცირეაზიელი ბერძნები, გმირი ენეასის წინამძღოლობით, სამშობლოდან გადაიხვეწნენ და რამდენიმე გემით ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაპირებისკენ გაემართნენ. ლტოლვილებს შორს იყო ენეასის ერთ-ერთი რძალიც - სახელად რომა. ბევრი განსაცდელი გადაიტანეს გადახვეწილმა ბერძნებმა, სად არ ჩაუშვეს ღუზა, მაგრამ არც ერთი ადგილი არ მოეწონათ. აი, როგორც იქნა, მიადგნენ აპენინის დასავლეთ სანაპიროს, მდინარე ტიბრის შესართავს, აუყვნენ მას და ერთგან ღუზაც ჩაუშვეს. როცა მამაკაცები ნაპირზე გადავიდნენ, რომ გარემო შეესწავლათ და ადგილიც შეერჩიათ, გაუთავებელი მოგზაურობით გულშეწუხებულმა რომამ დაწვა გემები, რომ გზა აღარ გაეგრძელებინათ და ბინადარ ცხოვრებაზე გადასულიყვნენ. მართლაც, გემების გარეშე დარჩენილმა ბერძნებმა გზა ვეღარ გააგრძელეს, დასახლდნენ ტიბრის შესართავიდან 25 კილომეტრზე და გმირი ქალის პატივსაცემად თავიანთ ახალ სამოსახლოს რომა შეარქვეს.
უფრო დრამატულია მეორე ლეგენდა - რომულსა და რემზე, ტყუპ ძმაზე, რომელთა ბედი ძალიან წააგავს წმინდა წიგნში ასახულ ერთ ძალიან ცნობილ ამბავს...
ასევე ბერძნების მიერ იტალიის დასავლეთ სანაპიროზე დაარსებულ ქალაქ ალბა-ლონგას მმართველს, ნუმიტორს, ჰყავდა ბოღმითა და შურით აღსავსე უმცროსი ძმა, რომელსაც უფროსი ძმის მოშორება და ტახტზე ასვლა ჰქონდა ჩაფიქრებული. ამ ბოროტმა სულმა განზრახვა აისრულა, ტახტიდან ჩამოაგდო ქალაქის მბრძანებელი, უფროსი ძმის ვაჟიშვილი საიქიოს გაისტუმრა, ხოლო ქალიშვილი - რეა-სილვია - წარმართული ქალ-ღვთაების ტაძარში ძალით აღკვეცა, რომ ამ გზით ძმის შთამომავლობა ხელოვნურად შეეწყვიტა. მაგრამ მოხდა საოცრება - რეა-სილვია დაორსულდა (ლეგენდის ზოგი ვერსიით - ბერძნული ღმერთის, მარსის დახმარებით) და შვა ჩინებული ტყუპი. შეშინებულმა ავსულმა ტყუპის წყალში გადაყრა ბრძანა. კეთილმა მონამ, რომელსაც ამ ავი განზრახვის შესრულება დაავალეს, შეიბრალა ჩვილი ბავშვები და ტიბრში კი არ გადაყარა, არამედ მდინარის ნაპირას დატოვა და უკანმოუხედავად მოკურცხლა. დრო გავიდა, ბავშვებს მოშივდათ და ტირილი დაიწყეს. ეს ხმა გაიგონა ძუ მგელმა, რომელიც მივიდა მათთან და დედის მაგივრობა გაუწია - რძით დააპურა, თავისი სხეულით გაათბო, მტაცებელი ფრინველები მოაშორა და რამდენიმე თვის განმავლობაში თავზე ევლებოდა ჩვილებს, უდედობას უმსუბუქებდა. ეს კეთილი მგელი დღესაც რომის სიმბოლოა.
ერთ დღესაც მგლის ბუნაგში დატოვებული ბიჭები ღარიბმა მწყემსმა იპოვა, სახლში წაიყვანა და უპატრონა, გაზარდა. სწორედ ამ მწყემსმა შეარქვა ძმებს სახელები: რომულუსი და რემუსი. დრო კი გადიოდა... ბიჭები გაიზარდნენ. მათ შეიტყვეს სიმართლე თავისი წარმოშობის შესახებ, შეძლეს ბოროტი ავსულის, მათი პაპის ძმის, ტახტის უზურპატორის თავიდან მოშორება და ხელისუფლება ნუმიტორს დაუბრუნეს, ხოლო თვითონ ახალი ქალაქის დაარსება გადაწყვიტეს.
როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ახალი ქალაქისთვის ადგილის ძიებისას ძმები სწორედ იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სადაც ერთ დროს ძუ-მგელმა ისინი იპოვა. ეს მართლაც ჩინებული ადგილი იყო - მდინარე ტიბრის სანაოსნო მონაკვეთი. შვიდი დიდებული ბორცვი ამშვენებდა გარემოს: კაპიტოლიუმის, კვირინალეს, ვიმინალეს, ესკვილინეს, ცელიის, ავენტინისა და პალატინის - მართლაც, ერთიმეორეზე დიდებული მაღლობი, სამოსახლოდაც - ჩინებული. მდინარე ტიბრის ვაკე ადგილები ცხოვრებისათვის შეუფერებელი ჩანდა - ავადმყოფობის გადამტან მწერებს მალარიის ბუდედ ექციათ ირგვლივ გარემო. ბორცვებზე კი სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა. აქ კი ჩინებული პირობები აღმოჩნდა ცხოვრებისათვის. დადგა საკითხი, თუ რომელ ბორცვზე დაეწყოთ მშენებლობა, სად უნდა გაევლოთ პირველი ხნული...
როგორც ყოველთვის, მთავარი საკითხის გადაჭრისას წარმოიშვა