თავი 1 - იდუმალი ალექსანდრე
357 წელს, იმ დღეს, როდესაც ავადსახსენებელმა ჰეროსტრატემ ძველი სამყაროს უბრწყინვალესი ნაგებობა და მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - არტემიდეს ტაძარი, - ცეცხლს მისცა, მაკედონიის დედაქალაქ პელაში ალექსანდრე დაიბადა...
ამ დამთხვევამ ზოგს ისიც კი აფიქრებინა, ტაძარი იმისთვის დაიწვა, ეს დიდი დანაკლისი დიდი ადამიანის შობით რომ შევსებულიყოო. იმასაც ირწმუნებოდნენ, არტემიდეს იმ დღეს თავისი ტაძრისთვის არ ეცალა, რადგან დიდი ალექსანდრეს დაბადებას ესწრებოდა და თავადვე ბებიაქალობდაო...
იმ დღეს ფილიპეს სამი გამარჯვების ამბავი ახარეს: პოტიდეის აღების, ილირიელთა განადგურებისა და საოლიმპიადო დოღზე თავისი ცხენების გამარჯვებისა...
ამ დამთხვევამ ქურუმები იმ დასკვნამდე მიიყვანა, სამმაგი ძლევის დღეს შობილი მემკვიდრე მხოლოდ გამარჯვებებისათვისაა განწირულიო, რაც მოახსენეს კიდეც, როგორც მისი თანამედროვენი იუწყებოდნენ, ამდენი სასიხარულო ამბით გაბრუებულ ფილიპეს...
ასე იშვა ადამიანი-ტიტანი, „მოკვდავი ღმერთთაგანი“ თუ „ნახევრადღმერთი“, რომელსაც ისტორიამ უწოდა „დიდი“...
მაგრამ, სანამ მის ცხოვრებაზე მოგითხრობდეთ, ჯერ მაკედონიაზე ვისაუბროთ...