მე
კავკასია ეთნოსთა მრავალფეროვნებით მდიდარია. არავინ იცის რამდენ ტომს, ტომთა გაერთიანებას უცხოვრია მის არეალში, რამდენი რამაა დავიწეყბული. ვინც ისტორიულ ჟამთა ცვლილებას გაუძლო, მათი წარსულიც ბევრ საიდუმლოს ინახავს. ბევრსაც ადამაინები აბუნდოვნებენ.
ერთი ცხადია, ძველ დროში, ეთნოსის განსახლების გეოგრაფიულ არეალს, ხშირად გადამწვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
კავკასიელ ეთნოსთა შორის, გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობა აფხაზებს ხვდათ წილად. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს და კავკასიონის დასავლეთი ნაწილის ფლობა მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევდა. ძველ პელაზგიურ-ბერძნულ ცივილიზაციასთან სიახლოვე, და აღმოსავლეთიდან წამოსული ტომთა გაერთიანებებისაგან შედარებით დაცულობა, მათ განვითარების უკეთეს პირობებს უქმნიდა.
აფხაზთა წინაპრები დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ცივილიზაციებს შორის. სავაჭრო-ეკონომიკურ და სულიერ-კულტურულ შეხვედრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. ამიტომაცაა შემორჩენილი ცნობები დიოსკურიაში (ახლა სოხუმში) 70 ტომის წარმომადგენელთა თავმოყრის შესახებ. დიოსკურიასთან ერთად პიტიუნტი (ახლა ბიჭვინთა, პიცუნდა) წარმოადგენდა საზღვაო-სავაჭრო ცენტრს. ამიტომაც ცდილობდნენ ძველი ბერძნები ამ მხარეში ფეხის მოკიდებას და სავაჭრო-სახელოსნო ცენტრების შექმნას.
აფხაზების წინაპრები, ურთიერთობდნენ რა ცივილიზაციის ცენტრებთან, უეჭველად ბევრ მატერიალურ თუ სულიერ სიმდიდრეს ეცნობოდნენ, იძენდნენ და გასცემდნენ. ურთიერთობანი უპირველესად მეზობლებიდან იწყებოდა და ფართოვდებოდა შეძლების ფარგლებში.
ვინ მოთვლის რამდენი, რომელი მხარის და რომელი ეთნოსის წარმომადგენელი მოხვედრილა აფხაზთა შორის. ერთი რამ შეიძლება ითქვას დანამდვილებით. ვინც იხილავდა ამ ღვთითკურთხეულ მხარეს, მის სიმშვენიერეს, ისევე, როგორც აფხაზთა სტუმარ-მასპინძლობის ფილოსოფიას ვერ დაივიწყებდა.
ვინც დიდხანს დარჩებოდა, ვინც შრომის ფერხულში ჩაებმებოდა, ვინც აფხაზთა სულში ჩაწვდომას შეძლებდა, ის უეჭველად დაავადებოდა აფხაზეთისა და აფხაზის სიყვარულით.
ავტორი იმათგანია, ვისაც განგებამ მისცა საშუალება მშობლიურ მხარედ შეეცნო აფხაზეთი, შეესწავლა მისი განვითარების თავისებურებანი და რაც მთავარია გაეგო რიგით მშრომლთა ავ-კარგი. როცა ადამიანი ახლოს გაეცნობა დადებით და უარყოფით შედეგებს, ანალიზი და სინთეზიც უნდა შეიძლოს.
ბრძნული ნათქვამია: სხვისი ცოდნა მაშინ გახდება შენი, როცა მას კრიტიკულად შეაფასებ და ისე მიხვალ ჭეშმარიტებამდე. მთავარია არ დაკარგო რეალობის გრძნობა და სიმართლეს არ უღალატო.
ზომა – ფილოსოფიური კატეგორიაა. ვინც ზომას გადაუხვია, XX ს. ბოლოს და XXI ს. დასაწყისში, გონება დაბინდულმა ისეთი რამ თქვა – რაც არ ეკადრებოდა, ისეთი რამ ჩაიდინა – ცოდვებს რომ ვერ გამოისყიდის.
უამრავი რამ დაიწერა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე. უაღრესად შეიცვალა საშინაო და საგარეო მდგომარეობა, ყოველივეს გაცნობიერება და ანალიზი საკმაო დროის ამბავია.
დღევანდელი რეალობაა: აფხაზი, რუსს ამოფარებული, ქართველს არა ცნობს, მასთან ურთიერთობა არ სურს, სრული გაუცხოების გზით მიდის, ქართველი აფხაზს ძმას ეძახის, მაგრამ ახლოს ვერ ეკარება.
რას და რატომ ვერ პატიობენ ერთი-მეორეს?