I
მერიმ ნაუცბათევად ჩაჰყარა ჩანთაში ელემენტალური საჭირო ნივთები, რაღაც გამოსაცვლელები, საკუთარი, ქალიშვილობის დროინდელი სამკაულები, საფულეს და ჩანთას ხელი დასტაცა და თმაგაწეწილმა სასწრაფოდ დატოვა ბინა. ლიფტს არ დალოდებია, სირბილით დაეშვა კიბეებზე და ასევე სირბილით გაეშურა ავტობუსის გაჩერებისკენ. უნდა ეჩქარა, სანამ მისი პათოლოგი ქმარი საპირფარეშოდან გამოვიდოდა და მის ძებნას დაიწყებდა, როგორმე უნდა გასცლოდა იქაურობას. იქნებ ტაქსსაც ჩამოევლო.
ისეთი გატიალებული მთვრალი იყო პირუტყვადქცეული კაცი, იმედია ჩქარა ვერ მორჩებოდა ღებინებას, მერე ოთახიდან-ოთახში დაუწყებდა ძებნას და სანამ მისი დაბინდული გონება გაიაზრებდა, რომ მერი სახლში აღარ იყო, ალბათ, მოახერხებდა ტრანსპორტში ასვლას.
ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა. გაზაფხულის შედარებით თბილი და სასიამოვნო საღამო იდგა. ცა მოჭედილი იყო ვარსკვლავებით და დიდი, თეთრი, სავსე მთვარე ანათებდა გარემოს. მერი გაშლილი ქერა თმით კვლავ სირბილით მიუყვებოდა გზას, თმის შეკვრის დროც არ ჰქონდა, თან უკან-უკან იცქირებოდა შეშინებული.
- ღმერთო, ოღონდ რაიმე ტრანსპორტში ასვლა მოვასწრო, - ფიქრობდა სასოწარკვეთილი და ქმართან ურთიერთობის კოშმარულ დეტალებს იხსენებდა.
არა და, სულ სხვაგვარად დაიწყო ყველაფერი, ლამაზად, სიყვარულით და ბედნიერებით. ოთხნახევარი წლის წინ, დაქალის დაბადების დღეზე მისულს, იქ მოხდენილი, მაღალი, შავგვრემანი ახალგაზრდა დაუხვდა. თამუნამ გააცნო, ჩემი მეუღლის, ლაშას ბიძაშვილია, გიზო ბერიაშვილი, რამდენიმე წელიწადი გერმანიაში ცხოვრობდა, უნივერსიტეტში სწავლობდა, წელს დაამთავრა და ახლახანს დაბრუნდაო.
ვაჟმა ინტერესით შეათვალიერა ნაზი, ქერა და ცისფერთვალა, სასიამოვნო გარეგნობის თეთრი ქალიშვილი. მოკრძალებით დაუკრა თავი, მიუახლოვდა და ხელზე ეამბორა.
- ო,Aღმერთო, ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ასეთი ელეგანტური და დახვეწილი ქცევის ადამიანში დღევანდელი მხეცი იმალებოდა, - გაიფიქრა გამწარებულმა, სასოწარკვეთილმა, დარდისგან გაოგნებულმა ქალმა და ისე გადაირბინა ქუჩა, სულ არ უფიქრია უსაფრთხოებაზე.
მანქანის სწრაფი დამუხრუჭების ხმა და მძღოლის უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება ერთდროულად გაისმა. მანქანა ზუსტად მის წინ, მასზე მიბჯენილი იდგა. იქედან ფერდაკარგული და განრისხებული მამაკაცი გადმოვიდა, ჯიქურ მიეჭრა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, საწყალი ქალის გალახვას აპირებდა.
- შენი გულისთვის რატომ უნდა დავჯდე ციხეში, შენი... ან მთვრალი იქნები, ან ნარკოტიკით გაბრუებული, იმიტომაც დადიხარ ასე უაზროდ, ლაწირაკო გომბიო! - ყვიროდა კაცი.
- მაპატიეთ, ბატონო... ძალიან მეჩქარება, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა... - ენა დაება ქალს.
მძღოლმა მხოლოდ ახლა შეათვალიერა ქალი, ალბათ, დიდი წუხილი და შიში წაიკითხა მის სახეზე, ხელის მომუშტული მტევნები გაშალა.
- ხომ არ იტკინეთ რამე, როგორც ვხედავ, ბავშვი არ ყოფილხართ, ასე წინდაუხედავად რატომ მოიქეცით? განა ასეთი რა საჩქარო საქმე გქონდათ, რომ თავს იკლავდით და მეც მღუპავდით? - უკვე წყნარად თქვა კაცმა და მისი თვალიერება განაგრძო.
მერის ენა დაება, ხმას ვეღარ იღებდა და მამაკაცს შესცქეროდა. თვალები ცრემლებით აევსო. მერე შიშით გაიხედა თავისი სახლისკენ მიმავალ გზისკენ. ისევ უნდა გაქცეულიყო, როგორმე დაეღწია თავი გამხეცებული ქმრისგან, თორემ თუ დაეწეოდა, შეიძლება ცემით სული ამოეხადა.
- მაპატიეთ, უნდა გავიქცე, დრო არ მაქვს... ხომ გითხარით, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა... ისეთი დაძაბული გავრბოდი, სიფრთხილე სულ დამავიწყდა... კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას... კარგად ბრძანდებოდეთ, უნდა გავიქცე, - თქვა საწყლად და სირბილით მოსწყდა ადგილს.
- ქალიშვილო, დაიცადეთ, სად მირბიხართ, მე წაგიყვანთ, დაჯექით მანქანაში, - დაედევნა მძღოლი.
მერი მოტრიალდა, კაცს შეხედა.
მამაკაცი ასე 40-45 წლის იქნებოდა, მაღალი, სიმპათიური, კარგად ჩაცმული. მანქანაც პრესტიჟული ჰქონდა, ახალი.
- ნუ გერიდებათ, დაჯექით, თუ ასე გეჩქარებათ, მანქანით წასვლა სჯობს. რამდენ ხანს უნდა ირბინოთ? - ისევ დაუძახა კაცმა, მანქანა დაძრა, პირდაპირ ცხვირწინ გაუჩერა და კარი შიგნიდან გაუღო.
- გმადლობთ, - ჩაილაპარაკა მერიმ და მანქანაში ჩაჯდა.
მამაკაცმა მანქანა ნელა დაძრა ადგილიდან, შემდეგ ნუცუბიძის ფერდობის და ვაშლიჯვარის შემაერთებელ ახალ გზაზე გავიდა და მხოლოდ მაშინ დაილაპარაკა, ეტყობოდა ცოტა ხნის წინ განცდილი შოკიდან ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოსული.
- მეც მინდა პატიება გთხოვოთ... გაგლანძღეთ... მაგრამ ისე შევშინდი, რომ არ გცემეთ ის არის გასაკვირი... მოკლედ, ბოდიშს გიხდით. მე დიდუბეში მივდივარ, იქ ხუთი წუთით ერთგან შევივლი, შემდეგ ისევ საბურთალოზე ვბრუნდები, სახლში, მაგრამ ჯერ თქვენ სადაც გნებავთ იქ წაგიყვანთ. მითხარით, სად მიდიხართ.
მერი შეკრთა, დაფიქრდა, არ იცოდა სად წასულიყო. მშობლებთან ვერ მივიდოდა, ისინი ქალაქში არ იყვნენ. მამას მოსწონდა ბაღისა და ხეხილის მოვლა და საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე დღის წინ აგარაკზე წავიდნენ, საგურამოში. სხვა ნათესავები უამრავი ჰყავდა, მაგრამ არ უნდოდა თავისი მდგომარეობის გახმაურება. ყველაზე ახლო მეგობარმა, თამუნამ ყველაფერი იცოდა, თუმცა, არც იქ მისვლას აპირებდა. მისი ქმარი ლაშა მაშინვე დაურეკავდა თავის ბიძაშვილს და მერის იქ ყოფნას შეატყობინებდა. ერთადერთი მანონი რჩებოდა, საკუთარი გაუთხოვარი დეიდაშვილი, მისი ტოლი და მეგობარი, რომელიც მარტოდ-მარტო ცხოვრობდა, კერძო სახლში, აღმაშენებლის გამზირზე.
- აღმაშენებლის გამზირზე მივდივარ, მაგრამ დიდუბეში ჩამოვალ და იქიდან გავყვები რამეს, - ჩაილაპარაკა მორიდებით, რაკი სახლიდან შორს იყო, ქმრის დაწევის აღარ ეშინოდა და თავისუფლად შეეძლო ქალაქში ემოძრავა.
- ამ შუაღამისას სად უნდა იაროთ. რაკი წამოგიყვანეთ, მიგიყვანთ კიდეც, - გადაჭრით თქვა კაცმა.
სალონში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. კაცი მშვენიერ ახალგაზრდა ქალზე ფიქრობდა, აინტერესებდა, რა დაემართა, სად და რატომ გარბოდა შეწუხებული. ქალი კი იმაზე ფიქრობდა, აღარაფერი ეკითხა კაცს. ჩანთაში თმის სამაგრის ძებნა დაიწყო, იპოვნა, ხელით შეისწორა გაწეწილი თმა და კეფაზე დაიმაგრა.
მანქანამ თამარ მეფის გამზირი გადაჭრა და აღმაშენებლის გამზირზე განაგრძო სვლა. ყოფილ რკინიგზელთა სახლთან მერიმ მანქანა გააჩერებინა.
- დიდი მადლობა, თქვენ დღეს მე სიკვდილისაგან მიხსენით, გმადლობთ, - თქვა ქალმა და ის იყო მანქანიდან უნდა გადასულიყო, მამაკაცმა ხელზე ხელი ნაზად მოჰკიდა და შეაჩერა.
- ვიცი, რომ რაღაც უსიამოვნებამ გამოგიყვანათ სახლიდან და მართლაც ძალიან გეჩქარებათ, ამიტომ აღარ შეგაყოვნებთ. აი, გამომართვით, ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. თუ პრობლემა გექნებათ და დახმარება დაგჭირდებათ, დამირეკეთ. იქნებ გამოგადგეთ რამეში. ღმერთმა ხელი მოგიმართოდ, - ისევ შეათვალიერა შედარებით თმადავარცხნილი და სახეგამოჩენილი ქალი.
მერიმ ბარათი გამოართვა.
- მადლობთ, რომ მომიყვანეთ, კარგად ბრძანდებოდეთ, - სწრაფად ჩავიდა მანქანიდან და რკინიგზელთა სახლის გვერდით შეუხვია.
სანამ თვალს არ მიეფარა, მამაკაცს მანქანა ადგილიდან არ დაუძრავს, ინტერესით ადევნებდა თვალს ჩქარი ნაბიჯით მიმავალ გამხდარ, ქერა ქალს სამგზავრო ჩანთით.
- რა შეშინებული და დამწუხრებული იყო საწყალი, ნეტავ რა შეემთხვა? რამდენი გაჭირვებულია ამქვეყნად... თუ არა, და, მშვენიერი ქალიშვილი იყო, კარგად ჩაცმული, კარგი აღზრდილიც... სიკვდილიდან დახსნაში, ცხადია ის არ იგულისხმებოდა კინაღამ მანქანით რომ გავიტანე... არა, რა თქმა უნდა, - თავი გადააქნია და გზა განაგრძო, მაგრამ თვალწინ მაინც თმაგაშლილი, შეშინებული ლამაზი ქალი ედგა.
მერი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა მანონის სახლისკენ, მივიდა კიდეც და სადარბაზოს კარზე ზარი დარეკა. სახლი ორსართულიანი იყო და მთლიანად მანონის ეკუთვნოდა. სახლიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ქალმა განმეორებით დააჭირა ღილაკს თითი და გაბმული ზარი მისცა. კარი კვლავ არ იღებოდა.
მერიმ ახლა ტელეფონით დარეკვა გადაწყვიტა, ფიქრობდა, ღრმა ძილით ეძინა დეიდაშვილს და ზარის ხმა არ ესმოდა. ხელჩანთა გახსნა მობილურის ამოსაღებად, მაგრამ ვერ იპოვა, ის ჩანთაში არ იყო. იმ ფაცი-ფუცში, ალბათ, დაავიწყდა მისი წამოღება. სასოწარკვეთილი კარებთან ჩაიკეცა. სად წასულიყო და რა გაეკეთებინა არ იცოდა. თვალთაგან ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდა. ცოტა ხანს ასე იჯდა და ტირილით გულს იოხებდა. მერე, თავს ძალა დაატანა, წამოდგა და გამზირისკენ წამოვიდა. პირდაპირ სასახლის წინ, სკვერში, ხის სკამზე ჩამოჯდა, ფეხები აღარ ემორჩილებოდნენ, თავი საშინლად სტკიოდა, თავბრუ ეხვეოდა. დაჯდა, დიდი ჩანთა მუხლებზე დაიდო, ზედ იდაყვებით დაეყრდნო და ხელები სახეზე აიფარა.
2012 წლის 21 აპრილის ღამე იყო. საათი ორის ათ წუთს აჩვენებდა. აგრილდა. თხელი ლაბადა ვერ იფარავდა სიცივისაგან და ნერვიულობისაგან ისედაც აკანკალებულ ქალს, კბილს-კბილზე აცემინებდა. როგორ უნდა გაეთია ეს ღამე, წარმოდგენა არ ჰქონდა. ქუჩაში ადამიანის ჭაჭანება არ იყო. ხანდახან თუ გაივლიდა მანქანით ვინმე.
მოულოდნელად მთვრალი მამაკაცების სიმღერის ხმა შემოესმა. დაიძაბა, თავი ასწია და პირდაპირ მისკენ მიმავალი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა. ვაჟები საკმაოდ ნასვამები იყვნენ, ფეხი ერეოდათ. მერის დანახვაზე ოთხივეს სახე გაუბრწყინდა.
- ეს როგორი ბეღურა ჩიტი გადმოვარდნილა ბუდიდან, ბიჭებო, აბა, შეხედეთ რა ლამაზია და რა შეშინებული, ცივა კიდეც საბრალოს, - გვერდით დაუდგა ერთ-ერთი, ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, სახე აუწია და შეათვალიერა.
- ბიჭოს, მართლაც კარგი ჩიტია! შენ არ ნატრობდი რამდენიმე წუთის წინ ქალს? ახლა არ მითხრა, რამეს ვუწუნებო, - მიმართა პირველს მეორემ და ახლა იმან შეათვალიერა საწყალი.
- ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, თავი დამანებეთ და თქვენი გზით წადით, - ხმის კანკალით უთხრა მერიმ.
ბიჭები უკან დახევას არ აპირებდნენ. ოთხივემ სათითაოდ აათვალიერ-ჩაათვალიერა ქალი და საუბარი გაუბეს.
- ჩემო თეთრო გოგო, ვინ გამოგაგდო ამ შუაღამისას ქუჩაში ასეთი ლამაზი? ჩვენ კი აქ ვერ დაგტოვებთ... ასეთი უგულოები არ ვართ, რომ ამ სიცივეში მიგატოვოთ... წამოდი ჩვენთან, შეგიფარებთ, გაგათბობთ, მოგიალერსებთ და დილით სადაც გინდა წადი.
- ბიჭებო, თავი დამანებეთ, თქვენს ხასიათზე არ ვარ, იცოდეთ ვიყვირებ და უსიამოვნება არ აგცდებათ.
- მაშინ ხომ შენც განყოფილებაში წაგიყვანენ, თეთრო გოგო და ქუჩის მეძავივით მოგექცევიან.
- თავი დამანებეთ, არ გესმით! - უყვირა უკვე შეშინებულმა ქალმა.
ქუჩის მეორე მხარეს პატრულის მანქანა გამოჩნდა, შეამჩნია ჩოჩქოლი, ადგილზე დატრიალდა და მათთან გაჩნდა.
- აქ რა ხდება? - მანქანიდან გადმოვიდა ერთი პოლიციელი. - რაშია საქმე?
- არაფერში უფროსო, მოვდიოდით და ეს საწყალი გოგო ვნახეთ უპატრონოდ და ჩვენთან წამოსვლა შევთავაზეთ. მეტი არაფერი, - მოკლედ აუხსნა ერთ-ერთმა.
- აქ რას აკეთებთ, ქალბატონო, ამ შუაღამისას? ამ დროს ქუჩაში ჯდომა საშიშია. აბრძანდით და განყოფილებაში წამობრძანდით, იქ გავარკვევთ ყველაფერს. თქვენ კი ახლავე გაეცალეთ აქაურობას, თორემ წესრიგის დარღვევისთვის დაგაპატიმრებთ, - ახლა ბიჭებს მიმართა პოლიციელმა მკაცრად.
- კი, ბატონო, პრობლემა არ არის, ახლავე გაგეცლებით, მაგრამ მაგ ქალიშვილს არაფერი დაუშავებია, თავისთვის იჯდა ღაბუა ჩიტივით, განყოფილებაში რატომ მიგყავთ? იქნებ ელოდება ვინმეს? - არ ცხრებოდა ის, რომელიც პირველი მიეახლა მერის.
- აბა, მორჩით ლაპარაკს და სახლში წადით, თორემ რასაც დაგპირდით, არ აგცდებათ. თქვენ კი აბრძანდით ქალბატონო და გამომყევით, - ხელი მოჰკიდა მკლავში ქალს პოლიციელმა და სკამიდან წამოაყენა.
- გთხოვთ, თავი დამანებეთ, - ხელის გათავისუფლება სცადა მერიმ, მეგობარს ველოდები, სახლში არ დამხვდა, მაგრამ მალე მოვა.
ქუჩის მეორე მხარეს ნელა მიმავალი შავი მერსედესი გაჩერდა. ფანჯარას ჩაუწია და პოლიციელის და ახალგაზრდა ქალის საუბარს და ქმედებას დააკვირდა. შემდეგ სწრაფად მოატრიალა მანქანა, ღერძულა ხაზი გადაკვეთა, ტროტუარზე შევარდა, კარი გააღო და პოლიციელთან მივიდა.
- გამარჯობა, ოფიცერო, ვწუხვარ, ქალს ვერ წაიყვანთ. მას მთელი საღამოა ვეძებ. ის ავადაა, მეხსიერება აქვს დაკარგული, ვერავის სცნობს, სახლიდან გამოიპარა და დაიკარგა.
მაღალმა, ატლეტურმა, შავგვრემანმა, საკმაოდ კარგი გარეგნობის მამაკაცმა ჯიბიდან თავისი საბუთი ამოიღო და პოლიციელს გადასცა.
- მე შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი ანზორ ჩოხელი გახლავართ.
პოლიციელმა საბუთს დახედა და მაშინვე უკან დაუბრუნა.
- საპატრულო პოლიციისთვის უნდა გეცნობებინათ, ბატონო და ამდენი წვალება არ დაგჭირდებოდათ. ჩვენი პოლიციელები სწრაფად იპოვნიდნენ დაკარგულს.
მამაკაცი მერისთან მივიდა, ხელზე ხელი ნაზად მოჰკიდა და წყნარად დაელაპარაკა:
- ნუ გეშინია, ჩემო კარგო, მე სახლში წაგიყვან, არ ინერვიულო, მალე ყველაფერი გაგახსენდება და მეც მიცნობ და შენი ოჯახის სხვა წევრებსაც. წამოდი, თორემ გაცივდები, მთლად გაყინულხარ.
მერი უაზროდ შესცქეროდა კაცს და ხმის ამოუღებლად ემორჩილებოდა. გონებაში ყველაფერი აერია. თითქოს ის მძღოლი იყო ცოტა ხნის წინ აქ რომ მოიყვანა, მაგრამ მანქანა მას მგონი სხვა ფერის და მარკის ჰქონდა... კი, ნამდვილად ღია ფერის მანქანა იყო... თანაც იმ მძღოლს მგონი ჭაღარა ჰქონდა შერეული საფეთქლებთან... ამას არ აქვს... ისე კი მას ჰგავს... ფიქრობდა საწყალი და მანქანაში ჯდებოდა. პოლიციაში წასვლას სჯობდა, რადგან პოლიციიდან ქმარს დაურეკავდნენ და შეატყობინებდნენ მის ადგილ-სამყოფელს. იქნებ ეს კაციც იმ მძღოლივით კეთილშობილი იყოს და არაფერი ავნოს?
- დაწყნარდით, ქალიშვილო, - მიმართა სასიამოვნო დაბალი ხმით მამაკაცმა, - აქ შემთხვევით გამოვიარე და თქვენს ამბავს შევესწარი. ეს გამოგონილი ისტორია რომ არ მეთქვა, სხვანაირად პოლიციელისაგან ვერ დაგიხსნიდით. თუმცა, გამომძიებელი მართლა ვარ და ნამდვილად ანზორ ჩოხელია ჩემი სახელი და გვარი. ახლა მითხარით, რატომ იჯექით ქუჩაში მარტო ამ შუაღამისას? უნდა მითხრათ, რომ გამოსავალი ერთად მოვძებნოთ, თუ, რა თქმა უნდა, ჩემი გამოგონილი ამნეზია მართლაც არ გჭირთ და მეტყვით ვინ ხართ და რა დაგემართათ.
მერი ცოტა ხნით დაფიქრდა, ყველაფერი ეთქვა თუ არა, ვერ გადაეწყვიტა.
- მე მერი შველიძე ვარ, - დაიწყო ბოლოს თითქმის ჩურჩულით, - სახლიდან გამოვიქეცი და წასასვლელი არსად მაქვს. იქ მეზობლად, სადაც ვიჯექი, ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობს, მასთან მივედი, მაგრამ სახლში არ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი... - ქალს ცრემლები ჩამოსცვივდა, ყელში ბურთივით რაღაც გაეჩხირა და ხმა ვეღარ ამოიღო.
- მერი, ჩემო კარგო, მართალია გამომძიებელი ვარ, მაგრამ ახლა დაკითხვას არ დაგიწყებთ. ძალიან დაღლილი ვარ, საშინლად მეძინება და სახლში მივდივარ. რაკი ქუჩაში ვერ დაგტოვებთ, ამიტომ თქვენც ჩემთან წამოხვალთ. მე საბურთალოზე ვცხოვრობ, უფროს ძმასთან ერთად. ორივე უცოლოები ვარ, ასე, რომ, იმ სახლში ჩვენს მეტი არავინაა, ბინა დიდია, თავისუფლად იქნებით, არავინ არაფერს გკითხავთ. ამაღამ დაიძინებთ და ხვალ ვილაპარაკოთ. გავარკვიოთ, რითი შემიძლია თქვენი დახმარება. კარგი?
მერი ჩუმად იჯდა და ფიქრობდა, მამაკაცის წინადადებას განიხილავდა, წონიდა და უკეთეს გამოსავალს ეძებდა, მაგრამ ვერ ჰპოულობდა.
- მერი, ძალიან გთხოვთ, დროზე გადაწყვიტეთ და მითხარით, რა ვქნა, სად წაგიყვანოთ? მე, რაც წეღან შემოგთავაზეთ, იმაზე უკეთესი ვარიანტი არ მაქვს. და თანაც, ვგრძნობ, რომ დახმარება გჭირდებათ, მარტო ღამის გასათევზე არ არის საქმე. მე შემიძლია დაგეხმაროთ არსებული სიტუაციიდან თავის დაღწევაში, ხომ გითხარით, იურისტი ვარ.
- თანახმა ვარ, იურიდიული დახმარება ნამდვილად მჭირდება. თუ უხერხული არ იქნება თქვენ ძმასთან და ძალიან არ შეგაწუხებთ, წამოვალ... დღეს უკვე მეორედ შევხვდი ჭეშმარიტად კეთილშობილ ადამიანს, რომლის მსგავსიც ძალიან დიდი იშვიათობაა დღევანდელ საზოგადოებაში.
ამასობაში მანქანა საბურთალოს ბოლოს, კერძო დასახლებაში შევიდა და თანამედროვე არქიტექტურის, ორსართულიანი, აგურის სახლის წინ შეჩერდა. მამაკაცმა პულტით გააღო ლამაზი ალაყაფის კარი და დაღმართით, პირდაპირ მიწისქვეშა, დიდ ავტოფარეხში ჩაიყვანა მანქანა, სადაც კიდევ სამი სხვა ავტომანქანა იდგა.
კაცი გადმოვიდა, კარი გაუხსნა ქალს, ხელი გაუწვდინა, მანქანიდან გადმოსვლაში მიეხმარა, მისი დიდი ჩანთა აიღო და წინ გაუძღვა.
მერი გაფაციცებით ათვალიერებდა იქაურობას. საკმაოდ დიდი, გაჩახჩახებული ტერიტორია მხოლოდ ავტოფარეხისთვის არ იყო განკუთვნილი. კედლის გასწვრივ დაკეტილი კარებები იმაზე მიუთითებდა, რომ კარსიქეთ რაღაც სათავსები იყო განლაგებული. მარჯვნივ, დიდი თაღით გამოყოფილი გრძელი და ფართო ადგილი, ლამაზად მოწყობილ მარანს ეკავა, ქვევრებით, აკურატულად მილაგებული თაროებით, ძველებური ბუხრით და ბუხრის წინ დაბალი მაგიდით და სკამებით.
კაცი, შეამჩნია რა ქალის ინტერესი, შეჩერდა, დააცადა დაეთვალიერებინა იქაურობა, თავად კი ისარგებლა მომენტით და თვალი კარგად შეავლო სტუმარს. სინათლეზე ნათლად გამოჩნდა მისი ნაზი სილამაზე. იგი მაღალი, ძალიან გამხდარი, ქერა და ცისფერთვალება იყო. სიფრიფანა თეთრი კანი თვალის უპეებთან ჩალურჯებოდა. ძალიან დათრგუნული, საწყალი და ნაღვლიანი გამოხედვა ჰქონდა.
- ჩემი ძმა არქიტექტორია, ცნობილ სამშენებლო ფირმაში მუშაობს და ეს სახლი თავისი პროექტით, თავისივე ფირმას ააშენებინა. ჩემის აზრით სიმპათიური გამოვიდა. ახლა ჩემთვისაც აპირებს აშენებას, დაახლოებით ასეთივე პროექტით, აქვე ახლოს. მე მქონდა სამოთახიანი ბინა დიდუბეში, მაგრამ განქორწინების შემდეგ მეუღლეს და ჩემს 9 წლის ბიჭს დავუტოვე, უფრო სწორად, ბიჭის სახელზე გადავაფორმე. ახლა ჩემს ძმასთან ვცხოვრობ და სიცოცხლეს ვუმწარებ, - გაიცინა მამაკაცმა, - ისეთი სამსახური მაქვს, ხანდახან მთელი ღამით ვერ მოვდივარ სახლში და ვანერვიულებ.
მარანში გასასვლელი თაღის გვერდით, ლამაზი მოხვეული, რკინის რიკულებიანი კიბე ადიოდა ზევით. კაცი კიბეს შეუყვა და სტუმარიც მიიწვია.
- ეს კიბე ჰოლში ადის. ჩვენ ახლა სამზარეულოში შევალთ და ჩაით და ნამცხვრით გაგიმასპინძლდებით. ძალიან მიყვარს ნამცხვარი და ყოველთვის ვყიდულობ სახლში წამოსვლისას, - ნამცხვრების ყუთზე მიანიშნა მერის, რომელიც ჩანთასთან ერთად ეკავა ხელში.
- გმადლობთ, მე არაფერი მინდა. სადმე სავარძელში ჩავჯდები და დილას წავალ, - ჩაილაპარაკა ქალმა.
- არა, არა, ეგრე არ გამოვა! - გააპროტესტა მასპინძელმა, - ჩაის ყველა ვარიანტში დავლევთ, ისეთი ცივი ხელები გაქვთ, ეს თქვენთვის აუცილებელია. მერე კი, სტუმრებისათვის განკუთვნილ ერთ-ერთ საძინებელ ოთახში მოგათავსებთ. ჩვენთან ხშირად მოდიან მეგობრები, ნათესავები, შევყვებით ხოლმე ბუხრის წინ მასლაათს და შემდეგ ნასვამებს აქვე ვტოვებთ. თქვენ განსაკუთრებულ ოთახში შეგიყვანთ, იქ მხოლოდ ქალებს ვაძინებთ, ისიც მხოლოდ გამორჩეულებს.
მამაკაცი სამზარეულოში შევიდა, ნამცხვრის ყუთი დადგა, მაშინვე გამოვიდა, სტუმარს მკლავზე ნაზად მოჰკიდა ხელი და ჰოლის ბოლოს, ლამაზ კიბეს ზევით აუყვა. ისინი პატარა მრგვალ ჰოლში აღმოჩნდნენ, რომელშიც მხოლოდ სამი კარები გამოდიოდა. ცალ მხარეს კი გრძელი დერეფანი სხვა, უფრო ფართო ჰოლში გადიოდა.
- ეს ორი ოთახი, როგორც გითხარი განსაკუთრებული სტუმრებისთვისაა, - მიუთითა ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარე ორ კარებზე მასპინძელმა და კარი შეაღო, - შუა კარი კი დიდ ვერანდაზე გადის.
ოთახი თანამედროვედ და გემოვნებით იყო მოწყობილი და სასტუმროს ძვირადღირებულ ნომერს ჰგავდა, საწოლებით, კედელში ჩაშენებული კარადით, სავარძლებით, ჟურნალების პატარა მაგიდით და ტელევიზორით.
- მობრძანდით, მოწესრიგდით, შეგიძლიათ შხაპი მიიღოთ, აქ ყველაფერია, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, - კაცმა ჩანთა სავარძელზე დადგა, - მე ჩავალ, ჩაის გავამზადებ და დაგელოდებით, აქ ნუღარ ამომიყვანთ, - გაიღიმა და გავიდა.
მერიმ კიდევ ერთხელ შეათვალიერა ოთახი, მერე ლაბადა გაიძრო, სააბაზანოში შევიდა, პირი დაიბანა, თმა ნორმალურად დაივარცხნა, დაიმაგრა, ჩანთიდან თბილი ჟაკეტი ამოიღო, კაბაზე შემოიცვა, ოთახის კარი ფრთხილად გამოხურა, ფეხაკრეფით ჩავიდა ქვედა სართულზე და ის იყო სამზარეულოში უნდა შესულიყო, ლაპარაკის ხმა შემოესმა. ქალი შედგა და ორი მამაკაცის საუბრის უნებლიე მოწმე გახდა.
- სულ შენს ლოდინში როგორ უნდა ვიყო? იმ საშინელების შემდეგ, როცა იმ ბანდიტებმა სამი ტყვია მოგარტყეს და ძლივს გადაურჩი სიკვდილს, სულ შიშში ვარ, მოხვალ თუ არა სახლში ცოცხალი, - საყვედურობდა ძმა მერის მასპინძელს.
- კარგი, რა, ელიზბარ, ეგ ერთხელ მოხდა, ყოველთვის კი არ მოხდება.
- არა, ბატონო, ერთხელ კი არა, რამდენჯერმე მოხდა, მაგრამ მაშინ იოლად გადარჩი.
- ელიზბარ, ნუ ნერვიულობ, ახლა ისეთ საქმეებს არ ვიძიებ, საშიში არაფერია, დაწექი და დაიძინე.
- არც ისე ადვილია დაძინება, როცა ნერვიულობ... დღეს კი მართლა გავნერვიულდი... კინაღამ ახალგაზრდა ქალი გავიტანე მანქანით... მოსახვევიდან გამოვარდა სირბილით და პირდაპირ მანქანას შეეჯახა. არ ვიცი, როგორ მოვახერხე დამუხრუჭება. ისე შემეშინდა, წყობიდან გამოვედი, ლანძღვა-გინება არ დავაკელი და ცემასაც ვუპირებდი, მაგრამ, რომ შევხედე, ისეთი ახალგაზრდა, ლამაზი, შეძრწუნებული და ატირებული იყო, მისი მოფერება და დაწყნარება მომინდა. მერე, ძლივს დავსვი მანქანაში, რომ სადაც მიეჩქარებოდა, იქ მიმეყვანა.
- სად მიდიოდა? - იკითხა უმცროსმა ძმამ.
- პლეხანოვზე დავტოვე, მაგრამ გულში ჩამივარდა მისი შეწუხებული და დარდიანი სახე, ცრემლებით სავსე შეშინებული თვალები და მას შემდეგ სულ მასზე ვფიქრობ. რაღაც საშინელება შეემთხვა ეტყობა საწყალს.
- პლეხანოვზე კი არა, ძმაო, აღმაშენებლის გამზირზე, შეუსწორა უმცროსმა, - რკინიგზელთა სახლთან ხომ არ დატოვე შემხვევით?
მერი მეტს ვეღარ გაჩერდებოდა, უნდა შესულიყო. უკვე გამოარკვია, რომ დღეს ორივე ძმას გაურთულა ცხოვრება.
- როგორც ჩანს ის ორი კეთილშობილი ადამიანი, რომლებთანაც დღეს მე განგებამ შემახვედრა, ძმები ყოფილან, - თქვა და კარებში გაჩერდა.
უფროსი ძმა გაკვირვებული სწრაფად წამოდგა და სტუმარს დააკვირდა, შემდეგ ძმას შეხედა.
- შენი ნაცნობია, ძმაო?
- არა, ელიზბარ, რკინიგზელთა სახლის წინ მჯდომი პოლიციას განყოფილებაში მიჰყავდა, ჩემმა პროფესიამ მიშველა, დავიხსენი და რადგან მისი მეგობარი, ვისთანაც მიდიოდა, სახლში არ იყო და სხვაგან წასასვლელი არსად ჰქონდა, აქ მოვიყვანე. ხვალ გავარკვევ, რითი შემიძლია დავეხმარო. გაიცანი, მერი შველიძე, - შემდეგ სტუმარს მიუბრუნდა, - მერი, ეს კი ჩემი ბუზღუნა ძმაა, ელიზბარი.
კაცს შიშველ ტანზე აბრეშუმის მოკლე ხალათი ეცვა, კალთები შემოიფარა და უხერხულად შეიშმუშნა.
- მაპატიეთ, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ამ შუაღამისას სტუმარი თუ გვყავდა, თანაც ასეთი ლამაზი.
- მე მაშინვე მიგამსგავსეთ ერთმანეთს, ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ თქვენ მობრუნდით, - შეხედა ელიზბარს მერიმ.
- სიმართლე გითხრათ, ვდარდობდი, რომ წამოვედი და ცოტა ხანს მაინც არ დაგელოდეთ... კიდევ კარგი ანზორმა შეგამჩიათ და აქ მოგიყვანათ. მე წავალ, ხელს აღარ შეგიშლით... ღამე მშვიდობისა. თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში, ხვალ ვილაპარაკოთ.
- გმადლობთ, მაგრამ საკუთარ სახლში ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და... იმიტომაც გამოვიქეცი...
- მაშინ, მით უმეტეს, კარგ ადგილას მოსულხართ, მე და ანზორი ყველანაირად გვერდით დაგიდგებით და დაგეხმარებით, - ელიზბარი გავიდა და კარი გაიხურა.
- ხედავ, რა საინტერესო ამბავი შეგვემთხვა? ასეთი რამ უფლის ნების გარეშე არ ხდება. ამ საღამოს ჩვენ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ასე რომ დაწყნარდით და დაჯექით, ჩაი დაავლიოთ.
- გმადლობთ, თქვენ დღეს მფარველებად მომევლინეთ, - მერი მაგიდას მიუჯდა, მასპინძლის მირთმეული ჩაის მორევა დაიწყო, ნერვიულობდა, თითქოს რაღაცის გადაწყვეტა უჭირდა, მერე ერთი კოვზი ფრთხილად შესვა, კოვზი ლამბაქზე დადო, ანზორს თვალი გაუსწორა და ჩურჩულით დაიწყო.
- მე ქმარს გამოვექეცი. პათოლოგიური სიმთვრალე დასჩემდა... ადრე ასეთი არ იყო, არც ამდენს სვამდა... ნასვამი მცემს და ჩემს გაუპატიურებას ცდილობს... ხშირად უძლური ვარ მისი ძალის წინაშე... რამდენჯერმე გამოვიქეცი, მაგრამ უკან დამაბრუნა. განქორწინებაზე არ მთანხმდება... ვეღარ ვერევი... არ ვიცი, რა ვქნა. თავისუფლად შემიძლია მშობლებთან დავბრუნდე, მათ ჩემს მეტი არავინ ჰყავთ, მაგრამ, ის არ გაჩერდება, ყოველდღე მოგვივარდება, აგვაწიოკებს, მამას კი დიაბეტი და ჰიპერტონია აწუხებს. მათ არაფერი იციან ჩემი მდგომარეობის შესახებ...
მერი ცოტა ხნით შეჩერდა, კიდევ ერთი კოვზი ჩაი მოსვა და ჩაილაპარაკა, - მინდოდა არავის გაეგო ეს ამბავი, იმიტომაც დავრჩი ქუჩაში...
ანზორმა სწრაფად დააგდო ჩანგალი, რომლითაც ნამცხვრის ჭამას აპირებდა, წამოხტა და მუშტებმოკუმშულმა ოთახში სიარული დაიწყო.
- რამდენი ხანია გათხოვილი ხარ? - შენობით მიმართა სტუმარს მოულოდნელად.
- ოთხი წელია... მაგრამ თავიდან ასეთი არ იყო. პირველი წელიწადი, შეიძლება ითქვას ტკბილად გავატარეთ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ დაფეხმძიმება ვერ შევძელი. ნელ-ნელა გაცივდა ჩემს მიმართ, ჩხუბზე და ჩემს ლანძღვაზე გადავიდა. არასრულფასოვანს მეძახის. ეს ბოლო წელიწადი კი, მხეცად გადაიქცა... ყოველდღე ნასვამი ბრუნდება სახლში და იწყებს ჩემს წამებას.
- განგება შენს მხარესაა, ჩემო კარგო, ჩემთან შეგახვედრა. ახლა ნუღარაფრის გეშინია, მე დაგიხსნი სადისტი ქმრისაგან, - წყნარად უთხრა ანზორმა.
- ის არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება განქორწინებას. მითხრა, ცოცხალი ჩემგან ვერ წახვალო, - ისევ ცრემლებით აევსო თვალები ქალს.
- ეგ მე მომანდე, ჩემო კარგო. ახლა ცოტა ნამცხვარი შეჭამე, ჩაიც მიაყოლე. აი, ეს შოკოლადის ფილაც გასინჯე. ხომ იცი, ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი, ნერვებს აწყნარებს, - დაუყვავა კაცმა და წინ შავი შოკოლადის ფილა დაუდო, - აღარაფერზე იფიქრო, ჩვენი საუბარი ხვალისთვის გადავდოთ. ხვალ ყველაფერს დაწვრილებით გამოგკითხავ. ერთი რამ კი უკვე გადავწყვიტე, აქ დარჩები, ჩვენთან. აქ ვერავინ გიპოვნის. შენს მშობლებთან კი მე წავალ და დაველაპარაკები, რომ არ ინერვიულონ.
- არა, აქ დარჩენა არ შემიძლია... ასე ვერ შეგაწუხებთ. ვინ რა უნდა თქვას, აქ რომ მნახოს? ჩემმა ქმარმა რომ გაიგოს, ყველანაირ საზიზღრობას დამაბრალებს.
- ვერავინ ვერაფერს დაგაბრალებს. მე და ელიზბარი არავის გავაგებინებთ შენს აქ ყოფნას. სტუმრებს კი არ მოვიპატიჟებთ. ხომ გინდა პირუტყვი ქმარი მოგაშორო? ჰოდა, ყველაფერი დამიჯერე.
მერის აღარაფერი უთქვამს, ცოტა შოკოლადი შეაყოლა ჩაის, მადლობა გადაუხადა ანზორს მასპინძლობისათვის და მისთვის გამოყოფილ საძინებელში ავიდა. ჩანთიდან ელიზბარ ჩოხელის მიცემული სავიზიტო ბარათი ამოიღო და დაჰხედა.
“ელიზბარ ჩოხელი, არქიტექტორი, სამშენებლო ფირმა “სხივი”.
ტელეფონი 221....... მობილური 557.......” ეწერა ქართულად და ინგლისურად ბარათზე.
ბარათს ნაზად გადაუსვა ხელი და ისევ ჩანთაში ჩადო. მერე დიდხანს იდგა თბილი შხაპის ქვეშ, რომ როგორმე სხეული გაეთბო და საწოლში ჩაწვა. ძილი არ ეკარებოდა. დღევანდელი შეხვედრების დეტალებს იხსენებდა. მართლაც უცნაური დამთხვევა იყო, ორივე ძმას შეხვდა, ორივე მფარველად მოევლინა. განსაკუთრებით უფროსი ძმა მოეწონა. ძმები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს და ორივეს კარგი, თვალშისაცემი გარეგნობა ჰქონდა. ორივე მაღლები, ათლეტურები იყვნენ, მუქი, თითქმის შავი თმით, ლამაზი ფორმის, ციმციმა, მეტყველი თვალებით და სახის სწორი ნაკვთებით. გარეგნობა მის ქმარსაც კარგი ჰქონდა, მაგრამ... იქნებ ანზორმა მართლაც გამონახოს გზა მისგან დასახსნელად... ასეთ არეულ ფიქრებში მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა და სიზმარში ელიზბარ ჩოხელი ნახა. დაგინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდიო - უხსნიდა სიყვარულს და ამის გამგონე ისეთი ბედნიერი იყო, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა.