თოთხმეტ აგვისტოს ნაშუადღევს ბიჭები უკვე საჩხერეში იყვნენ. სანდრომ ხის მაღალი ღობით შემოღობილი ეზოს ჭიშკარი შეაღო, ეზოში შევიდა და მეგობარი შეიპატიჟა.
- ბებია, დიდი ხნის უნახავ შვილიშვილს არ გამოეგებები? რომ იცოდე, როგორ მენატრები! - დაიყვირა სანდრომ და წინადადების დამთავრებისთანავე სახლიდან ნათელა, ციური და ბებია ერთად გამოვიდნენ.
გოგონები გამოიქცნენ, ჯერ სანდროს ჩამოეკიდნენ კისერზე, მერე ბორისს მისცვინდნენ და ჩაეხუტნენ. ბიჭმა ორივეს ერთად შემოჰხვია ხელები, გადაკოცნა. ციური მალევე მოშორდა, ისევ სანდროს დაუბრუნდა, ნათელა კი ბორისის მკლავებში დარჩა, ეხუტებოდა ვაჟს და რაღაცას ჩუმად ეჩურჩულებოდა, რომელიც მხოლოდ ბორისს ესმოდა და მისი სახის გამომეტყველებით ჩანდა, რომ ძალიან ააღელვა გოგოს სიტყვებმა.
- ჰო, ჩემო შავტუხა, მეც ძალიან მომენატრე, მაგრამ ისე აეწყო საქმე, რომ ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. პრაქტიკები მქონდა.
ამასობაში ბებიას შვილიშვილი მიეჭრა, ხელში აიტაცა და დაატრიალა.
- გამიშვი, შე გადარეულო, ძვლები არ დამიმტვრიო! ნურც შენ მოიწყვეტ წელს! - ყვიროდა ბებია და თან კოცნიდა მონატრებულ შვილიშვილს.
სანდრომ გული იჯერა ბებიის მოფერებით, ძირს დასვა და ბორისს დაუძახა.
- ნახე, რა საყვარელი ბებია მყავს?
ბორისმა თავი გაითავისუფლა ნათელასაგან და ქალბატონ კესარიას მიეახლა.
- მოგესალმებით, ქალბატონო კესარია, როგორ ბრძანდებით? - ხელზე ემთხვია მოხუც ქალს ბიჭი, - მე ხომ ვიცნობ ბებიაშენს, სანდრო, დაგავიწყდა შენს ოჯახში რომ გავიზარდე?
- როგორ დავაჟკაცებულხარ და კიდევ უფრო გალამაზებულხარ, ბორის! ლენინგრადში, ალბათ, რუსის გოგოებს ტაციაობა აქვთ შენზე. ასეთ ლამაზ ბიჭს მარტოს ვინ გაგაჩერებს. უკვე გამორჩეული გეყოლება, ხომ ასეა? - ლოყაზე აკოცა ბებიამ სტუმარს და მოეფერა.
- არა, ქალბატონო კესარია, გამორჩეული არავინ მყავს, არც ტაციაობაა ჩემზე. ცუდი, მძიმე ხასიათი მაქვს, უკარებას მეძახიან და მიფრთხიან, - გაიცინა ვაჟმა და შიშნარევი თვალებით მიშტერებულ ნათელას გადახედა.
ქალიშვილის თვალები ბევრ რამეზე მეტყველებდნენ, მათში ჩანდა ნაღველი, ღრმა, ძლიერი სიყვარული, დიდი წუხილი და შიში ამ სიყვარულის დაკარგვისა.
ნათელას ჩახუტების და მისი სიტყვების გამო ისედაც დაბნეული და აფორიაქებული ბორისი, გოგონას თვალების შეხედვამ სულ მთლად გამოიყვანა წყობიდან. ერთი სული ჰქონდა მასთან მივარდნილიყო, გულში ჩაეკრა, დაეკოცნა, გაემხილა მისთვის თავისი უდიდესი გრძნობა, დაემშვიდებინა და აღარასდროს, აღარასდროს გაეშვა ხელი, ასე ჰყოლოდა გულში ჩაკრული სიცოცხლის ბოლომდე. ვეებერთელა ძალისხმევა დასჭირდა გონს მოსასვლელად და თავის შესაკავებლად, რომ სურვილები დაეოკებინა. ამ მდგომარეობიდან ბებია კესარიამ გამოიყვანა, რომელმაც ხელი მკლავზე ჩასჭიდა და სახლისკენ წაიყვანა.
- ნამეტანი გამახარეთ თქვენი ჩამოსვლით. ახლავე სუფრას გაგიშლით, მოშიებული იქნებით... როდის ამთავრებ სასწავლებელს, შვილო და ექიმად როდის დაგვიბრუნდები... დავბერდი, ათასი რამე მაწუხებს და კი მჭირდება კაი ექიმი. ჩემი ახალგაზრდობიდან მახსოვს, ლენინგრადში ნასწავლი ექიმები, კაი სპეციალისტები არიანო.
- თუ რაიმე დახმარების გაწევა შემეძლება, არ დაგზარდებით, ქალბატონო კესარია. მიგულეთ თქვენს სამსახურში. ექიმი ერთ წელიწადში მერქმევა, მაგრამ რამდენად კარგი სპეციალისტი ვიქნები, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, - გაიღიმა ბორისმა.
- ბებია, კარგი სპეციალისტი იქნება, ეჭვი არ შეგეპაროს. ბორისი ისეთი ნიჭიერია, ისეთი მეცადინი, სკოლაში გლეჯდა ყველაფერს, მასწავლებლებს სჯობნიდა და აგიჟებდა საწყლებს, - გაიცინა სანდრომ.
სტუმრები აივანზე მიიწვია ოჯახის უფროსმა დიასახლისმა.
- ნათელა, ხილი მიუტანე ბიჭებს და მერე ჩემთან შემოდით ორივე დები, მომეხმარეთ, - თქვა ქალბატონმა კესარიამ და სამზარეულოში შევიდა.
ნათელა ადგილიდან არ იძროდა, მონუსხული შეჰყურებდა ბორისს და ვერ მიმხვდარიყო, რა დაავალა ბებიამ და რა უნდა გაეკეთებინა, სანამ ციურიმ არ მოჰკიდა ხელი და სამზარეულოში არ შეიყვანა.
- ნათელა, აზრზე მოდი, ნუ გამოშტერებულხარ! გინდა შენზე იმ ბიჭს შეხედულება გაუფუჭო? გინდა აფიქრებინო, რომ ისეთივე ხარ, როგორც რუსი გოგოები, და კაცის დანახვაზე გიჟდები? ხომ იცი, რომ მას არ მოსწონს ასეთები, არ უყვარს ბიჭებზე დაფეთებული გოგოები, - წასჩურჩულა ციურიმ დას, - წესიერად მოიქეცი, როგორც კარგად აღზრდილ, პატიოსან ქალიშვილს შეეფერება!
ნათელა დის სიტყვებმა გამოაფხიზლა, ცრემლებით სავსე თვალები დახარა და ბებიის დავალების შესასრულებლად წავიდა.
გოგო მთვარეულივით დადიოდა, უხმოდ ასრულებდა ბებიის დავალებას, მაგრამ ყველაფერი ეშლებოდა, ხელიდან უვარდებოდა. ციური გვერდით ედგა და ხან კაბის ბოლოზე მოქაჩვით, ხან კი მუჯლუგუნით მოჰყავდა აზრზე.
არც ბორისი იყო საღ გონებაზე, სანდროს საუბარში არ ჰყვებოდა, ყურსაც არ უგდებდა და ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, არ იცოდა, რა ეპასუხა მეგობრისათვის. საწყალი მთლიანად თავის გრძნობებში და ფიქრებში იყო ჩაფლული. ყურში ნათელას ნაჩურჩულარი ჩაესმოდა, - “ბორია, ვერ წარმოიდგენ, როგორ მომენატრე... ვერ წარმოიდგენ... ძალიან მიყვარხარ და ვეღარ ვძლებ უშენოდ... ძალიან მიყვარხარ, არანორმალურად მიყვარხარ... გესმის ჩემი?” - ეუბნებოდა ამას გოგონა, ტანზე ეკვროდა და ბიჭი ახლაც გრძნობდა მისი სხეულის თრთოლას. ამან გამოიყვანა წყობიდან, ააღელვა და გააბრუა. ნათელას გვერდით ყოფნა საშიში იყო. რა გაეკეთებინა ისეთი, რომ არც თავი გაემჟღავნებინა, არც გოგონა ჩაეგდო სასოწარკვეთაში, ვერ მოეფიქრებინა. თითქმის ექიმს, კარგად ესმოდა, რაც ხდებოდა ნათელას არსებაში, ხვდებოდა, რომ სიყვარული და ვნება ერთდროულად აფეთქებულიყო მასში და გამოუცდელი, მიამიტი გოგო გრძნობებს ვერ უმკლავდებოდა. გაგონილი ჰქონდა, შავგვრემანი ქალები ძლიერი ტემპერამენტის მატარებლები არიანო, მაგრამ ქართველ ქალებზე მას სულ სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდა. თვლიდა, რომ ისინი გაწონასწორებული, მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდნენ ამ საკითხში და საკუთარ გრძნობებს და ქცევებს აბსოლუტურად აკონტროლებდნენ. იმიტომ მოსწონდა ქართველები, იმიტომ არ უნდოდა რუსი გოგო შეერთო ცოლად, ვერ იტანდა გამჟღავნებულ სექსუალურობას. ახლა კი, მისი საყვარელი შავტუხა სიყვარულისა და ვნებისაგან ისე იყო შეპყრობილი, გონება ჰქონდა საწყალს არეული.
- ო. ბორია, ბორია, შენ ისევ სხვაგან ხარ! - ხმამაღლა თქვა სანდრომ, - თქვი მაინც, რა მოგივიდა, იქნებ გირჩიო რამე, - გაიცინა სანდრომ და განაგძო, - რა გიქნა, ძმაო, იმ გოგომ ამისთანა, რომ გამოგაშტერა? თუმცა, შენ უარჰყოფ, მაგრამ კისერს მოვიჭრი, თუ შენი ასეთი მდგომარეობა, გოგოს ბრალი არ იყოს!
ბორისმა თვალებში შეხედა მეგობარს, უნდოდა ისეთივე პასუხი გაეცა, როგორც ადრე გასცა, რომ არანაირი გოგო არ არსებობდა, მაგრამ აივანზე გამოსასვლელ კარებში მდგარი ნათელას თვალებს შეეფეთა და მოულოდნელად ბეწვის ხიდზე გავლა გადაწყვიტა.
- ჰო, მეგობარო, შენ გამოიცანი, უბრალოდ, არ მინდოდა გამემჟღავნებინა... ერთი კარგი და საყვარელი გოგონას გამო ვარ ცუდ ხასიათზე... მე ის ძალიან მომწონს და მიყვარს, რამდენიმე ხნის წინ გავიგე, რომ მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ჯერ სრულწლოვანი არ არის და არც მის მშობლებს მოვწონვარ, როგორც ვხვდები... მინდა შევაგნებინო, რომ ჯერ-ჯერობით თავი უნდა შევიკავოთ ურთიერთობისაგან, მანამდე მაინც, სანამ სრულწლოვანი გახდება... დამშვიდდეს, სწავლას მიხედოს და ჩემს გამო ნუ ინერვიულებს, მე სამუდამოდ მისი ვარ, მასზე შეყვარებული და მისთვის მლოცველი... მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ ვუთხრა... მეშინია მისი სათუთი გრძნობა არ შევურაცჰყო, არ იფიქროს, რომ ვატყუილებ... მინდა დარწმუნებული იყოს ჩემს დიდ სიყვარულში და არაფერზე ინერვიულოს... - ამბობდა ამას ვაჟი და თვალს არ აშორებდა ქალიშვილის გაფართოებულ თვალებს, რომლებშიც ნაღველი ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და სიხარულის და სიყვარულის ციმციმა ვარსკვლავებს დაუთმო სარბიელი. ვაჟი შესცქეროდა გოგონას გაღიმებულ, ბედნიერების სხივით გაცისკროვნებულ სახეს, თვალს ვერ სწყვეტდა, თავადაც უღიმოდა და თვალებით ეალერსებოდა.
- შენ, ისეთი კარგი და დამაჯერებელი ლაპარაკი იცი, ყველას დააჯერებ რაშიც გინდა, დაელაპარაკე და დააწყნარე საწყალი გოგო, ისეთი ლამაზი და სექსუალური ხარ, შენი შემხედვარე გადარეული იქნება სიყვარულით, - სანდრო ისე იჯდა, ნათელას ვერ ხედავდა, და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ დიდი გრძნობის გამჟღავნების უნებლიე მოწმე გახდა.
- ეგრეც მოვიქცევი, - თქვა ბორისმა და გაიცინა, ნათელას გაღიმებული სახის დანახვით შვებამოგვრილმა.
მალე სანდროს ბიძა თამაზი, მისი მეუღლე ნაზი და მათი ერთადერთი ქალიშვილი, შვიდი წლის კესო მოვიდნენ. გოგონა წელს სკოლაში უნდა მისულიყო და მშობლებს, სასკოლო ნივთების და ფორმის საყიდლად ჰყავდათ წაყვანილი.
მასპინძლები გაახარა სტუმრების დანახვამ, გულთბილად მიიღეს მოსულები და კარგი სუფრაც გაიშალა.
ნათელას და ბორისის მხიარულმა განწყობამ გააოცა ციურიც და სანდროც. ციური დას ვეღარ სცნობდა, სანდრო კი, სულ რაღაც ერთი საათის წინ დაღონებული და შუბლშეჭმუხვნილი ბორისის გამხიარულებული სახის დანახვამ გააკვირვა და გაახარა. ჩათვალა, რომ ბიჭმა იპოვა მდგომარეობიდან გამოსვლის ჭეშმარიტი გზა და ამან დაამშვიდა.
საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა. მოგვიანებით მთელი ოჯახი სტუმრებთან ერთად აივანზე იჯდა, საუბრობდნენ, ძველ ამბებს იგონებდნენ, ხუმრობდნენ. სანდრომ გიტარა მოატანინა ციურის და მასთან ერთად რამდენიმე ქართული რომანსი შეასრულა.
- ბორის, შენ ყოველთვის გიყვარდა უძველესი კულტურული და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება. ამის გამო, ხან სად მიგვათრევდი, ხან სად, სულ ფეხით მოგვატარე ქართლ-კახეთი, ფშავ-ხევსურეთი და სამცხე-ჯავახეთი, - მიმართა მეგობარს სანდრომ და თვალი ჩაუკრა, - ხვალ არსად წავიდეთ? აქაც ბევრი რამეა დასათვალიერებელი.
- ვიცი, თუ გოგონებს უნდათ, წავიდეთ. საჩხერე დიდი ისტორიის მქონე ადგილია. იგი წერეთლების საკუთრება იყო. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დამდეგს, შაჰ-აბაზისაგან ლტოლვილმა კახეთისა და ქართლის მეფეებმა თეიმურაზ პირველმა და ლუარსაბ მეორემ თავიანთი მხლებლებით, სწორედ აქ, წერეთლებთან შეაფარეს თავი. საჩხერის ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის აშენებული ციხე-სიმაგრე “მოდინახე”. აქ სულ, როგორც მახსოვს, 127 ისტორიული ძეგლია, სავანეში დგას 1046 წელს აშენებული წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელ ქორეთში კი ასევე XI საუკუნის ორი ეკლესია, ერთ-ერთი მათგანია ღვთაების ეკლესია, ბაჯითის XII საუკუნის ეკლესია, ჭორვილის ციხე და ორი ეკლესია, ჭალაში აბაშიძეების კარის ეკლესია, სოფელ დარყაში სამი დარბაზული ეკლესია, სარეკის დედაღვთისას ეკლესია. არქეოლოგიურ გამოკვლევებს თვით ექვთიმე თაყაიშვილი სწავლობდა. დადასტურებულია ცივილიზაციის უწყვეტი განვითარება ადრეული ბრინჯაოს ხანიდან დღემდე.
ბორისი გაჩუმდა და ახლა შეამჩნია ირგვლივმყოფთა მისკენ მიმართული გაოცებული და აღტაცებული მზერა.
- ბორის, დიდი ხანია ვიცი, რომ უგზო-უკვლოდ განათლებული ხარ, მაგრამ ამ წუთში შენგან გაჟღერებულმა უამრავმა ინფორმაციამ, მეც კი გამაკვირვა! ბრავო! - ტაში შემოჰკრა სანდრომ, - საიდან იცი ამდენი, ან ამდენ ინფორმაციას როგორ იმახსოვრებ?
- თქვენ ხომ ხშირად მიდიოდით არდადეგებზე ბებიასთან! ჰოდა, მაინტერესებდა, სად იყო ეს საჩხერე და რას წარმოადგენდა. მოვიძიე და წავიკითხე, - უბრალოდ თქვა ბიჭმა.
- ყოჩაღ, ძმაო, მაგარი ხარ და ფენომენალური მეხსიერება გაქვს! - აღტაცებას ვერ მალავდა სანდრო. ბორისი თამაზმა და ქალბატონმა კესარიამაც შეაქეს. გადაწყდა, მეორე დილიდან ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად უნდა წასულიყვნენ.
- ბიჭებო, ჩემი “მოსკვიჩი” წაიყვანეთ, სოფლიდან-სოფელში ფეხით ხომ არ ივლით? ვერაფერს მოასწრებთ, მთელი თვე დაგჭირდებათ ყველაფერი რომ ნახოთ და დაათვალიეროთ, - თქვა თამაზმა.
- არა, ბიძაჩემო, ფეხით წავალთ, რასაც მოვასწრებთ, იმას ვნახავთ, დიდი მადლობა.
- მადლობა მერე მოიხადე, როცა დაბრუნდებით! მე მინდა, ყველაფერი ნახოთ, თან ჩემს კესოსაც გაგატანთ. მანქანით თუ ივლით, არ დაიღლებით და რამდენიმე დღეში თითქმის ყველაფერს ნახავთ. მერე კი, მე და ნაზი გოგონების ქობულეთში წაყვანას ვაპირებთ. თუ სურვილი გექნებათ, თქვენც ჩვენთან ერთად წამოდით. აჭარაშიც ძალიან ბევრი რამეა საინტერესო.
- მე სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ ბორისი არ ვიცი, რას გადაწყვეტს. რას იტყვი, ბორია, წავიდეთ? - მეგობარს შეხედა სანდრომ.
- სანდრო, ხომ გითხარი, მამასთან მინდა ცოტა ხანს ვიყო. დავპირდი, ორ დღეში დავბრუნდები და სექტემბრის ათამდე შენთან ვიქნები-მეთქი. დარწმუნებული ვარ, მოუთმენლად მელის, - მორიდებით თქვა ბორისმა, ნათელას გადახედა და გულდაწყვეტა წაიკითხა მის თვალებში.
- ყველაფერში კარგი ბიჭი ხარ, მეგობარო, შენი სიყვარული და გულწრფელი დამოკიდებულება სტეფანის მიმართ ამის დადასტურებაა.
ახალგაზრდები მეორე დილით, თამაზ თეთრაძის მანქანით, ადრიანად გაუდგნენ გზას. ჯერ მოდინახეს ციხე დაათვალიერეს, მერე აკაკის სახლ-მუზეუმი, მიჰყვნენ ნელ-ნელა და ორი დღის განმავლობაში თითქმის ყველა საინტერესო ადგილი მოინახულეს.
ყველა მხიარულობდა, ლექსებს ამბობდნენ, მღეროდნენ. ხანდახან ბორისი დადარდიანდებოდა ხოლმე და ნაღვლიანი თვალებით ათვალიერებდა ნათელას, როცა ფიქრობდა, რომ მის მზერას ვერავინ შეამჩნევდა. ბიჭმა შეძლო და დააიმედა საყვარელი გოგონა, მაგრამ, როცა საკუთარ თავში ჩაუღრმავდა სიტუაციას, მიხვდა, რომ მათ სიყვარულს განხორციელება არ ეწერა და საბოლოოდ გადაწყვიტა ლენინგრადში დარჩენა. მას გოგონასთან ურთიერთობის ბოლო დღეები ჰქონდა. იმის წარმოდგენა, რომ ეს საყვარელი, მის ხელში გაზრდილი ბავშვი უნდა მიეტოვებინა, გული ეტკინა მისთვის და სხვისთვის დაეთმო, გულს უხეთქავდა. მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ნათელას სრულწლოვანებამდე კიდევ სამი წელიწადი იყო, თავადაც დაიტანჯებოდა და გოგონასაც დატანჯავდა. თუ აღარ დაბრუნდებოდა, იქნებ გოგონასაც განელებოდა სიყვარული და დაწყნარებულიყო. თავად კი ყველაფერს გაუძლებდა, ის ხომ ბავშვობიდანვე შეჩვეული იყო უსიამოვნებებსა და ჭირთათმენას.
მთელი ექსკურსიების მანძილზე ცდილობდა ბიჭი, ზედმეტად ახლოს არ მისულიყო თავის შავტუხასთან, მარტო არ დარჩენილიყო მის გვერდით, მაგრამ ორჯერ მაინც შეიქმნა უხერხული, ინტიმური სიტუაცია და კინაღამ გადარია საცოდავები. პირველი ქორეთში მოხდა, პირველივე დღეს, ღვთაების ეკლესიის დათვალიერებისას. ხავსმოკიდებულ ქვებზე ფეხი ცურავდა. ერთ-ერთ კედელზე ასვლისას ნათელას ფეხი დაუცურდა, წაბორწიკდა და ბორისს, რომ არ დაეჭირა, რომელიც მის უკან მიდიოდა, გადმოვარდებოდა და დაიმტვრეოდა. ამის წარმოდგენა საკმარისი გახდა ბორისისათვის, რომ შეშინებული გოგო გულში ჩაეკრა და ძვირფასი სახე დაეკოცნა. ნათელაც გადაეხვია ბიჭს, კოცნა დაუწყო. წამიერად ორივე გაითიშა, მაგრამ ბორისი დროზე მოვიდა გონს, ქალიშვილი დასვა, მკლავზე ხელი მაგრად მოჰკიდა და გზა მასთან ერთად განაგრძო.
- ფრთხილად იყავი, საყვარელო, კინაღამ გული გამიხეთქე! - უთხრა ლოყაალეწილ გოგოს და გაუღიმა.
იღბლად, ყველა დანარჩენნი წინ იყვნენ და ეს ინციდენტი არავის შეუმჩნევია.
იმ დღეს საშინლად ცხელოდა და იდარდეს, რომ საბანაო კოსტუმები და პირსახოცები არ წამოიღეს. სამაგიეროდ მეორე დღეს მომზადებული წავიდნენ სოფელ სავანეში. გადაწყვიტეს აკაკის ძიძის ქოხის და XI საუკუნის წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესიის დათვალიერების შემდეგ მდინარე ყვირილაში ებანავად. ბორისს მაინც და მაინც არ ხიბლავდა გოგონებთან ერთად ბანაობა, არც თავისი შიშველი სხეულის გამომზეურება სურდა, რომლის შეხედვაც ზედმეტად აღელვებდა მის ნაცნობ ქალიშვილებს ლენინგრადში, და არც ნათელას სიშიშვლის ცქერა უნდოდა, მაგრამ რა უნდა ექნა. მის გარდა ყველა აღფრთოვანებული იყო ბანაობის მოლოდინში. მეორე ინციდენტი სწორედ ბანაობისას მოხდა.
იქ სადაც მათ უნდა ებანავად, მდინარე ყვირილას კალაპოტი ვიწრო იყო, დიდი ლოდებისაგან შეგუბებული, ოდნავ მდორე და ღრმა.
აკაკის ძიძის ქოხის და წმინდა გიორგის ეკლესიის მონახულების შემდეგ, ახალგაზრდებმა ყვირილის პირას გაშალეს სუფრა, წამოღებული საჭმელი მიირთვეს და საბანაოდ გაეშურნენ. ბორისმა ფეხი მოითრია, თქვენ იბანავეთ, მე წამოვწვები, ცოტას დავისვენებ და მერე ვიბანავებო, თქვა და მდელოზე წამოწვა.
- კარგი, რა, ბორია, ციური მაგარია, თავს მიხედავს, მაგრამ ნათელა კარგად ვერ ცურავს, კესოსაც არ ეცოდინება ცურვა, მე რომელ ერთს მივხედო? ადე, ადე, მიხედე შენს შავტუხას, ხომ ისევ ასე ეძახი? მე კი კესუნას ვაბანავებ.
ბორისი წამოჯდა და მდინარისკენ გაიხედა. სამივე გოგო ნაპირზე იდგა და მას მისჩერებოდა. ზლაზნვით წამოდგა წელმოწყვეტილი, თავჩაღუნული მივიდა მდინარის ნაპირზე, ჯერ პერანგი გაიხადა, იქვე ბუჩქზე გადაკიდა, შემდეგ ფეხსაცმელი და შარვალი და მდინარეში შევიდა. მხოლოდ მაშინ გამოხედა ნაპირზე დარჩენილებს, რომლებიც მას მისჩერებოდნენ.
- ო, ბორის, ბორის! აფსუს, რომ არ შეგიძლია ჰოლივუდში წასვლა, თორემ კერი გრანტსაც და კლარკ გეიბლსაც ჭოჭს მისცემდი, ისეთი ლამაზი ხარ, ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავხარ. მიკვირს ლენინგრადელმა გოგოებმა ცოცხლად რომ არ გადაგყლაპეს, - სიცილით თქვა სანდრომ და კესოსთან ერთად წყალში შევიდა. მას ციურიც მიჰყვა. ნათელა გაშტერებული იდგა ნაპირზე, გახდილი სარაფანი ხელში ეჭირა და ბორისს შესცქეროდა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ვერც ერთი ვერ ახერხებდა მდგომარეობიდან გამოსვლას. ბოლოს ისევ ბორისი მოვიდა გონს და გასაგრილებლად და აზრის მოსაკრებად ცივ წყალში ჩაყვინთა. როცა წყლიდან თავი ამოჰყო ნათელა უკვე მდინარეში შედიოდა. ბიჭს თვალი მოსტაცა დაქალიშვილებული გოგოს შეხედვამ, მისი ტანის ქალურმა ფორმებმა და სილამაზემ. მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა და სიღრმეში შეიყვანა. ნათელამ წყალში თავი ვერ შეიმაგრა და ორივე ხელით ბიჭს მოეჭიდა. ბორისმა ხელში აიყვანა გოგო და მასთან ერთად გაემართა სიღრმისაკენ.
- შორს ნუ წამიყვან, ბორია, მეშინია! - ეჩურჩულებოდა ჩახუტებული, ორივე ხელით კისერზე ჩამოკიდებული გოგო და სულ უფრო და უფრო ეკვროდა.
- ნუ გეშინია, საყვარელო, ხელს არ გაგიშვებ, L- ლუღლუღებდა საწყალი და თავს აძალებდა, აზრზე მოსულიყო, არ აჰყოლოდა ვნებას და თავი გაეკონტროლებინა, მაგრამ ოცდაორი წლის უზომოდ შეყვარებული ბიჭისათვის, რომელსაც თითქმის შიშველი, სანატრელი გოგო ჰყავს ხელში აყვანილი და კისერზე შემოხვეული, ეს ძალიან ძნელი აღმოჩნდა. ბორისს წამიერად ნებისყოფამ უღალატა, მთელი ძალით ჩაიკრა ქალიშვილი მკერდში, ყურის ძირი დაუკოცნა, გაყუჩდა და ძვირფას ტვირთთან ერთად წყლის ქვეშ გაუჩინარდა. იმავე წუთს ამოცურდა წყლიდან და ნათელას დაჰხედა. ქალიშვილი მშვიდი თვალებით შესცქეროდა და არაფერს ამბობდა.
- ხომ არ შეგაშინე, საყვარელო? - ჩუმად ჰკითხა, რატომღაც ეგონა, რომ გოგო შეშინდებოდა.
- შენთან ერთად არაფრის არ მეშინია... არც დახრჩობის... ნეტავ ასე მამყოფა მთელი სიცოცხლე... - ამბობდა გოგო და ბიჭს ხელს არ უშვებდა.
- ბორია, მაპატიე, ჩემი და შენ აგკიდე, მასთან ერთად ბანაობასაც ვერ მოახერხებ ისეა შენზე ჩაფრენილი, - მიცურდა მათთან სანდრო - მომეცი ნათელა, მე ვაცურავებ, კესო ჩემზე კარგად ცურავს, იხვივით ყურყუმალაობს, წადი, შენც იმათთან იცურავე! სანდრომ ძლივს ჩამოხსნა ბორისს ჩაჭიდებული გოგო და ნაპირისაკენ გაიყვანა, სადაც შედარებით დაბალი წყალი იყო, წელზე ხელი მოჰკიდა და აიძულა თავად ეცურა.
- მოინდომე, ხომ უნდა ისწავლო ბოლოს და ბოლოს! - უყვიროდა დას სანდრო, - კუნძივით ხარ, ჩაიძირები, აბა რა მოგივა! ამოძრავე ხელებიც და ფეხებიც.
ნათელა განცდილისაგან ისევ შოკში იყო, აზრებს ვერ იკრებდა, ძმის სიტყვებს ვერ იგებდა, არ ასრულებდა და ამით საშინლად აბრაზებდა მას.
სანდროს მოქმედებამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოიყვანა ბორისი, რომ იტყვიან დროზე მიუსწრო, თორემ ნათელას სიტყვების მოსმენის შემდეგ, აზრზე ვეღარ იყო საცოდავი, ყველაფერი ერეოდა გონებაში და რას გააკეთებდა თავადაც არ უწყოდა. არნახული სისწრაფით გაცურა ციურისა და კესოსაკენ, მათი შეთავაზება გასწრებაზე მიიღო და თავდაუზოგავად ჩაება შეჯიბრში. შემდეგ გოგოებს ხელი დაუქნია, მდინარის მეორე ნაპირისაკენ გაცურა, ფლატეზე აცოცდა და იქვე მზესუმზირების და სიმინდის ყანაში გაუჩინარდა, რომელიც წისქვილს ერტყა გარს და შესაბამისად, სავარაუდოთ მეწისკვილეს ეკუთვნოდა. იქიდან სიმინდის ტაროებით და მზესუმზირების გვირგვინებით დატვირთული გამოვიდა. მდინარესთან ახლოს მივიდა და გოგონებს დაუყვირა:
- გადმოგიყრით სათითაოდ, დაიჭირეთ და ნაპირზე ისროლეთ. შემწვარ სიმინდს გაჭმევთ.
დაპირება მართლაც შეუსრულა და ნაკვერჩხალზე შებრაწული ტაროები მიართვა თანამგზავრებს.
ცივი წყლით მოსულიერებულმა გადაწყვიტა მეორე დილითვე დაეტოვებინა საჩხერე და მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულიყო. მთელი საღამო ემალებოდა ნათელას მზერას, სულ თავდახრილი დადიოდა და მოწყენილი იყო.
- ბორია, რა მოგივიდა, ჩვენ ხომ კიდევ რამდენიმე დღე უნდა დავრჩენილიყავით, გეწყინა რამე? - ეკითხებოდა სანდრო.
- სანდრო, რას ამბობ, რა უნდა მწყენოდა? ხომ ვთქვი, მამასთან მინდა ყოფნა-მეთქი. სხვაგვარად როგორ გითხრა?
დილით ადრიანად ადგა ყველა. საუზმე გაუმზადეს ბორისს, კიდევ ერთხელ თხოვეს რამდენიმე დღით დარჩენა, შემდეგ კი სანდრომ და გოგონებმა ავტობუსამდე გააცილეს. ბორისი ჯერ სანდროს გადაეხვია, მადლობა მოუხადა შესანიშნავი მოგზაურობისათვის, მერე კესო აიყვანა ხელში, მოეფერა, გადაკოცნა, ბოლოს ციურის და ნათელას ერთდროულად მოჰხვია ხელი, ორივე ერთდ ჩაიხუტა, ორივეს ლოყაზე აკოცა.
- ალბათ, თქვენს ჩამოსვლამდე დავრჩები და კიდევ გნახავთ, - უთხრა მათ, სწრაფად გაუშვა ხელი, ავტობუსში ავიდა, ფანჯრიდან გადმოხედა გამცილებლებს, ხელი დაუქნია და ავტობუსიც დაიძრა.
ბიჭი შებრუნდა, აღარ უნდოდა დაენახა ნათელას ცრემლით სავსე თვალები და ნაღვლიანი სახე. თავად უფრო უჭირდა. მან იცოდა, რომ ნათელას ჩამოსვლისთვის უკვე ლენინგრადში იქნებოდა, გაისად, აღარ გარისკავდა, საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა და თავისი ხილვით ზედმეტად აღარ გააღიზიანებდა საყვარელ გოგოს. საშინლად სტკიოდა გული, სასოწარკვეთილი იყო და ტირილი უნდოდა. თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა - რატომ? რატომ სდევნიდა უსიამოვნება და ტკივილი მთელი ცხოვრების განმავლობაში?
მკლავები წინა სკამის საზურგეზე დააწყო და თავი ზედ დადო, რომ იქ მყოფებს მისი ცრემლმომდგარი თვალები არ დაენახათ. კარგა ხანს იჯდა ასე თავდაღუნული და ვინ იცის მერამდენედ, თავის უბედურებებს ჩუმად, უცრემლოდ დასტიროდა.