მხატვრული ფილმის სცენარი 1. ინტერიერი. ვაჟთა კოლონიის დერეფანი. დღე.
ნიკა დერეფანში მიდის, მისი ნაბიჯები ერთ რიტმშია. ნიკა 17 წლის მსჯავრდებულია, პატიმრებს შორის ავტორიტეტი, ე.წ. "მაყურებელი." ნიკას უკან ბადრაგი მიჰყვება, ასაკოვანი, ჭაღარა კაცი, რომელსაც "სტარიკას" ეძახიან.
დერეფანში საპირისპირო მხრიდან რეზო მოდის, რეზო შუა ხნის კაცია, რაგბის მწვრთნელი. მასთან მიახლოებისას ნიკა გვერდზე არ იწევა და რეზოს უწევს ნიკასთვის გზის დათმობა. რეზო შენიშნავს ბიჭის არაკეთილგანწყობილ მზერას და თავდახრილი აგრძელებს გზას. რეზოს ახალგაზრდა ბადრაგი კაკო მიჰყვება უკან. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ რეზო გამოხედავს ნიკას და თან გზას აგრძელებს.
2. ინტ/ექსტერიერი. ყაზარმა. დღე.
ბადრაგები საკნების კარებს აღებენ და პატიმრები გამოდიან. პატიმრები არასრულწლოვანი ბიჭები არიან, 13დან 18 წლამდე. დერეფანი ბიჭებით ივსება, ბადრაგები მათ ეზოში გასვლას უთითებენ. დერეფანში ერთი ბოლოდან ნიკაც შემოდის და გასასვლელისკენ მიემართება. მას გზად ერთ-ერთი პატიმარი ეკითხება.
პატიმარი
- რა ხდება ნიკუშ?
ნიკა არ პასუხობს მას და გზას აგრძელებს. ბაშკა - 16 წლის, საკნიდან გამოდის და ნიკას ხვდება, ბაშკა მიმიკით ეკითხება ნიკას იგივეს. ნიკა პასუხობს:
ნიკა
- მწვრთნელი მოვიდა. ეზოში გამოდით.
ნიკა გასასვლელისკენ აგრძელებს გზას. ბაშკა მიჰყვება მას და თან პატიმრებს ატყობინებს.
ბაშკა
- რაგბის მწვრთნელს უნდა შევხვდეთ!
პატიმარი 1
- რაგბის ვარჯიშები უნდა დაგვინიშნონ?
პატიმარი 2
- დაგვინიშნონ რა, მასაჟია შეჩემა?!
პატიმრები დერეფნიდან ეზოში გადიან და თან გადაძახილებით არკვევენ რა ხდება.
პატიმარი 3
- აუ შეიყვეს რა!
პატიმარი 4
- აბეზალოვკა იქნება?
ბაშკა
- არა, იასნია.
პატიმარი 5
- რაგბი მაგარია.
ბაშკა
- პრაგულკების დროს იქნება.
პატიმრები (უკმაყოფილოდ)
- აუ, კაი რა.
პატიმრები ეზოში გამოდიან. ეზოს ერთ მხარეს მინდორია, აქა-იქ უსწორმასწორო ბალახით. მეორე მხარეს მცირე ზომის ეკლესია დგას. ეზო გარშემორტყმულია მაღალი ბეტონის ღობით. ცუდი ამინდია და ბიჭები იშმუშნებიან, ბადრაგი კედელთან დადგომისკენ უთითებს მათ.
სტარიკა
- მოეწყეთ ეხლა, ზედმეტი წუწუნის გარეშე.
ბიჭები ნაძალადევად დგებიან კედელთან. მათი განლაგება უაზროა და სტარიკა ცდილობს მათ მოწყობას. მას ორი ახალგაზრდა ბადრაგიც ეხმარება.
სტარიკა
- ორ რიგად დადექით ბიჭო! გამოდი შენ აქეთ, მიიწიე ბიჭო, რას დაეყუდე შუა გზაში!
ნიკა და ბაშკა მოშორებით დგანან და უყურებენ ბიჭების მწყობრში ჩაყენების პროცესს. სტარიკა რაციით ატყობინებს ხელმძღვანელობას.
სტარიკა
- სტროი მზად არი.
თან ნიკას გამოხედავს და ანიშნებს რომ ისიც დადგეს. ნიკა სიგარეტს აქრობს და ბიჭებისკენ მიდის. ნიკა უკანა რიგში დგება, ბაშკა მის წინ. მათი მისვლის შემდეგ ბიჭები თავშეკავებულად დგანან და ელოდებიან მწვრთნელის მოსვლას. ლოდინი იწელება, ბიჭებს მოუსვენრობა ეტყობათ, ვიღაც გამოვა რიგიდან და ბადრაგი უკან აბრუნებს მას. ამინდი უფრო ფუჭდება, და ბიჭები მობუზული დგანან.
რეზო და დირექტორი პატიმრებს უახლოვდებიან.
რეზო ინტერესით უყურებს ბიჭებს. დირექტორი და რეზო მათ წინ დგებიან და დირექტორი მიმართავს პატიმრებს.
დირექტორი
- თქვენთვის სიახლეა. რაგბის ვარჯიშები გექნებათ კვირაში სამჯერ, სეირნობის დროს. გავარჯიშებთ ბატონი რეზო, ყოფილი რაგბისტი და გამოცდილი მწვრთნელი.
დირექტორი გამოხედავს რეზოს. რეზო ბიჭებს უყურებს და მისალმების ნიშნად უღიმის მათ.
3. ექსტერიერი. ციხის კარი. დღე.
მწვრთნელი და დირექტორი კოლონიის გასასვლელისკენ მოდიან.
დირექტორი
- რას ფიქრობთ, სავალდებულო იყოს?
რეზო (უარის ნიშნად თავს გაიქნევს)
- ნებაყოფლობითი.
დირექტორი
- ნებაყოფლობითზე არავინ ივლის.
რეზო
- ახალი პროგრამა ესე მიგვითითებს.
დირექტორი (ირონიით)
- რადგან მიგვითითებენ, სხვა რა გზაა.
რეზო
- მოედანი?
დირექტორი
- მოედანი ხომ გამოვიარეთ..
რეზო გაიკვირვებს და გზას აგრძელებს, გასასვლელთან დირექტორი ჩერდება, ისინი ღიმილით და ხელის ჩამორთმევით ემშვიდობებიან ერთმანეთს. იღება ურდულიანი კარი და რეზო კოლონიიდან გადის. დირექტორი ტრიალდება, ადმინისტრაციისკენ მიდის და თავისთვის ჩაილაპარაკებს.
დირექტორი
- მოგიტყანთ პროგრამები...
ეზოში სტარიკა დგას, რომელიც დირექტორს სიარულში ჰყვება და ისინი ერთად აგრძელებენ გზას.
ისმის გამაფრთხილებელი სირენა და ციხის ჭიშკარი ავტომატურად იღება. ციხეში შემოდის "ეტაპი" - ფურგონის ტიპის მანქანა, რომელსაც ახალი პატიმრები მოჰყავს. ღია ჭიშკრიდან ჩანს რეზო, რომელიც "ეტაპის" ციხეში შესვლას ადევნებს თვალს, დირექტორი კოლონიის ტერიტორიაზე შემოსულ მანქანას უკან მიჰყვება. სტარიკა ნაბიჯს უჩქარებს და "ეტაპს" ადმინისტრაციიის შესასვლელთან ხვდება. ჭიშკარი იკეტება.
ბადრაგები ფურგონის უკანა კარს აღებენ, შიგ ორი პატიმარი ზის. ორივე მათგანს ხელები ბორკილებით აქვთ შეკრული. ერთ-ერთი - ზუკა (17 წლის) დამფრთხალი თვალებით და ინტერესით იყურება გარეთ. ბადრაგები ზუკას მკლავებში ჰკიდებენ ხელს