1664 დედაჩემს არ გავუფრთხილებივარ, რომ ისინი უნდა მოსულიყვნენ. მოგვიანებით მითხრა, არ მინდოდა, აფორიაქება დაგტყობოდაო. გამიკვირდა. მეგონა, უკეთ მიცნობდა. ვფიქრობ, უცნობ ადამიანებს ჩემს მღელვარებას არასოდეს ვაგრძნობინებ. ბავშვი როდი ვარ, რომ ცრემლები ვაფრქვიო. მხოლოდ დედაჩემი ამჩნევს ხოლმე, როგორ მეძაბება სახე და მიფართოვდება ისედაც დიდრონი თვალები.
სამზარეულოს მაგიდაზე ბოსტნეულს ვჭრიდი, როდესაც ჩვენს კართან ხმები მომესმა. ქალის ხმა ლაპლაპა თითბერს მოგაგონებდათ, მამაკაცისა კი ბოხი და ისეთივე მუქი იყო, როგორც ჩვენი სამზარეულოს ხის მაგიდა. ამგვარი ხმებით, რომლებიც ჩვენს სახლში იშვიათად გაისმოდა, მდიდრული ხალიჩების, წიგნების, მარგალიტებისა და ბეწვეულის მფლობელნი ლაპარაკობენ. კიდევ კარგი, რომ დილას საგულდაგულოდ გავხეხე კიბის საფეხურები. წინა ოთახიდან სულ უფრო ახლოს მესმოდა დედაჩემის ხმა, რომლის გაგონებისას ქვაბები და ტაფები წარმომიდგებოდა ხოლმე. სტუმრები სამზარეულოში შემოვიდნენ. დაჭრილი პრასი გვერდზე გავწიე, დანა მაგიდაზე დავდე, ხელები წინსაფარზე შევიწმინდე და ტუჩები მოვიკვნიტე, უფრო გლუვი რომ გამეხადა.
კარში დედაჩემი გამოჩნდა და თვალით მანიშნა, გაფრთხილდიო. მას შემოჰყვა ქალი, რომელიც იძულებული იყო, თავი დაეხარა, რადგან ძალიან მაღალი იყო - უფრო მაღალი, ვიდრე მის უკან მომავალი მამაკაცი.
ჩვენს ოჯახში ყველა ტანმორჩილი იყო, თვით მამაჩემი და ჩემი ძმაც კი.
ქალი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ქუჩაში ძლიერი ქარი ქროდა, თუმცა სინამდვილეში წყნარი ამინდი იდგა. ქუდი გვერდზე მოქცეოდა, შუბლზე კი თხელი ქერა კულულები ჩამოსწეწოდა, რომლებიც რამდენჯერმე ხელით გადაიწია, ისე, თითქოს ფუტკრებს იშორებსო. საყელოც მობრეცოდა და დასჭმუჭნოდა. როდესაც რუხი მოსასხამი მოიხსნა, მუქი ლურჯი კაბის ქვეშ გამობერილი მუცელი შევამჩნიე. ალბათ, მალე - წლის ბოლომდე ან კიდევ უფრო ადრე - უნდა ემშობიარა.
სახე ოვალურ თეფშს მიუგავდა და ხან უელვარებდა, ხან კი - უმქრქალდებოდა. თვალები ორი ყავისფერი ღილივით უბრწყინავდა. ასეთი ფერის თვალები ქერათმიან ქალებს იშვიათად აქვთ ხოლმე. ყურადღებით მაკვირდებოდა, მაგრამ დროდადრო თვალს მაცილებდა და ოთახს ათვალიერებდა.
- მაშასადამე, ეს ის გოგონაა, - თქვა მან უეცრად.
- ჩემი ქალიშვილია, გრიტი, - მიუგო დედაჩემმა. ორივე სტუმარს მოწიწებით დავუკარი თავი.
- გასაგებია. მაღალი არაა. მძიმე სამუშაოს თავს გაართმევს?
როდესაც ქალი მამაკაცისკენ მიტრიალდა, მისი მოსასხამის კალთა ჩემი დანის ტარს წამოედო. დანა მაგიდიდან გადმოვარდა და იატაკზე დაბზრიალდა.
ქალმა წამოიკივლა.
- კატარინა! - მშვიდად მიმართა მამაკაცმა. ამ სახელის წარმოთქმისას თითქოს დარიჩინის სურნელი ამოისუნთქა. ქალი შეკრთა და შეეცადა, დაწყნარებულიყო.
დანა ავიღე, წინსაფრის კალთით გავწმინდე და მაგიდაზე დავდე. დანა ბოსტნეულს წამოედო. სტაფილოს ნაჭერი თავის ადგილას დავაბრუნე.
მამაკაცი ნაცრისფერი თვალებით შემომცქეროდა. გამხდარი, მოგრძო სახე ჰქონდა. მშვიდად იმზირებოდა, განსხვავებით ცოლისგან, რომელსაც გამომეტყველება წამდაუწუმ ეცვლებოდა. მამაკაცი უწვერულვაშო იყო, რაც მომეწონა - სისუფთავის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შავი მოსასხამიდან თეთრი პერანგი და მაქმანის საყელო მოუჩანდა. სველი აგურის ფერის თმაზე ქუდი ეხურა.
- აქ რას აკეთებდი, გრიტ? - მკითხა მან. ამ კითხვამ გამაკვირვა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ბოსტნეულს ვჭრიდი, ბატონო. წვნიანისთვის.
დაჭრილ ბოსტნეულს ყოველთვის ცალ-ცალკე, ფენებად ვაწყობდი ხოლმე, ღვეზელის გულსართივით. იმ დღეს ხუთი სახის ბოსტნეული მეწყო: წითელი კომბოსტო, ხახვი, ნიახური, სტაფილო და თალგამი. ყოველი ფენის ნაპირები დანით შევასწორე და ცენტრში სტაფილოს ნაჭერი დავდე.
მამაკაცმა მაგიდაზე თითით დააკაკუნა.
- ასეთივე თანმიმდევრობით აწყობ წვნიანში? - მკითხა მან. თან ფენებს აკვირდებოდა.
- არა, ბატონო, - შევყოყმანდი მე. არ ვიცოდი, რატომ ვაწყობდი ბოსტნეულს ამგვარად. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ასე უნდა დამეწყო, მაგრამ ვერ გავბედე, ეს მეთქვა ამ ბატონისთვის.
- ვხედავ, რომ თეთრი ბოსტნეული ცალკე დაგიწყვია, - მითხრა მან და თალგამსა და ხახვზე მიმითითა, - ნარინჯისფერი და წითელი ბოსტნეული კი ერთმანეთისგან გაგიცალკევებია. რატომ?
მან სტაფილოს და კომბოსტოს ნაჭრები კამათელივით აათამაშა ხელში.
დედაჩემმა ოდნავ შესამჩნევად დამიქნია თავი.
- ეს ორი ფერი ერთმანეთს არ უხდება, ბატონო.
მამაკაცმა წარბები ასწია, თითქოს ასეთ პასუხს არ ელოდაო.
- ბევრ დროს ანდომებ ბოსტნეულის დაწყობას, სანამ წვნიანს მოამზადებ?
- არა, ბატონო, - ვუპასუხე დარცხვენით. არ მინდოდა ეფიქრა, ფუქსავატი გოგო ყოფილაო.
ოთახში რაღაც მოძრაობა შევნიშნე. კარში ჩემმა დამ, აგნესმა შემოიხედა და ჩემი სიტყვების გაგონებისას თავი გადააქნია. იცოდა, რომ იშვიათად ვცრუობდი. თვალები დავხარე.
მამაკაცმა თავი მიაბრუნა და აგნესი მაშინვე გაუჩინარდა. მამაკაცმა სტაფილოსა და კომბოსტოს ნაჭრები კვლავ მაგიდაზე დააწყო. კომბოსტოს ნაჭერი ალყა-ალყად დაჭრილ ხახვის რგოლებს შეერია. მინდოდა თავის ადგილას დამედო. თავი შევიკავე, მაგრამ მამაკაცი სურვილს მიმიხვდა. მცდიდა.
- გეყოთ ყბედობა, - გამოაცხადა