დილით ისევ ჩიტების გალობამ გააღვიძა. იწვა და სიამოვნებით უსმენდა დილის კონცერტს. უცებ ჩიტების ხმას რაღაც სხვა ხმები შეერია. თემომ სმენა დაძაბა. კიბეზე ვიღაც მსუბუქი, ფრთხილი ნაბიჯებით ამოდიოდა. ვაჟი არ განძრეულა, თვალები ოდნავ მილულა, ვითომ ეძინა, სინამდვილეში კი მშვენივად ხედავდა.
აივანზე ფეხაკრეფით თეონა შემოვიდა, ფრთხილად მივიდა მაგიდასთან, თერმოსი და ორი ფინჯანი დადგა და ის იყო უნდა გაბრუნებულიყო, რომ ტახტზე მწოლარე თემო შეამჩნია. შეკრთა, არ იცოდა, ვაჟი თუ ისევ აივანზე იწვა, ქანდაკებასავით გაშეშდა და მძინარეს დააცქერდა. თემოს საბანი მხოლოდ წელს უფარავდა, წელს ზემოთ შიშველი იყო და გრძელი ფეხებიც დაუფარავი ჰქონდა. ქალიშვილმა მისკენ რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადადგა და ინტერესით დააცქერდა ვაჟის სახეს და მის განიერ, ოდნავ ბეწვით დაფარულ გულ-მკერდს.
თემოს გული აუჩქარდა, სუნთქვა გაუხშირდა, თავის მომძინარება აღარ გამოადგებოდა, ქალიშვილი შეამჩნევდა მის აჩქარებულ სუნთქვას და მიხვდებოდა, რომ ჩუმად ადევნებდა თვალს, ამიტომ გამოღვიძება გაითამაშა, შეიშმუშნა, თვალები გაახილა, თეონა შეათვალიერა და სწრაფად წამოჯდა.
თეონა დაიბნა, ლოყები გაუწითლდა. თემო კი ფართოდ გახელილი თვალებით ათვალიერებდა ქალიშვილს და იღიმებოდა.
- მაპატიეთ, გაგაღვიძეთ... არ მეგონა, ისევ აივანზე თუ გეძინათ... უკვე ვიცი, რომ დილით ყავა გიყვართ და მოგიტანეთ, - როგორც იქნა მოახერხა ხმის ამოღება, - მე მალე მივდივარ, კარგად ბრძანდებოდეთ, - ქალიშვილი სწრაფად შეტრიალდა და წავიდა.
თემო წამოხტა, დაედევნა, კიბესთან მიეწია, მკლავში წაავლო ხელი და დაიჭირა.
- არ წახვიდე, ახლავე ავდგები და მე წაგიყვან, გთხოვ. თუ არ დაიცდი, სულ ერთია, მაინც მოვალ სანატორიუმში და შენთან დალაპარაკების გარეშე არ წავალ.
თეონა კიდევ უფრო დაიბნა, თითქმის შიშველი მამაკაცის წინ დგომამ ააღელვა, ხელის გათავისუფლება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ვაჟი მის პასუხს ელოდა და ხელს არ უშვებდა. ასე დგომა კი აღარ შეეძლო, რაღაც დაემართა, შინაგანმა კანკალმა აიტანა, მამაკაცი არაჩვეულებრივად მომხიბლავი იყო და ანდამატივით იზიდავდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეშველა თავისთვის.
- კარგით, დაგელოდებით, მაგრამ ნუ იჩქარებთ... ჯერ ძალიან ადრეა... თუ თქვენ მიმიყვანთ კიდევ ბევრი დრო მაქვს... უბრალოდ, მიკროავტობუსი გადის რვის ნახევარზე და იმიტომ ვჩქარობდი... - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლაპარაკობდა თეონა და ვაჟს თვალს ვერ სწყვეტდა.
- კარგი, შევთანხმდით, არ ვიჩქარებ, ნელ-ნელა გავემზადები, არჩილსაც გავაღვიძებ და საუზმეზე თქვენთან მოვალთ, - თემოს მთელი ძალისხმევა დასჭირდა, რომ გულში არ ჩაეკრა დამფრთხალი გოგო, ხელი ძლივს გაუშვა და მოაჯირს დაყრდნობილი, ღიმილით გასცქეროდა სირბილით მიმავალ ქალიშვილს.
ვაჟი საწოლს დაუბრუნდა, წამოწვა და თვალები დახუჭა. ძალიან ააფორიაქა ქალიშვილმა, ასეთი რამ დიდი ხანია არ უგრძვნია. არა, ეს არც აღგზნება და არც აღტაცება არ იყო, ლამაზი ქალის დანახვით გამოწვეული. ეს სხვა გრძნობა იყო, დიდი ხნის წინ, შორეულ წარსულში მივიწყებული და დასამარებული. ეს იყო სიხარულის და სიყვარულის აფეთქება, მრავალი წლის უნახავი, საყვარელი არსების დანახვით გამოწვეული. იმიტომაც მოუნდა მისი გულში ჩაკვრა და ასე, მასთან ჩახვეული-ჩახუტებული დარჩენა მთელი სიცოცხლე. ყოველივე ამის გაანალიზებამ არაჩვეულებრივ ხასიათზე დააყენა, სიხარულის ენერგიის მოზღვავება იგრძნო და სიმღერა მოუნდა. ლოგინში ვეღარ გაჩერდა, წამოხტა, არჩილიც გააღვიძა და საბანაოდ წაიყვანა.