იტვირთება...

პრემია "საბას" წესდება

1. კონკურის მისია

1.1 ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის განვითარებას, ლიტერატურაში ახალი სახეებისა და ლიტერატურული კერების აღმოჩენას. პრემია „საბას“ სჯერა, რომ ლიტერატურას არ აქვს საზღვრები, ის აერთიანებს ადამიანებს, საზოგადოებებსა და ქვეყნებს.

2. კონკურსის  მიზანი

2.1 პრემია „საბას“ მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესის შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა კონკურსის მეშვეობით. 

3. კონკურსის წესები

3.1 პრემია გაიცემა ტექსტის ლიტერატურული ღირებულებისთვის;

3.2 პრემია გაიცემა ყოველწლიურად;

3.3 კონკურსზე განიხილება გასულ წელს წიგნად (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მხოლოდ saba.com.ge-ზე) გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე, ლიტერატურული კრიტიკის (მათ შორის ელექტრონული ფორმით saba.com.ge-ზე გამოქვეყნებული), ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის კრებულები;

3.4 კონკურსი ცხადდება იანვარში და განაცხადების მიღება იწყება გამოცხადებისთანავე. განაცხადის ფორმა და წიგნის წარდგენის პირობები ქვეყნდება saba.com.ge-ზე. ის ელექტრონულად უნდა შეავსოს ავტორმა ან წიგნის გამომცემელმა.

3.5 დაუშვებელია საკონკურსო განაცხადების მიღება შპს „საბას“ თანამშრომელთა,  „საბას“ საკონსულტაციო საბჭოს წევრთა,  „საბას“ მიმდინარე წლის ჟიურის და ჟიურის ოჯახის წევრების ნაწარმოებებზე.

3.6 კონკურსი გრძელდება რვა თვის განმავლობაში. პირველ  მარტამდე ცხადდება კონკურსზე წარდგენილი წიგნების სრული სია, ივლისში ცხადდება ფინალისტთა მოკლე სია, ხოლო გამარჯვებული წიგნები ცნობილი ხდება დაჯილდოების ღონისძიებაზე, რომელიც ტარდება სექტემბერში  

3.7 აპლიკანტი შპს „საბას“, საჭიროების შემთხვევაში, ანიჭებს  ინდივიდუალური მონაწილის ფოტო-ვიდეოგადაღების, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის გამოყენების, პერსონალური ინფორმაციის  სხვადასხვა საშუალებებით გავრცელების (ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი, ვებ.გვერდი, ლიფლეტი, ბუკლეტი და ა.შ) უფლებამოსილებას.

3.8 აპლიკანტი შპს „საბას“  ანიჭებს უფლებამოსილებას მის მიერ აპლიკაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია მიაწოდოს ჟიურის წევრებს შესაფასებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად.

4.ნომინაციები

4.1 ლიტერატურული პრემია ”საბა” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
  • წლის საუკეთესო რომანი;
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
  • წლის საუკეთესო პიესა;
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი;
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა;
  • წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა;
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი;
  • ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი;
  • პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

4.2 ჟიურის წევრებსა და კონკურსის ორგანიზატორებს აქვთ უფლება, თუ საჭიროდ ჩათვლიან, თავიანთი შეხედულებისამებრ, წარმოდგენილი წიგნები გადაანაცვლონ ნომინაციებში.
4.3 ყოველ წელს შეიძლება დაემატოს ახალი ნომინაცია, გამოაკლდეს ან ჩანაცვლდეს არსებული ნომინაცია, რაც წინასწარ გამოცხადდება საბას ვებგვერდზე.
​4.4 შესაძლებელია ჟიურის გადაწყვეტილებით პრემია არ გაიცეს ერთ ან რამდენიმე ნომინაციაში.

4.5 კონკურსზე წარმოდგენილი პროზაული ან პოეტური კრებულების შემთხვევაში, დასაშვებია რომ ტექსტების მაქსიმუმ 30% გამოცემული იყოს ამავე ავტორის წინა კრებულებშიც, ხოლო მთლიანი ტექსტების 70% უნდა იყოს ახალი და პირველად გამოცემული წიგნის სახით.

5. პრიზი

5.1 გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ „საბას“ ლაურეატთა სპეციალური პრიზი.  პრიზთან ერთად, ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი პრემიები.

5.2 პრემიის მოცულობა შეადგენს ხელზე ასაღებ 6 000 ლარს, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ ნომინაციაში პრემია შეადგენს ხელზე ასაღებ 10 000 ლარს.

6. ჟიურის შერჩევის და მუშაობის წესები

6.1 ჟიური ხუთი წევრისგან შედგება და მას ირჩევს „საბას“ საკონსულტაციო საბჭო ფარული კენჭისყრის პრინციპით.  ჟიურიში შედიან  სრულწლოვანი, ლიტერატურის სფეროში აქტიურად მოღვაწე მწერლები და ლიტერატორები, ჟიურის წევრი, ასევე,  შესაძლებელია იყოს არა მწერალი და ლიტერატორი, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, თუ არსებობს ამის საჭიროება ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისთვის და ამას გადაწყვეტს „საბას“ საკონსულტაციო საბჭო.

6.2 ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე.  

6.3 გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ფარული კენჭისყრით, მინიმუმ სამი ხმის მიღების შედეგად.

6.4 ჟიურის შემადგენლობის მინიმუმ ორი მესამედი იცვლება ყოველწლიურად.

6.5 დაუშვებელია ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანის ყოფნა ჟიურის შემადგენლობაში.

6.6 ჟიურის წევრი არ შეიძლება იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნის გამომცემელი, შპს „საბას“ თანამშრომელი ან „“საბას“ საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

6.7 ჟიურის შემადგენლობა მკაცრად კონფიდენციალურია კონკურსის მსვლელობისას. მათი ვინაობა ცნობილი ხდება დაჯილდოების ცერემონიაზე. ჟიურის ვინაობა ცნობილია მხოლოდ შპს „საბას“ დირექტორ(ებ)ისა და ჟიურის მოდერატორისთვის.

6.8 მიუხედავად იმისა, რომ „საბას“ საკონსულტაციო საბჭოს წევრები ირჩევენ ჟიურის ფარული კენჭისყრით, ჟიურის საბოლოო შემადგენლობა მათთვის არ არის ცნობილი. საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, კონფიდენციალურად შეინახოს ინფორმაცია ჟიურის შერჩევის პროცესზე და არ გათქვას როგორც ჟიურის შესარჩევი კანდიდატების სია, ასევე ის კანდიდატები, ვისაც თავად მისცა ჟიურის შერჩევისას ხმა.

6.9 ჟიურის წევრთა შორის, შეძლებისდაგვარად,  დაცულია გენდერული ბალანსი. არ შეიძლება, ჟიურის შემადგენლობაში იყოს ერთი სქესის სამზე მეტი წარმომადგენელი.

6.10 ჟიურის შემადგენლობაში, ასევე, დაცულია ჟანრობრივი ბალანსი-ჟიურის წევრებში ერთდროულად შეიძლება იყოს ერთი და იმავე ლიტერატურული დარგის მაქსიმუმ ორი წარმომადგენელი.

6.11 დაჯილდოებამდე დაუშვებელია ჟიურის წევრების ჩანაცვლება. იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის პროცესში ჟიურის წევრმა, ამა თუ იმ მიზეზით, დატოვა ჟიურის შემადგენლობა, მისი ჩანაცვლება აღარ ხდება.

6.12 ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

7. ჟიურის წევრის მოვალეობები

7.1 ჟიურის წევრი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია ჟიურის მუშაობის შესახებ;

7.2 კონკურსზე წარმოდგენილი ყველა ავტორი და ტექსტი განიხილოს თანაბრად და ობიექტურად;

7.3 დაესწროს ყველა სხდომას, რომელიც ტარდება კვირაში ერთხელ;

7.4 წაიკითხოს კონკურსზე წარდგენილი ყველა ტექსტი და გამოხატოს აღნიშნულზე თავისი  მოსაზრება;

7.5 ხელმეორედ გაეცნოს მოკლე სიაში მოხვედრილ ტექსტებს;

7.6 ჟიურის სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები ღიად გამოხატოს;

7.7 აცნობოს მოდერატორს, თუ წიგნი არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს მისი კონკურსიდან მოხსნის მიზნით.

8. კონკურსის ორგანიზატორის მოვალეობები

8.1 კონკურსის ორგანიზატორის (ჟიურის მოდერატორი და შპს „საბას“დირექტორი) მოვალეობებია:

    8.1.1კონკურსზე შემოტანილი წიგნების ჟიურისთვის გადაცემის უზრუნველყოფა;
    8.1.2 ჟიურის მუშაობისა და ვადების კონტროლი;
    8.1.3 ჟიურის სხდომების მოდერაცია;
    8.1.4 კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა;
 
8.2 ჟიურის მოდერატორია მწერალი, რატი ამაღლობელი და შპს „საბას“ დირექტორი, ირინე ჯავახაძე.