მოგზაურობა საქართველოში
10 სექტემბერს ისგაურში მოვედით. ისგაური არის სამეგრელოს ნავთ-საყუდელი და საკმაოდ კარგია ზაფხულობით. იქ დგებიან ხომალდები, რომელნიც კოლხიდაში მოდიან სავაჭროდ, როცა ჩვენ მოვედით, იქ შვიდი დიდი ხომალდი იდგა. ჩვენმა ნავის უფროსმა დააბმევინა ხომალდი ოთხი ღუზით და დააშვებინა ანძები. ისგაური უდაბური და უკაცური ადგილია.
ვაჭრები იქ თუ აფხაზების არ შეეშინდათ წნორის ქოხებს აკეთებენ. საშიშროება კი იქ ყოველთვის არის. ამ ქოხების გარდა იქ სახლებს ვერ ნახავთ.კოლხიდა მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე. აღმოსავლეთით მას საზღვრავს პატარა სამეფო, რომელიც შეადგენს საქართველოს ნაწილს და რომელსაც ადგილობრივი, მცხოვრებნი იმერეთს უწოდებენ. სამხრეთით მას საზღვრავს შავი ზღვა, დასავლეთით აფხაზეთი, ჩრდილოეთით კავკასიის მთები. მისი სიგრძე ზღვიდან მთებამდის წვდება და სიგანე აფხაზეთიდან იმერეთამდის. მის საზღვრებს შეადგენენ კორაქსი და ფაზისი - ძველი ისტორიკოსების სახელოვანი მდინარეები, რომელნიც ახლა კოდორად და რიონად იწოდებიან.
პირველი ჰყოფს კოლხიდას და აფხაზეთსა, მეორე კოლხიდას და იმერეთსა. კოლხიდის სიგრძე ას ათ ეჯზე2 მეტია. ეს მე ვიცი არა მარტო იქაურ მცხოვრებელებისაგან გაგონებით, არამედ მე თვითონ ერთი კუთხიდან მეორემდის დამივლია ეს მხარე. კოლხიდას ერთ დროს ჩრდილოეთის მხრივ სამოცი ეჯის სიგრძის კედელი ჰქონდა აფხაზეთისაგან საფარად, მაგრამ დიდი ხანია, რაც ეს კედელი დაინგრა. ახლა ტყეებია მისი დამცველი და უდიდესი იმედი. კავკასიის მხცოვრებნი შეადგენენ იმ მეომარ ხალხს, რომელნიც ახლა რამდენიმე პატარ-პატარა ტომებად არიან, დაყოფილი.. .
. . .როდესაც ჩვენი ხომალდი დადგა ისგაურის ნავთსაყუდელში, მე და ერთი ვაჭარი ბერძენი, რომელიც თან მომდევდა, გავედით ნაპირზე. იმედი მქონდა, ვიპოვიდი იქ სახლს, რაიმე ხორაგს და დახმარებას. ეს იმედი არ იყო მთლად უსაფუძვლო, რადგან შვიდ ხომალდს ვხედავდი ნავსადგურში. ძლიერ მოვტყუვდი: იქ მე ვერაფერი ვერ ვიშოვე. ისგაურის მიდამო მთლად ტყით არის შემოსილი.
ნაპირიდან ას ნაბიჯზე გამართულია მოედანი, რომელსაც უჭირავს სიგრძით 250 ნაბიჯი და სიგანით 5- ნაბიჯი: ეს არის სამეგრელოს დიდი ბაზარი. გარდა ამისა აქ არის ქუჩა, რომლის ორივე მხარეზე გამწკრივებულია ასიოდე წნული ქოხი. თითო ვაჭარი იჭერს თითო ქოხს, ბინავდება შიგ და იქვე მართავს დუქანს, სადაც აწყობს მხოლოდ იმდენ საქონელს, რამდენის გაყიდვაც შეიძლება ორ-სამ დღეში. იქვე ნაყიდ საქონელს და ისეთ სავაჭროს, რომელიც მალე ვერ გაიყიდება, ხომალდში ინახავენ, რადგან ნაპირზე შიშიანობაა. ბაზარში სხვა არაფერი არ არის. არცერთი გლეხის სახლი არ არის ახლო-მახლო. ჩემმა ეტიკმა დააბარა ბაზარში მოსულ გლეხებს, რომ მეორე დღეს ღომი მოეტანათ; გლეხები დაგვპირდნენ, მაგრამ არ შეგვისრულეს დაპირება.მე ძლიერ გავკვირდი და შევწუხდი, როდესაც აქ ვერავითარი საზრდო ვერ ვიპოვე საყიდლად, რადგან ჩვენი საგზალი კიდეც თავდებოდა.
ბაზარში ვნახე მხოლოდ გასაყიდად შებორკილი მონები და რამდენიმე ტიტველი კაცი მშვილდ-ისრით ხელში, რომელთაც ხალხი უფრთხოდა. ესენი მებაჟეები იყვნენ. უფრო შევწუხდი და მეწყინა, როდესაც გავიგე რომ ოსმალოები და მთავარი გურიელი შესულიყვნენ ჯარებით სამეგრელოში, დაეწყოთ ომი, ცარცავავდნენ თავიანთ მეზობლების სახლებს, იტაცებდნენ ხალხს და პირუტყვს, სადაც კი მოასწრებდნენ.დიდი იმედები მქონდა სამეგრელოში მყოფ მონოზნების - თეატინებისა. მეგონა, იმათ ექნებოდათ სახლი, სადაც შეიძლებოდა უშიშრად დაბინავება, და მალეც გამისტუმრებდნენ სპარსეთში. მათი სახლი იყო იგსაურიდან ხმელეთით 40 ეჯზე, ზღვით 55 ეჯზე. გავგზავნე კაცი მისიონერების უფროსთან და გავატანე წერილი. წერილით ვაცნობე, რომ მე სამეგრელოში ვარ, საჭირო საქმეებისთვის სპარსეთში მივდივარ და ჩემ შესახებ მასთან წერილები მაქვს საფრანგეთის ელჩისა, გენუის რეზიდენტისა, საბერძნეთის კაპუცინების წინამძღვარისა და კონსტანტინეპოლელ თეატინების ვექილებისაგან.
დაბეჯითებით ვთხოვე გამოეგზავნა ისეთი ვინმე, რომელსაც შეეძლო მოეცა საჭირო ცნობები ჩემი მოგზაურობის შესახებ. მინდოდა ფულით დამექირავებინა შიკრიკი, მაგრამ ფულის მაგიერ ტილო მომთხოვეს. ჩემი ეტიკი გაურიგდა ორ თოფ ლურჯ ტილოდ იმ პირობით, რომ შიკრიკი ორ დღე ნახევარში უნდა დავბრუნებულიყო უკან. ეს ორი თოფი ტილო კაფკაში ორ ფრანკად ღირს, მე ძალიან დაღონებული და შეწუხებული დავბრუნდი ხომალდზე, რადგან თურმე ისეთ ქვეყანაში მოვსულვარ, სადაც არავითარი ხორაგი არ იყო გასაყიდი, ფული არ გადიოდა და სახლიც არ იშოვებოდა, რომ კაცს თავი შეეფარებინა.მე ეს მწუხარება არავისთვის გამიმჟღავნებია, არც ამხანაგისთვის, არც მსახურებისათვის. მხოლოდ ის კი ვუთხარი, რომ თუმცა აღმითქვეს სურსათის მოტანა, მაგრამ მაინც კარგი იქნება, რაც შეიძლება დაზოგვით ვიხმაროთ ის ხორაგი, რომელიც ხელთა გვაქვს.როგორცა ვთქვი, ომი იყო სამეგრელოში და ომიანობის ხმამ მაინც არ დაუშალა ჩვენს ხომალდზე მყოფ ვაჭრებს გადაბარგება ხმელეთზე. მეორე დღეს, განთიადისას, ისინი გავიდნენ ზღვის ნაპირას, დაიჭირეს ქოხები და გაიტანეს სავაჭრო.
. . 4 ოქტომბერს, დილით, დაბრუნდა