მანუსკრიპტი
რეიტინგი
4.3 / 5
ნახვა
1884
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
არდაშელ თაქთირიძე
გამომცემლობა
ანბანი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
არდაშელ თაქთირიძის ეს მოთხრობა, რომელსაც საინტერესო და გართულებული არქიტექტონიკის გამო შეიძლება, მიკრორომანიც ეწოდოს, წარმოადგენს თანამედროვე პროზის უაღრესად საინტერესო ნიმუშს, რომელშიც დაახლოებით ისე, როგორც ეს გვინახავს „ფიქციების“ ავტორის, დიდი ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში, ერთმანეთთანაა შერწყმული ტყუილი და მართალი, გამონაგონი და სინამდვილე, მხატვრული პერსონაჟები და რეალური ისტორიული პირები, ისტორია და ფსევდოისტორია, ზედმიწევნით ზუსტი დოკუმენტალისტიკა და უკიდეგანო ფანტაზიისა და მაღალი ოსტატობის ბელეტრისტიკა. ყველაფერი ეს დაწერილია ხაზგასმით სადა, მაგრამ მდიდარი ლექსიკით, ნათელი სტილით, მშვიდი და აუ- ღელვებელი ტონით, მეტაფორებისა და მსგავსი მხატვრული არსენალის ზედმეტი გამოყენების გარეშე, რაც ნაწერს დოკუმენტალურობის ელფერს აძლევს. მოთხრობა იწყება მეცხრამეტე საუკუნის გაზეთის ქრონიკით უამინდობისა და მტკვრის მიერ დროგის წაღების თაობაზე. საგაზეთო მასალას — ამ პირველ პრელუდიას მოჰყვება მეორე, ეს უკვე წერილია, რომელიც არქეოლოგ კუპრაშვილს მიუწერია „არხეოლოგიის მოსიყვარულე საზოგადოების თავსმჯდომარისთვის“, ბატონი დიმიტრი ბაქრაძისთვის. წერილიდან ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ იღბლიან არქეოლოგს არმაზში სამარხისთვის მიუგნია, რომელშიც ადამიანის ჩონჩხის გარდა, თხელი ტყავის გრაგნილი აღმოუჩენია, ეს უკანასკნელი კი უძველეს მანუსკრიპტს შეიცავს. მხატვრული ძეგლისთვის უჩვეულო ტექსტების შემდეგ (საგაზეთო ქრონიკა, ოფიციალური წერილი) ჩვენს წინაშეა მესამე უვერტიურა, ამჟამად, ელექტრონული წერილი, მიწერილი არსებული ელექტრონული მისამართიდან, ასევე არსებულ ელექტრონულ მისამართზე. ამ წერილიდან ირკვევა ჩვენთვის უკვე ცნობილი ეტრატის შემდ- გომი ისტორია, საქმეში ჩნდება ვინმე ლოთი, მაგრამ პასუხისმგებლიანი გერმანელი, რომელსაც მევალისთვის კომპენსაციის სახით სწორედ ის ცნობილი მანუსკრიპტი დაუტოვებია. თხრობაში შემოდის რეალური და კარგად ცნობილი ისტორიული პირიც, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ცნობილი ბიბლიოფილი ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც აქ წერილის ავტორის ბიძაშვილადაა მოხსენიებული. ელექტრონული წერილის ადრესატი, არდაშელ თაქთირიძე მანუსკრიპტის მასალების საფუძველზე იწყებს ისტორიული რომანის წერას... როგორც ვხედავთ, მოთხრობის პირველსავე გვერდებზე სულ ცოტა ოთხი დისკურსი მეზობლობს ერთმანეთთან, რაც თხრობას არნახულ დინამიკურობას ანიჭებს. ავტორი აშკარად საკმარისად არ მიიჩნევს ასეთ პროზაულ მრავალფეროვნებას და ამ სხვადასხვა სტილს ახლა მოწმეთა დაკითხვის ოქმები ემატება. მანუსკრიპტის ისტორია კი მდიდრდება. 2000 წლის ამ ხელნაწერის ხელში ჩასაგდებად ვიღაცას კაცი მოუკლავს. საქმეს იძიებენ... როგორც ვხედავთ, ერთ მოთხრობაში ჩვენ გვაქვს დოკუმენტური თხრობა, ეპისტოლარული ჟანრი, საკანცელარიო ენა, დეტექტივი თავისი დაკითხვის ოქმებით, დღევანდელი დღე და ელექტრონული მიმოწერა, ისტორიული რომანი; მკითხველი მოგზაურობს დროში: აქაა მეცხრამეტე საუკუნე, ოცდამეერთე საუკუნე და, რაც მთავარია, ჩვ.წ. მეორე საუკუნე, ფარსმან ქველი და მისი სტუმრობა რომში. ესაა თავბრუდამხვევი, საოცარი თავგადასავალი მანუსკრიპტისა, რომელიც ინახავს კიდევ უფრო საოცარ ამბებს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. მკითხველი მწერალს მახვილგონივრულ მახეში ჰყავს მომწყვდეული და ისიც მიჰყვება ისტორიას, რომელიც იყო და არ იყო. არდაშელ თაქთირიძის „მანუსკრიპტი“ ჩვენი ახალი მწერლობის სერიოზული შენაძენია. ლევან ბერძენიშვილი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები