8 ნოემბერი, 2000 წ.
ძვირფასო ფრანკლინ,
არ ვიცი, ამ ერთი, დღევანდელი ბანალური შემთხვევის გამო რატომ მომინდა მომეწერა, მაგრამ მას მერე, რაც ერთად აღარ ვართ, ალბათ ყველაზე მეტად შენთვის განვლილი დღის თავშესაქცევი ამბების გაზიარება მენატრება – როგორც კატებს სჩვევიათ, პატრონს თაგვებს რომ მიართმევენ ხოლმე – მცირედ, მოკრძალებულ „ძღვენს“, თავ-თავიანთ ძველ სკივრებში რომ მოქექავენ ხოლმე განშორების შემდეგ ადამიანები. ახლა ჩემს სამზარეულოში რომ მდგარიყავი და თუნდაც დამენახა, როგორ ბარაქიანად უსვამ „ბრანოლაზე“ მიწისთხილის კარაქს (თუმცა უკვე თითქმის სადილობის დროა), იმასაც არ გეტყოდი, თუ შეიძლება, ახლა ნუ გამოძღები მაგ სენდვიჩით, მაკარონი უნდა მოვხარშო-მეთქი, – აი როგორც ვარ, წებოვან ლორწოში ამოთხვრილი ჩანთებით ხელში, ეგრევე ამ ჩემი პატარა ისტორიის მოყოლას შევუდგებოდი.
წინათ, ცხადია, ძირითადად ლისაბონზე, კატმანდუსა და სხვა ეგზოტიკურ ადგილებზე გიყვებოდი. ვიცი, სინამდვილეში არავის აინტერესებს, „უცხოეთში რა გადაგხდა თავს“, და შენი მრავლისმეტყველი თავაზიანობაც სწორედ იმაზე მიანიშნებდა, რომ ბევრად უფრო გესიამოვნებოდა რაიმე ყოფითი კურიოზების მოსმენა: მაგალითად, როგორ გადავეყარე ჯორჯ ვაშინგტონის ხიდზე მოსაკრებლის ვიღაც ექსცენტრულ ამკრეფს... ეს ისტორიები კიდევ უფრო გარწმუნებდა, რომ ჩემი საზღვარგარეთული ვოიაჟები დროის ფუჭი ფლანგვა და, კაცმა რომ თქვას, ერთგვარი ღალატიც იყო. ჩემი ჯადოსნური საჩუქრები – მაგალითად, ოდნავ ვადაგასული ბელგიური ვაფლი – მხოლოდ იმიტომ იყო ჯადოსნური, რომ შორიდან ჩამომქონდა. იმ ბრჭყვიალა იაპონური სუვენირების მსგავსად (ჯერ კოლოფში რომ დებენ და იმ კოლოფს კიდევ – ჩანთაში), ჩემი იმდროინდელი თავგადასავლებიც მხოლოდ ოსტატური შეფუთვის ხარჯზე ბზინავდა. სამაგიეროდ, როცა შეგიძლია ნიუ-იორკის შტატის ძველი და უღიმღამო ნაგვის ნედლეულიდან ნაიაკის „გრანდ იუნიონში“ ვიზიტის პიკანტური მომენტები გამოწურო, – აი, ეს კი მართლა მიღწევაა.
ჩემი დღევანდელი ამბავიც სწორედ მანდ იწყება. მგონი, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი იმას, რაც თავის დროზე ვერაფრით შემაგნებინე: რომ ჩემი სამშობლო, ვთქვათ, ალჟირზე ნაკლებად ეგზოტიკური ან საშიში ადგილი როდია. რძის პროდუქტების რიგში ვიდექი. ბევრი არაფრის ყიდვას ვაპირებდი. ან ვისთვის მეყიდა?.. ბოლო დროს მაკარონსაც აღარ ვჭამ: მაკარონის ჭამისას ზუსტად ის მომწონდა, რომ ნახევარზე მეტი შენ უნდა შეგესანსლა. რა მადა გქონდა!.. მენატრება ის დრო.
ჯერ კიდევ მიჭირს ხალხში გასვლა. ალბათ გგონია, რომ ქვეყანაში, რომელშიც, როგორც ევროპელები ამტკიცებენ, „ისტორიის განცდა არა აქვთ“, შემეძლო მესარგებლა ამერიკელთა ამ ყბადაღებული ამნეზიით, მაგრამ, ვაი რომ, არ გამიმართლა. დღემდე – არადა, წელიწადი და რვა თვე გავიდა უკვე – არავის ემჩნევა ამ „თემში“, რომ რაიმე დავიწყებოდეს. ამიტომ საყიდლებზე გასვლის წინ მორალურად ვემზადები. სხვათა შორის, ჰოუპუელის ქუჩაზე რომ „7-თერთმეტია“, იქაური გამყიდველებისთვის კოლორიტულობა შემომაცვდა და აღარ მაშტერდებიან. სამაგიეროდ, „გრანდ იუნიონში“ შესვლა ჭირის დღესავით მეჯავრება.
იქ სულ სადმე მიმალვა მინდება. ჰოდა, მღელვარება რომ არ შემეტყოს, მხრებში ვიმართები ხოლმე – ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს გამოთქმა, თავი ამაყად უჭირავსო. საოცარია, მაგრამ ასე სარგადაყლაპულივით სიარული შინაგანადაც გარდაქმნის ადამიანს. ფიზიკური ამპარტავნების წყალობით სულიერადაც ნაკლებად განვიცდი.
ვერ გადამეწყვიტა, საშუალო ზომის კვერცხი ამეღო თუ დიდი, და იოგურტებისკენ გავიხედე. ჩემგან ორიოდე მეტრში ვიღაც მყიდველი იდგა. მის უსიცოცხლო შავ თმას ძირებში სითეთრე შეჰპარვოდა, კულულები კი მხოლოდ ბოლოებში შემორჩენოდა – დიდი ხნის წინანდელი პერმანენტული დახვევის კვალი. მოიისფრო კოფთა და შეხამებული ქვედატანი ოდესღაც მოდურიც კი მომეჩვენებოდა, მაგრამ ახლა სახელოები მეტისმეტად შემოსჭეროდა მკლავებზე, ფურჩალები კი განზე გასულ გვერდებს კიდევ უფრო გამოკვეთდა. ტანსაცმელს გაუთოება არ აწყენდა – მხრებზე მავთულის საკიდისგან გახუნებული ზოლიც კი ემჩნეოდა. ეს ყველაფერი კამოდის ქვედა უჯრებიდან ამოღებულს ჰგავდა – დანარჩენი ტანსაცმელი გასარეცხი რომ ყრია იატაკზე და არ იცი, რა ჩაიცვა. მდნარი ყველისკენ რომ გადახარა თავი, ღაბაბის ნაკეციც შევამჩნიე.
ვერა, ვერ გამოიცნობ, გამორიცხულია. ოდესღაც ისეთი მოხდენილი, ტკიცინა და პრიალა იყო, როგორიც სასაჩუქრე ნაკრები. მართალია, გაძვალტყავებული ჭირისუფლის ხატი უფრო რომანტიკულია, მაგრამ რატომ უნდა იგლოვო ონკანის წყლით, თუკი შოკოლადითაც მშვენივრად შეიძლება?! თანაც ზოგიერთი ქალი თავს იმდენად ქმრის გასახარად როდი უვლის, რამდენადაც იმისთვის, რომ ქალიშვილს არ ჩამორჩეს. ჩვენი წყალობით უკვე აღარც ეგ მოტივაცია აქვს...
დიახ, მერი ვულფორდი იყო. საამაყო სულაც არაა, მაგრამ თვალი ვერ გავუსწორე. თავგზა ამებნა. ხელები გამიოფლიანდა და კვერცხების კოლოფს ნერვიულად ვჭმუჭნიდი, თან ვამოწმებდი, ხომ არ დამემტვრა-მეთქი. ისეთი სახე მივიღე, თითქოს უცებ გამახსენდა, რომ გვერდითა რიგში უნდა მენახა რაღაც, და არც კი მოვტრიალებულვარ, ისე მოვახერხე, კვერცხების ურიკაში, ბავშვის დასაჯდომში ჩაწყობა. გეგონება,