იტვირთება...

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ 2018 დაიწყო06.02.2018

თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge.

2018 წელი პრემია „საბასთვის“ განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 12 ოქტომბერს გერმანიაში, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში "Kaisersaal"  გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება ქართველ საზოგადოებას პირდაპირი სატელევიზიო და ონლაინ ეთერით შეეძლება.

სწორედ ფრანკფურტში გამოვლინდებიან  2017 წლის საუკეთესო ავტორები და წიგნები, რომელთა წარდგენა კონკურსზე დღეიდან იწყება. განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

ფორმატის ცვლილებისა და დაჯილდოების ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.

კერძოდ, 2018 წელს „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პროზაული კრებული
  3. საუკეთესო პოეტური კრებული
  4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ქართული თარგმანი
  7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
  8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა
  9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა
  10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

2018 წელს საკონკურსო ნომინაციებს შორის არ მოხვდა „საუკეთესო პიესა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. თუმცა, ამ 2 ნომინაციაში წარსადგენი წიგნები (ანუ, 2017 წელს გამოცემული პიესები და ლიტერატურული კრიტიკა)  განიხილება  2019 წლის კონკურსზე, 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკასთან ერთად.

ნომინაციაში „ელექტრონული წიგნი“  წელს პრემია ცალკე აღარ გაიცემა, თუმცა ყველა ელექტრონულ წიგნს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, შესაბამის ნომინაციაში, ბეჭდურ წიგნებთან ერთად.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. 12 ოქტომბერს კი ფრანკფურტში დაგეგმილ ცერემონიაზე გამოცხადდებიან კონკურსის გამარჯვებულები. 

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.



„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ უკვე ქუთაისში19.10.2017

„საბას“ უფასო ბიბლიოთეკები ქუთაისშიც გაიხსნა. თბილისის შემდეგ, ქუთაისი მეორე ქალაქია, სადაც პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ განხორციელდა. ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს შესაძლებლობას აძლევს, 150-მდე ელექტრონული წიგნი მიიღოს საჩუქრად.

ქუთაისში, მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ზონებში - პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია მრავალფეროვანი ელექტრონული ბიბლიოთეკები. ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დატანილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, სმარტფონში ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader და, მასში არსებულ QR ღილაკზე დაჭერით, დაასკანეროთ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დატანილი QR კოდი. სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქუთაისში პრეზიდენტის ფონდისა და ქ. ქუთაისის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.

"საბას" უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები მალე ბათუმშიც გაიხსნება.



პრემია „საბას“ 2017 წლის ფინალისტები ცნობილია!12.07.2017

ლიტერატურული კონკურსის "საბა" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. 300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა.

ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. სწორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლევანდელი გამარჯვებულები სექტემბერში, “საბას” რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოებაზე.

საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს პრემია „საბას“დამფუძნებელი, თიბისი ბანკი გადასცემს.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ-ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის (ამ შემთხვევაში, 2016 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა.

პრემია „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა. თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციის „საუკეთესო დებიუტი“, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩაერთვებიან გამარჯვებულის არჩევაში და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ. მკითხველებს თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემა უკვე ხვალიდან შეეძლებათ, 2 თვის განმავლობაში, „საბას“ ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე.

მნიშვნელოვანია, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, წელს „საბა“ კვლავ გაიცემა საუკეთესო პიესისათვის. როგორც ცნობილია, 2015 და 2016 წლების კონკურსზე, მაშინდელმა ჟიურიმ პიესის ნომინაციაში პრემია არ გასცა, რაც პიესების ხარისხით ახსნა. საბედნიეროდ, წელს პიესის ნომინაციაში ფინალისტები დასახელდა, საიდანაც საუკეთესო პიესა გამოვლინდება და „საბას“ პრემიით დაჯილდოვდება.

 

იხილეთ წლევანდელი ფინალისტების სია.



საბა 15 წლისაა!26.06.2017

 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემიის “საბა” დაფუძნებიდან 15 წელი გავიდა. 
ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია საქართველოში, ელექტრონული წიგნების წამყვანი ინოვაციური ვებპლატფორმა და სოციალურ-ლიტარატურული პროექტები:

 პირველი ქართული ინტერაქტიული წიგნები
 „შეხვედრის საბა-ბი“ - კითხვის ხელშეწყობა რეგიონებში 
 უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა თბილისის მეტროპოლიტენში
 "იკითხე მთაში" - საჩუქრად წიგნები ბაკურიანსა და გუდაურში
 ხმოვანი წიგნები უსინათლოთათვის
 "ქალაქი- ბიბლიოთეკა"

 

ასეთია 15 წლიანი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები, რომლის შემაჯამებელი ანგარიში "საბამ" საზოგადოებას 26 ივნისს, თიბისი გალერეაში წარუდგინა.

 

 ლიტერატურული პრემია “საბა” თიბისი ბანკმა 2003 წელს დააარსა. 15 წლის განმავლობაში, „საბამ“ 3 800 საკონკურსო წიგნი განიხილა და გასცა 127 პრემია, სულ 500 000 ლარის ოდენობით.

 2013-2016 წლებში „საბამ“, ჯამში, 500 000-ზე მეტი წიგნი გადასცა საჩუქრად 50 000 ადამიანს. 

 

 

 



პროექტი "ქალაქი-ბიბლიოთეკა"04.05.2017

4 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი, რომლის განხორციელებაც, „საბას“ ინიციატივით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო, წარმატებით შედგა -  უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია თბილისის 300-მდე ადგილზე განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან  უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.

პროექტი წარადგინეს „საბას“ დამფუძნებელმა რატი ამაღლობელმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.



პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ განხორციელება დაიწყო 23.02.2017

თბილისის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება დაიწყო. ორი თვის განმავლობაში, თბილისის 50 ქუჩაზე, ბაღებში, პარკებში, მეტროპოლიტენში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება, რაც ასობით ელექტრონულ წიგნს  ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის.

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად ახორციელებს. ეს არის სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს, ქალაქში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდებიდან, მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით, უფასოდ ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის ელექტრონულ მოწყობილობაში. ამისათვის საჭიროა, მკითხველი აპლიკაცია Saba Reader-ის მომხმარებელი იყოს.

სულ, თბილისის მასშტაბით, ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების განთავსება 300-მდე წერტილში იგეგმება. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.

ელექტრონული ბიბლიოთეკების მონტაჟი უკვე დაწყებულია და აპრილისთვის დასრულდება. პროექტის განხორციელება ქართველი მწერლების სახელობის ქუჩებით დაიწყო. 50 მწერლის სახელობის ქუჩებზე, მათი ნაწარმოებების ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება. ეს იქნება ორიგინალური კონსტრუქციები, რომლებიც ქუჩის მანიშნებელთან ერთად, შეიცავს  მწერლის ნაწარმოებების ჩამონათვალს და მათი ელექტრონული ვერსიების ჩამოსატვირთQR კოდებს.

გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 12 პარკშიც განთავსდება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი, ელექტრონულ წიგნებს თბილისის მეტროპოლიტენშიც იპოვით.  ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი.



ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2017 დაიწყო25.01.2017

თიბისი ბანკმა ლიტერატურულ კონკურს „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე - saba.com.ge.

განაცხადების მიღება 15 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს. კონკურსის ჟიურის წევრებს „საბას“ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. 

წლევანდელი წელი პრემია „საბასთვის“ საიუბილეოა: წელს „საბა“ მეთხუთმეტედ ტარდება. 

გასული წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს „საბა“ წელსაც 11 ნომინაციაში გამოავლენს:

  1. საუკეთესო რომანი;
  2. საუკეთესო პოეტური კრებული;
  3. საუკეთესო პროზაული კრებული;
  4. საუკეთესო პიესა;
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი;
  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა;
  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა;
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი;
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი;
  10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი;
  11. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილიგანსაკუთრებული წვლილი.

წელსაც, გასული საკონკურსო წლის მსგავსად, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ. კერძოდ, „საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში, ჟიურის რჩეულთან ერთად, მკითხველთა ფავორიტიც დაჯილდოვდება საბას პრიზითა და ფულადი პრემიით. საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. ხმის მიცემა 2 თვე გაგრძელდება „საბას“ ვებგვერდსა და facebook გვერდზე.

საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარს შეადგენს.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.



ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია „საბასგან“07.11.2016

 

ამეტყველებული წიგნები 📖 თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში - 🎧 ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია „საბასგან“ და 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნი - საჩუქრად უსინათლოთათვის.

აპლიკაცია SABA Reader-ი სრულადაა ადაპტირებული უსინათლოებზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხმოვანი წიგნების მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.

ამასთან, „საბას“ ხმოვანი წიგნები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. ეს არის ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხმოვანი წიგნები.

მათი მოსმენა შესაძლებელია Android და ioS მოწყობილობებში, ინტერნეტის გარეშე.

 

👉 პროექტი განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

ხმოვანი წიგნების აპლიკაციაზე იმუშავა კომპანია Lemondo-მ.



პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტები გამოცხადდა29.06.2016

ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა.

360 კონკურსანტიდან, რაც „საბას“ არსებობის მანძილზე უპრეცედენტოდ დიდი საკონკურსო სია იყო, ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 38 წიგნი შეარჩია. ეს არის ფინალისტების ყველაზე მოკლე სია ბოლო წლების განმავლობაში.


ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. ფინალისტებიდან მოხდება წლევანდელი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება სექტემბერში, “საბას” რიგით მე-14 საზეიმო დაჯილდოებაზე.


საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.


წელს „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა, მათ შორის - ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. გარდა ამისა, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“ წელს მკითხველებიც ჩაერთვებიან და საკუთარ ფავორიტ დებიუტანტს  გამოავლენენ - ხმის მიცემა 4 ივლისიდან 2 თვის განმავლობაში „საბას“ ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე იქნება შესაძლებელი.


იხილეთ წლევანდელი ფინალისტების სია.



ქალაქი - ბიბლიოთეკა16.05.2016

 

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც 2012 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, თბილისის მერიასა და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს!

„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას,  თბილისის 300 სხვადასხვა ადგილზე - მწერლების სახელობის ქუჩებზე, სკვერებში, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, მეტროპოლიტენში, პანთეონებთან დამონტაჟებული სპეციალური კონსტრუქციებიდან QR კოდის დახმარებით უფასოდ, მომენტალურად ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის სმარტფონში, აპლიკაცია Saba Reader-ში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. 
ელექტრონული ბიბლიოთეკების დიზაინი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩევა, რომელიც მერიამ დღეს გამოაცხადა.

„ქალაქი - ბიბლიოთეკის“  პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, რომლის მხარდაჭერით პროექტს ხმოვანი წიგნებიც შეემატება. პროექტის მედია პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი

"ქალაქი - ბიბლიოთეკა" დეკემბერში დასრულდება. ეს იქნება თბილისის ლიტერატურული გზამკვლევიც, რომელიც დედაქალაქს ერთგვარ "ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად" აქცევს.