7 მაისს დილა მზიანი გათენდა, მაგრამ შუადღისას ცა აიჭრა და წვიმა წამოვიდა, ლამაზი წვიმა, ისეთი, როგორიც მხოლოდ მაისში იცის, წვიმდა და შიგა და შიგ მზეც ანათებდა. ორშაბათი დღე იყო. ზურამ საათს დახედა, პირველი სრულდებოდა. სასწრაფოდ დაეთხოვა თავისი კომპანიის ხელმძღვანელს, სირბილით მივიდა მანქანამდე, ჩაჯდა და 53-ე სკოლისკენ აიღო გეზი. სკოლასთან როცა მივიდა, ორის ნახევარი იყო. ზუსტად არ იცოდა როდის მთავრდებოდა გაკვეთილები, მანქანა შეძლებისამებრ სკოლის გამოსასვლელთან ახლოს გააჩერა და ლოდინი დაიწყო.
ნახევარი საათის შემდეგ მოსწავლეებმა გამოსვლა დაიწყეს. წვიმის გამო, ყველა სირბილით ეცლებოდა იქაურობას. ზურა მანქანიდან გადმოვიდა და სკოლის კარებთან ახლოს, ხის ძირში გაჩერდა. აი, ანაც გამოჩნდა, მას გვერდით ერთი ბიჭი მოჰყვებოდა. ანას არსად გაუხედავს, თავი ჩაღუნა და ისიც სირბილით აპირებდა სახლისაკენ წასვლას, რომ ზურამ გზა გადაუჭრა და გოგო მის მკლავებში აღმოჩნდა.
ქალიშვილი წამიერად შეკრთა, დაიბნა, მერე, სიხარული აღებეჭდა სახეზე.
- აქ რატომ ხართ? - გაკვირვება გამოხატა გოგონას ხმამ.
- წვიმს! - მრავამნიშვნელოვნად თქვა ვაჟმა, სირბილით მიიყვანა ანიკო მანქანასთან, დასვა, თავადაც სწრაფად დაჯდა და გაუღიმა, - ჩვენ ხომ წვიმაში ვხვდებით ერთმანეთს! მინდა სახლში მიგაცილო, რომ არ დასველდე. თუ შინ მისვლა არ გეჩქარება და ამის გამო რაიმე პრობლემა არ გექნება, სხვაგან წავიდეთ სადმე. მე მიყვარს წვიმაში მანქანით სეირნობა.
- მე უმანქანოდაც ძალიან მიყვარს წვიმაში სიარული... ყველანაირ წვიმაში და მით უმეტესს ასეთში, - ისე თქვა გოგომ, ზურასთვის თვალი არ მოუშორებია.
- ასეთში? მაინც რამდენნაირი წვიმა არსებობს, იქნებ გამიმხილო, - გაიცინა ბიჭმა.
- დღეს მხიარული წვიმაა, მზეც იცქირება და წვეთები ოქროსფრად ბრჭყვინავენ, - სერიოზულად დაიწყო წვიმის დახასიათება ანამ, - ჩვენ რომ შევხვდით, მაშინ სევდიანი წვიმა იყო, ერთიანად მოღრუბლული ცა, გაჭიანურებული, ერთნაირი ინტენსივობის წყნარი წვიმა. ასეთი ამინდი ყოველთვის სევდას ჰგვრის ადამიანს. არსებობს კიდევ გაბრაზებული და გიჟი წვიმები. გაბრაზებულია, როცა საშინლად მოიქუშება, ქუხილია და ძლიერ წვიმს. გიჟი წვიმის დროს ძლიერი ქარი უბერავს, წვიმა კი, ხან გაძლიერდება და ხან იკლებს.
ზურა ღიმილით შესცქეროდა გოგონას.
- შენ გინდა დამარწმუნო, რომ გიჟი წვიმაც გიყვარს?
- ჰო, მიყვარს, მაგრამ არა ისე, როგორც სევდიანი და მხიარული...
- გასაგებია, ჩემო კარგო, ახლა ჩემს წინადადებაზე მიპასუხე, წვიმაზე შეყვარებულო ქალიშვილო, გაქვს დრო, რომ სადმე გავისეირნოთ?
- ცოტა დრო მაქვს, დაახლოებით ერთი საათი, შეიძლება ოდნავ მეტი, მხოლოდ ბებიას დავურეკავ, - ვაჟის გვერდით ყოფნა სურდა გოგოს.
ზურამ მანქანა დაძრა ადგილიდან და ქალაქის ცენტრისკენ წავიდა.
- მინდა სადილზე დაგპატიჟო. ახლა შესვენების დროა და ძალიან მშია. დარწმუნებული ვარ, შენც მშიერი იქნები. მახსოვს სკოლიდან დაბრუნებულს, როგორი მადა მქონდა ხოლმე.
- მაშინ ხაჭაპური ვჭამოთ, არ მინდა ფული დაგახარჯვინო.
- ჩემო მომჭირნე გოგო, მე მაქვს იმხელა ხელფასი, რომ პატარა გოგონას გამასპინძლება შევძლო. შენ ხომ გინდოდა ლელას სასტუმროს ნახვა, ჰოდა, იქ წავიდეთ.
მანქანა ლამაზი, შვიდსართულიანი, თეთრსვეტებიანი შენობის წინ გაჩერდა. შენობის ფასადს ქალის პროფილის სილუეტი ამშვენებდა, ფოიეში კი მთელ კედელზე, ცისფერ კაბაში გამოწყობილი ლელა იყო გამოსახული, რომელსაც ორქიდეების თაიგული ჰქონდა მკერდზე მიხუტებული.
ანა დიდი ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
- ძალიან ლამაზია ნახატიც და ლელაც, - ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
- შენც ძალიან ლამაზი ხარ და ხატვა რომ ვიცოდე, ამაზე ლამაზად დაგხატავდი, - მზრუნველი თვალებით შეათვალიერა ვაჟმა დანაღვლიანებული გოგო. იმ დღეს, როცა ლელამ ეს თაიგული მიიღო, ჩვენ ყველა მასთან ვიყავით დაბადების დღეზე. მაშინ არავინ იცოდა გოგა ცუცქირიძის არსებობა, თავად ლელას გარდა. გოგა კი უკვე შეყვარებული ყოფილა მასზე, ორქიდეებს უგზავნიდა და გონებაში ჩაბეჭდილი, თავის ნაჩუქარ ყვავილებთან ჩახუტებული ქალიშვილი დახატა მისთვის მიძღვნილ სასტუმროში. საწყალი, ისე უიმედოთ იყო შეყვარებული, გახსნასაც არ დასწრებია, ერიდებოდა ლელასთან შეხვედრას. მაგრამ ახლა აღარ გვინდა ლელაზე საუბარი, ჯობია ვისადილოდ, - ზურამ მეშვიდე სართულზე მდებარე, შედარებით პატარა რესტორანში შეიყვანა ანა და მენიუ გადაათვალიერა.
- სოკოს სალათი, კეცებში შემწვარი მწყერი, ჩიხირთმა, იმერული ხაჭაპური და ბოლოს ყავა და ნამცხვარი, - ჩამოუთვალა ლამაზად ჩაცმულ, სიმპათიურ მიმტან ბიჭს და ანას შეხედა, - შენ თუ თანახმა არ ხარ, მაშინ თქვი რაც გინდა.
- მე არაფერი არ მინდა, მხოლოდ ყავას დავლევ, - უხასიათობა შეემჩნა ქალიშვილს.
- უკვე შევუკვეთე და ამას აღარაფერი ეშველება. ვალდებული ხარ შეჭამო, - ვითომ გაუბრაზდა ზურა, - სხვათაშორის ძალიან გამხდარი ხარ, თან ამდენი სამეცადინო გაქვს, ამიტომ კარგად უნდა იკვებო, რომ ენერგია გქონდეს. აქ ძალიან გემრიელ ქართულ კერძებს ამზადებენ, მხოლოდ ქართულს და არაფერს სხვა ქვეყნებისას. ნახე, მოგეწონება.
ანიკო სევდიან ფიქრებში ჩაეფლო.
- არა, ზურა ვერასოდეს დაივიწყებს ლელას, აქაც მისი სიყვარულით მოდის, აქ მოსვლა მისთვის მასთან შეხვედრაა... ეს ისეთივეა მისთვის, როგორც ჩემთვის შეხვედრა წვიმასთან... - ფიქრობდა საბრალო და ტირილი უნდოდა.
- ანიკო, რატომ მოიწყინე? მეჩვენება, რომ სადღაც სხვაგან ხარ. - დაკვირვებით შესცქეროდა ვაჟი.
- აქ ხშირად დადიხართ? - მორიდებით იკითხა უცებ გოგომ.
- არა, მხოლოდ უცხოელები დამყავს ხოლმე, ისიც მაშინ, როცა მინდა თავი მოვაწონო ქართული სამზარეულოთი. რატომ მეკითხები? არ მოგწონს აქ ყოფნა?
- პირიქით, ძალიან მომწონს... რა ბედნიერია, ლელა, რომ ასეთი საჩუქარი გაუკეთეს.
- ჰო, ლელა მართლაც ბედნიერია. გოგოებმა არ გითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ ბიჭიც შეეძინა. მე ძალიან მახარებს მისი ბედნიერება.
- ჰო, მითხრეს... მერე, არ მიულოცეთ?
- მივულოცე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტელეფონით. ჯერ საავადმყოფოდანაც არ გამოსულა. მამამისი დიდი წვეულების გამართვას აპირებს, სადაც აუცილებლად შენთან ერთად წავალ და პირადად მაშინ მივულოცავ. თათიამ და თეონამ ინახულეს, თქვეს ძალიან ლამაზი ბავშვი ჰყავს, კოპიო მამააო. კი, მაგრამ, მე და შენ, სხვა სალაპარაკო თემა ვერ უნდა მოვძებნოთ, რომ მხოლოდ ლელაზე არ ვილაპარაკოთ? - თვალებში შეაცქერდა ზურა ქალიშვილს.
- მაპატიეთ, ჩემდა უნებურად ტკივილი მოგაყენეთ. - თავი ჩაღუნა ანამ და თვალები აუწყლიანდა.
- არ ვიცი, დამიჯერებ, თუ არა, მაგრამ მაინც გეტყვი. ლელას გახსენებისას ტკივილი და განცდა აღარ მაქვს. ეს შეუმჩნევლად მოხდა, რაც ძალიან მახარებს. ამჟამად, შენზე ბევრად მეტს ვფიქრობ და ვდარდობ, ვიდრე მასზე. და კიდევ, ნუღარ მელაპარაკები თქვენობით, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ! - ვაჟმა ნიკაპზე ხელი მოჰკიდა გოგოს, თავი აუწია და სატირლად მომზადებული სახე შეათვალიერა.
მაგიდას მიმტანი მიუახლოვდა და შეკვეთილი საჭმელი სუფრაზე დაალაგა.
- ძალიან გთხოვ, გამხიარულდი და შეჭამე რამე, - უთხრა ქალიშვილს მიმტანის წასვლისთანავე ვაჟმა.
ანას არაფრის შეჭმა არ შეეძლო. სოკოს საერთოდ არ ჭამდა, არც მწყერი უნდოდა... ნაკლებად იზიდავდა ხორციანი კერძები. ზურას ხათრით, ხაჭაპურის ჭამა დაიწყო.
ზურასთვის გასაგები გახდა, ქალიშვილის უხასიათობის მიზეზი. ანა ეჭვიანობდა. და ეს ეჭვი ისე ღრმად ჰქონდა საბრალოს გამჯდარი, რომ ვერ ერეოდა. ძალიან გაუძნელდებოდა მისი დარწმუნება სიყვარულში! არა, და, უკვე უჭირდა მისი არგამჟღავნება, ყოველ წუთს სურდა გოგოს მოფერება, კოცნა. აი, ახლაც, ისეთი თვალებით შესცქეროდა, მთელ სხეულზე ცეცხლი წაეკიდა.
- ანა, ჭამე, თორემ მეც აღარ შევჭამ, მოვკვდები მშიერი და დამნაშავე შენ იქნები, - იხუმრა ბიჭმა, თავისი თეფშიდან სავსე კოვზი ჩიხირთმა ამოიღო, ტუჩებთან მიუტანა, - აი, ჩემი ხათრით, გასინჯე მაინც.
გოგონა იძულებული იყო გადაეყლაპა, მაგრამ ზურა არ გაჩერდა, ახალი კოვზი მიუტანა პირთან და ისიც გადააყლაპა. ასე ძალით შეახვრიპა რამდენიმე კოვზი, უცებ შეჩერდა და ანას მიაშტერდა. ქალიშვილს ქვედა ტუჩზე მწვანილის პატარა ნამცეცი დარჩა. ვაჟი გადაირია, ისე მოუნდა მის ტუჩებზე შეხება და საკუთარი ენით მწვანილის მოცილება. ისეთი დაუძლეველი იყო ეს სურვილი, რომ ბიჭი სკამიდან წამოვარდა, გადაიხარა, მის ტუჩებს მიუახლოვდა თავისი ტუჩებით და ის იყო უნდა შეხებოდა, გონს მოვიდა, ხელსახოცი აიღო, ნაზად გადაუსვა ტუჩებზე და დაჯდა.
- მწვანილი გქონდა ტუჩზე, - თქვა და საკუთარი ხმა ვერ იცნო.
გოგო დააბნია მისმა ქცევამ და გააოგნა.
მიმტანის მისვლამ ორივე გამოიყვანა უხერხული მდგომარეობიდან. მიმტანმა მაგიდაზე დიდი ყუთი შოკოლადი და ორქიდეების პატარა თაიგული დადო.
- ეს ამიკო ინაშვილმა გამოუგზავნა მშვენიერ ნორჩ სტუმარს. ფოიეში დაგინახათ. ის და მისი ძმა პირველი სართულის დიდ დარბაზში სადილობენ. ცოცხალი ორქიდეები ჩვენი სასტუმროს სავიზიტო ბარათი გახდა და მუდამ იყიდება მისაღებში - თქვა ბიჭმა და გაბრუნდა, მაგრამ მაშინვე უკან მოვიდა, - დესარტად მარწყვი გვაქვს, როგორ მოგართვათ, არაჟნით, თუ ისე?
ზურამ ანას შეხედა.
- მე არ მინდა არაჟნიანი, - ჩაილაპარაკა ქალიშვილმა.
მიმტანი წავიდა, ახალგაზრდები ჩუმად შესცქეროდნენ ერთმანეთს.
ანამ ვერ გაუძლო ვაჟის მზერას და მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ეკეთებინა, ჩიხირთმის ჭამა დაიწყო.
შემდეგ ცოტა მარწყვი მიირთვეს ახალგაზრდებმა, ყავა დალიეს, ნამცხვარიც დააგემოვნეს, თუმცა ანამ სულ ორი ლუკმა შეჭამა და წამოვიდნენ.
- ძალიან ვწუხვარ, რომ შეგაწუხეთ და ფული დაგახარჯვინეთ, თან ჩემი უხასიათობით თქვენც ხასიათი და მადა გაგიფუჭეთ, - ჩაილაპარაკა ანამ მანქანაში ჩაჯდომისას.
- ეჰ, ჩემო კარგო, ნეტავ იცოდე, რამ გამიფუჭა ხასიათი... მაგრამ... გავა დრო და გაიგებ... - მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა ბიჭმა.
გარეთ ისევ წვიმდა, მზეც ანათებდა და თბილისის ცაზე ვეებერთელა ცისარტყელა გადაჭიმულიყო.
- იცი, რომ ცისარტყელა ბედნიერების მანიშნებელია? - შეეკითხა ბიჭი.
- გამიგონია, ვინც მის ქვეშ გაივლის, ის ეწევა ბედნიერებასო, მაგრამ მის ქვეშ გავლა შეუძლებელია, - დანანებით თქვა გოგომ.
- ახლა, შენ სახლში გაგვიანდება და დრო არ გვაქვს, მაგრამ სხვა დროს, როცა თავისუფალი იქნები, მე გაგატარებ ცისარტყელის ქვეშ, ამას გპირდები...
ახალგაზრდები მეგობრულად დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ანამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ზურას დღევანდელი დღისთვის.