ამასობაში ზაფხულიც დადგა. სოსო ისევ ექსპედიციაში მიდიოდა და არაფრით არ უნდოდა თამარის დატოვება. არ იცოდა, რა ექნა. რომ არ წასულიყო არ შეიძლებოდა. ბოლოს, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა, შესთავაზა თამარს ჩუმად დაქორწინებულიყვნენ და ერთად წასულიყვნენ ექსპედიციაში. თამარმა უარი უთხრა.
- ხომ იცი დედაჩემის აზრი და მის წინააღმდეგ არ წავალ, ხომ გვთხოვა ქორწინების გადავადება.
- შენ ალბათ არ გიყვარვარ, არ გენაღვლება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს - უცბად აყვირდა სასოწარკვეთილი ბიჭი - ისე რომ გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ, დამთანხმდებოდი. გული მეუბნება, რომ ჩვენ დაგვაშორებენ!
მოკლედ, შეყვარებულებმა, სოსოს ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე, არაფრის გულისათვის, სერიოზულად იჩხუბეს.
თამართან ორი თვით დაშორების გამო გულშეწუხებულმა, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულმა ფიცხმა ბიჭმა, მეორე დღეს თამარს აღარ მიაკითხა. მესამე დღეს კი, ჯგუფი უკვე კოლხეთის დაბლობზე საძიებო სამუშაოების შესასრულებლად მიდიოდა.
სოსოს იმედი ჰქონდა, რომ თამარი აუცილებლად მივიდოდა რკინიგზის სადგურში მის გასაცილებლად. მაგრამ თამარი, სოსოს სიტყვებით შეურაცჰყოფილი და ნაწყენი, არ მივიდა.
ვაჟი განერვიულდა, თამარის უნახავად წასვლა არ შეეძლო. თავისი ბარგი მეგობრებს დაუტოვა, თვითონ კი დაძრული მატარებლიდან ჩამოხტა და თბილისში დარჩა. ორ დღეში ჩამოვალო, მიაძახა გაოცებულ ჯგუფელებს.
სოსო თამართან მივიდა, უნდოდა, როგორც ყოველთვის, პატიება ეთხოვა მისთვის და შემოერიგებინა საყვარელი ქალიშვილი, მაგრამ თამარი სახლში არ დახვდა. ვერიკომ უთხრა, რომ თამარი მარეხის დაბადების დღეზე იყო წასული.
სოსოს ძალიან ეწყინა, რომ თამარმა მეგობრის დაბადების დღეზე წასვლა არჩია, მის გასაცილებლად მისვლას. თავჩაქინდრული წამოვიდა გიორგობიანების სახლიდან, ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა, დიდ ვერხვის ხეს მიეყრდნო და თამარის ლოდინი დაიწყო. ნერვიულობისგან ჭკუაზე აღარ იყო, უკვე ნამდვილად შეეპარა ეჭვი თამარის სიყვარულში.
კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, დაინახა აღმართზე მომავალი თამარი ვიღაც ბიჭთან ერთად. ახალგაზრდები წყნარი საუბრით მოდიოდნენ.
სოსოს ეჭვიანობისაგან გონება დაებინდა, ეგონა გული გაუსკდებოდა და ადგილზე მოკვდებოდა. მოთმინება დაჰკარგა, სამალავიდან გამოვიდა, წინ გადაუდგა ქალ-ვაჟს და ხმამაღლა, თითქმის ყვირილით მიმართა შეშინებულ და დაბნეულ თამარს.
- გეგონა უკვე გავემგზავრე და ვეღარ დავინახავდი, რასაც სჩადიოდი? ასე უცბად დამივიწყე და გართობა და სეირნობა მოინდომე? ახლა ყველაფერი გასაგებია ჩემთვის! შენ არ გიყვარვარ, იმიტომაც მითხარი უარი დაქორწინებაზე და ყველაფერი დედაშენს დააბრალე. გმადლობ, უფალო, რომ სინამდვილე დამანახვე - ისეთი გაშმაგებული იყო, თავს ძლივს იკავებდა, რომ თამარის გამცილებელი არ ეცემა, მერე უცბად შეტრიალდა და ისე სწრაფად, თითქმის სირბილით გამოშორდა იქაურობას, თამარს ერთი სიტყვის თქმის საშუალებაც არ მისცა.
თამარის გამცილებელი ბიჭი მარეხის უმცროსი ძმა იყო. ის ცალკე შეწუხდა, რით დაემშვიდებინა გოგო, არ იცოდა. თამარმა ბოდიში მოუხადა გულწრფელად დადარდიანებულ ბიჭს, ტირილი დაიწყო და სახლში შევარდა.
თამარის დაწყნარება შეუძლებელი გახდა. ქალიშვილი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. ისევ სიცხეები მისცა და ავად გახდა.
მთელი ზაფხული დარდსა, სასოწარკვეთაში და სოსოს წერილის მოლოდინში გაატარა თამარმა. წერილი კი არ ჩანდა.
ქალიშვილი სულ უფრო მეტად ადანაშაულებდა დედას, თავის უბედურებაში. ვერიკო რომ თანახმა ყოფილიყო, ახლა ის სოსოს ცოლი იქნებოდა, ბიჭი დაწყნარდებოდა, ასეთი ეჭვი და გაღიზიანება აღარ ექნებოდა მის მიმართ. მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება იქნებოდა მათი ცხოვრების თანამგზავრი.