თამარ ბოკუჩავა - წინათქმა თქვენ წინაშეა მსოფლიო თეატრის ისტორიის პირველი წიგნი - „უძველესი და ანტიკური თეატრი“. სანამ მის წაკითხვას შეუდგებოდეთ, მინდა ორიოდ სიტყვით წარმოგიდგინოთ სახელმძღვანელო, მისი შექმნის ზოგადი მეთოდოლოგიური პრინციპები და პირველი გამოცემისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი კერძო გარემოება თუ თავისებურება.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელოში თეატრი განიხილება როგორც საკაცობრიო ცივილიზაციის თანამდევი ფართო კულტურული და ანთროპოლოგიური ფენომენი. რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულად იჩენს თავს პრიმიტიულ საზოგადოებასა თუ საკაცობრიო კულტურის განვითარებულ საფეხურებზე. სინამდვილეში, სწორედ თანამედროვეობის სათეატრო პრაქტიკამ და მეცნიერების განვითარებამ, განსაკუთრებით, XIX საუკუნიდან მოყოლებული, გახადა შესაძლებელი თეატრის ფენომენის უფრო ფართო, დინამიკური გაგების ფორმირება. მისი რიტუალური და მისტერიული, საშემსრულებლო თუ დრამატურგიული ბუნების დიალექტიკის ურთიერთკავშირში დანახვა. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან თეატრის სფეროში მიმდინარე პროცესებმა, ახალი ფორმების შექმნამ, მხატვრის, ლაბორატორიული, ანთროპოლოგიური, პოსტდრამატული თუ სხვა უახლესი თეატრალური პრაქტიკის განვითარებამ კიდევ უკეთ გამოავლინა თეატრის არსი.
როგორც აღვნიშნეთ, ეს თეატრის ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი წიგნია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა თეატრის ისტორიის კურსი თანამედროვეობამდე მოიცვას.
პირველ წიგნში შევიტანეთ თავი ქართული თეატრის შესახებ - „ქართული თეატრი უძველეს დროსა და ანტიკურ ეპოქაში,“ ის რამდენადმე ავტონომიურია, რადგან ამ პერიოდის ქართული თეატრის შესახებ იმ მოცულობის ფაქტობრივი ინფორმაცია არ არსებობს, როგორც სხვა კულტურების თეატრზე. თუმცა ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ „ქართულმა თეატრმა უძველესი დროიდან დღემდე მსოფლიო თეატრის ისტორიის განვითარებისათვის დამახასათებელი თითქმის ყველა საფეხური განვლო... (და, ტიპოლოგიურად დასავლური (ფრჩხილებში თავისუფალი ციტირებაა. (თ. ბ.))) ტიპის დინამიკურად განვითარებად დარგად ჩამოყალიბდა (თამარ ბოკუჩავა, მაია გოშაძე, მსოფლიო თეატრის ისტორია, წიგნი I, უძველესი და ანტიკური თეატრი, გვ. 13.)...“.
სწორედ თეატრის დინამიკური განვითარების პრინციპი დაედო საფუძვლად სახელმძღვანელოს, სადაც თეატრის რიტუალური და მითოლოგიური საწყისები, პროფესიული განვითარების მთელი სპექტრი ახალი ტიპის პრაქტიკის ყველა შესაძლო გამოვლენა (თერაპიული, ანთროპოლოგიური, სოციალური, და სხვ.) განიხილება როგორც ერთიანი ზოგადსაკაცობრიო გლობალური პროცესის ნაწილი თავისი ნაციონალური თუ ეპოქალური თავისებურებებით.
თეატრის ისტორიის I წიგნი გამოიცემა მისი თანაავტორის – მაია გოშაძის გარდაცვალების შემდეგ. მაიამ დაასრულა წიგნის მის მიერ მომზადებულ ნაწილებზე მუშაობა, თუმცა სახელმძღვანელოს გამთლიანებისა და საბოლოო სტრუქტურის მინიჭების პროცესში მონაწილეობა ვეღარ მიიღო. წიგნი გამოსაცემად მის გარეშე მომზადდა. ამიტომ მაია გოშაძის ტექსტის აუთენტურობა მაქსიმალურად არის შენარჩუნებული და მხოლოდ სტრუქტურის აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია მოყვანილი. ფაქტობრივად, ქქვეყნდება შეკვეცის გარეშე ან უმნიშვნელო ტექნიკური შემცირებით.
თ. ბოკუჩავა
თამარ ბოკუჩავა