წინასიტყვაობა წინამდებარე ცდანი ეხებიან ჩვენგან დაშორებულ ხანას; მაგრამ ისეთს როცა საქართველოს ცხოვრება წარმოადგენდა სურათს, მერმინდელ დაჩაგრულ თაობათათვის აზრითაც მიუწდომელს.
ამ ეპოქამ ქართველების ხსოვნასა და გადმოცემებში განსაკუთრებული ადგილი დაიჭირა, და ჩვენს დროს მათ შორის გაღვიძებულმა ცნობისმოყვარეობამ ეს წარსულიც ერთ-ერთ თავის საგნად დაისახა.
ამისათვის შესაძლებელია, რომ ამ წიგნში მოთავსებული და განხილული ცნობებიც ზედმეტად არ ჩაითვლებიან.
ზოგიერთი შენიშვნები განგებ შემოკლებულია, და თვით ნარკვევებში საკითხები ხშირათ გაკვრით არის აღძრული: მათი უფრო წესიერი და დაწვრილებითი დამუშავება წიგნს ხომ უზომოდ გაადიდებდა, მკითხველსაც უმიზეზოდ შეაწუხებდა.
ამ თხზულების გამოსაცემად საჭირო თანხა ბ. ვასილ დუმბაძემ სამაგალითო და უანგარო ხალისით შემოსწირა; ავტორი მას აქაც ღრმა მადლობას უძღვნის.