თავი I -
ნათლობა იტალიის პატარა ქალაქ ვინჩში, წმინდა ლუჩიას სახელობის ეკლესიის შესასვლელთან, დილიდანვე იგრძნობოდა განსაკუთრებული ფუსფუსი - ცნობილი ნოტარიუსების ოჯახი, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად, მოთმინებით ელოდებოდა მემკვიდრის, ორი თვის ლეონარდოს ნათლობის ცერემონიალის დაწყებას. მყუდროებას მხოლოდ ჩვილის გაბმული ტირილი არღვევდა, რომლის დაწყნარებასაც ხან ბებია ლუჩია, ხანაც ბაბუა ანტონიო, უკვე რამდენი ხანია, უშედეგოდ ცდილობდნენ.
- დედამისი ენატრება, ალბათ... - თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა პიერომ და გარშემო მყოფთ შიშით მოავლო თვალი, ჩემს ნათქვამს ვინმემ ყური ხომ არ მოჰკრაო. როდესაც დარწმუნდა, რომ მისი სიტყვები ვერავინ გაიგონა, ანტონიოს ბავშვი გამოართვა და ნაზად მოუსვა ხელი სიცხისა და ტირილისგან ავარდისფრებულ ლოყებზე.
- მე საერთოდ არ მგავს... კატერინას ჰგავს... - კიდევ უფრო ჩუმად ჩაილაპარაკა პიერომ და ისევ იკბინა ენაზე. შეატყო, რომ საკუთარ ფიქრებზე თავადვე ბრაზდებოდა - დღეს უკვე მეორედ ახსენა ის „მდაბიო“ ქალი...
დილის წირვა უკვე მთავრდებოდა, როდესაც მამა ვიტორიომ ტაძრის შესასვლელთან შეკრებილებს ანიშნა, - დარბაზში შემოდითო. ბებია ლუჩიას იმედი ჰქონდა, რომ მისი შვილიშვილი ეკლესიაში შესვლისთანავე ტირილს შეწყვეტდა, თუმცა ბავშვი მხოლოდ ხუთწუთიანი ინტერვალით ჩუმდებოდა, თითქოს ძალას იკრებსო და ისევ მონდომებით განაგრძობდა ტირილს.
ნათლობის ცერემონიალიც დაიწყო... თუმცა, ნოტარიუსების ოჯახის გარდა, ტაძარში შესვლას ტოსკანელისთვის უჩვეულო გარეგნობის, ქერა და მწვანეთვალება ახალგაზრდა ქალიც ცდილობდა, რომელსაც მისივე მეგობარი, მარია არ აძლევდა იქ შესვლის უფლებას.
- კატერინა, გაიხსენე, ბოლოს სახლიდან როგორ გამოგაგდეს, სად მიდიხარ, გინდა, ისევ შეურაცხყოფა მოგაყენონ?!
- ჩუმად, არ შეგვამჩნიონ, - მარიამ კატერინას მარცხენა ხელზე მაგრად მოქაჩა და კვლავ ტაძრის მარცხენა კედელთან მიიყვანა, საიდანაც შესასვლელთან შეკრებილ ნოტარიუსის ოჯახსა და ნათესავებს დილიდანვე შორიდან აკვირდებოდნენ.
- ჩემი შვილი ტირის, უკვე რამდენი ხანია ტირის, მე კი მასთან მისვლის უფლებას არ მაძლევენ. ღმერთო, რატომ არიან ასეთი ქედმაღლები... პიერო... ულმობელი პიერო... - ტირილისგან ძალაგამოცლილი ქალი მარიას მუხლებთან ჩაიკეცა.
- პიეროს ნუ ახსენებ, ის შენს მეუღლეობაზე უარს ამბობს, შვილიც წაგართვა! თავი ხელში აიყვანე, უნდა წავიდეთ! - მარია ისევ დაჟინებით ცდილობდა კატერინას დაწყნარებას, თან ეშინოდა, არავის შეემჩნია და ქალს წასვლას აძალებდა...
სხვათა შორის, ქალაქი ვინჩი, რომელიც ტოსკანის დედაქალაქად წოდებული ფლორენციიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა, ქედმაღალი და ამპარტავანი მცხოვრებლებით ოდითგანვე გამოირჩეოდა იტალიის სხვა ქალაქებისგან. ვინჩის მკვიდრნი იმასაც კი ამბობდნენ, ქალაქის სახელწოდება იტალიური სიტყვა „ვინცირესგან“ მოდის, რაც „გამარჯვებას“ ნიშნავსო, თუმცა, რეალურად, ქალაქის დასახელებაში არც არაფერი იყო სატრაბახო - „ვინცი“ ლათინური „ვინცოს“ ვნებითი გვარის ინფინიტივია და სინამდვილეში „დამარცხებულს“ ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ სახელი ქალაქს ფლორენციელებმა 1361 წელს, ლუკაზე გამარჯვების შემდეგ დაარქვეს, როდესაც ამ უკანასკნელმა ფლორენციელებს ვინჩის ტერიტორიები დაუთმო. მეტიც, ფლორენციელი მღვდელი, მამა ვიტორიო, ხშირად ამბობდა, რომ ვინჩის მოსახლეობა შემწყნარებლობით არ გამოირჩეოდა, განსაკუთრებით მდაბიოთა მიმართ...
ნათლობის ცერემონიალის დასრულებისთანავე პიერო, ჩვილთან ერთად, ტაძრიდან პირველი გამოვიდა. პატარას უკვე ჩასძინებოდა და თითქოს მამაც მშვიდად უნდა ყოფილიყო, მაგრამ შინაგანად მაინც ვერ ისვენებდა.
- ჩუმად იყავი, მოდიან... - პირზე ხელი ააფარა მარიამ კატერინას.
სანამ პიერო ტაძრის ზღურბლს გადმოკვეთდა, რამდენიმე წამით რკინის კართან შეჩერდა, შემდეგ თითქოს ვიღაცას ეძებდა, დიდი, ყავისფერი თვალებით ეზო გულდასმით მოათვალიერა. როდესაც დარწმუნდა, რომ იქ მისთვის „საინტერესო“ არავინ იყო, ნელი ნაბიჯებით გაუყვა ტაძრიდან სახლისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს. პიეროს მშობლები - ლუჩია და ანტონიო - ასევე ნათესავები და ახლობლებიც გაჰყვნენ.
1452 წლის ივნისის ამ ცხელ დღეს, წმინდა ლუჩიას სახელობის ტაძარში, მდიდარი ნოტარიუსისა და მიწათმფლობელის, პიეროსა და უბრალო ქალის, კატერინას უკანონო შვილი, ლეონარდო და ვინჩი მოინათლა...