ყოველ გაზაფხულზე სულ ერთი და იგივე მეორდებოდა. წითელქოჩორა შავი კოდალა ხეკაკუნას ფართე ფუღუროში ყველას უნდოდა ადგილის დაკავება ბარტყების გამოსაჩეკად. თვითონ კოდალასაც სჭირდებოდა თავისი საკუთარი ბუდე და დაუპატიჭებელ სტუმრებს ისიც გარეთ აძევებდა, თუ თავის ფუღუროში ვინმე უცხო დახვდებოდა. ბუკიოტი ნანო ყოველთვის შავი კოდალას ფუღუროს ირჩევდა. წითელქოჩორა შავი კოდალა ხეკაკუნა ტყეში იმით იყო ცნობილი, რომ საუკეთესო ხის ხურო გახლდათ. მხოლოდ მას შეეძლო ფუღურო გაეკეთებინა. ზოგში ციყვი ცხოვრობდა, ზოგში კვერნა. ერთი სიტყვით, დასწრებაზე იყო ყველაფერი და სიყოჩაღეზე. ისეც მომხდარა, რომ ვისაც ყველაზე ადრე დაუკავებია ადგილი, უკან დაბრუნებულს სხვა დახვედრია თავის მიერ ამორჩეულ სახლში და სწორედ მაშინ იმართებოდა გააფთრებული ორთაბრძოლა, იმისთვის, რომ თავისი ადგილი დაებრუნებინა მოქიშპეს თუ მოერეოდა და პოზიციებს დაათმობინებდა.
ამდენი ჩხუბის და დავიდარაბის შემდეგ შავმა წითელქოჩორა ხეკაკუნა კოდალამ ისევ ბუკიოტთან ამჯობინა სახლის გაყოფა, რაც ორივესთვის მოსახერხებელი იყო - ერთს დღისით სჭირდებოდა სახლი, მეორეს კი ღამით. ამიტომ ფუღურო დღისით და ღამითაც დაცული იყო მომხდურებისგან. *** თბილისის ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებმა თხუნელამ კი თავის სოროში ფუღუ შეისახლა, რომელიც ისეთი პატარა არსება იყო, რომ ადგილს თითქმის არ იკავებდა. იმის გამო, რომ ფუღუ ერთი ციცქნა იყო, ყველაფერში უჩვეულო იყო. თავისზე ოთხჯერ მეტი საჭმელი უნდა ეჭამა, რომ თავი გადაერჩინა და დიდ ხანს ეძინა, რომ ენერგია დაეზოგა.
ფუღუს ყველაზე ძალიან ბუკიოტის ეშინოდა, რომელიც მისი მოსისხლე მტერი იყო. ფუღუს როგორც შეეძლო ემალებოდა, მაგრამ ერთხელაც არ გაუმართლა, ბუკიოტმა კლანჭებში მოიხელთა და თავის ფუღუროში გაიტაცა.
უკვე თენდებოდა და ბუკიოტს აღარ შიოდა, მთელი ღამის ნანადირევი გახლდათ და დაძინება არჩია, ამიტომ ფუღუ აღარ შეჭამა.
ხეკაკუნა წითელქოჩორა შავი კოდალა შეეფეთა საზიარო ფუღუროს შესასვლელთან.
- ძილი ნებისა, ღორმუცელავ, რით ვერ გაივსე მუცელი, შე გაუმაძღარო, შენა?! ეს ციცქნა უმწეო არსება მაინც შეიცოდე და გაუშვი! ვერ ხედავ რომ სულ ერთი ციდაა? ლუკმადაც არ გეყოფა და არც დაგანაყრებს!
- არა , რას ამბობ? შეჭმას არც ვაპირებ, - იცრუა ბუკიოტმა. - ჩემს ბარტყებთან მოვიყვანე სათამაშოდ. ცოტას გაერთობიან და მერე უკან წავიყვან და გავუშვებ.
- რაღაც შენი არ მჯერა,- დაეჭვდა ხეკაკუნა კოდალა. - შენ ისეთი მსუნაგი ხარ, შეუჭმელს არაფერს ტოვებ რასაც ფუღუროში შეიტან.
- ახლავე უნდა გაათავისუფლო, მე შენ გეუბნები, გაუშვი ახლავე! - ჩხუბი დაუწყო ნამგალა ჩიტმა, - შენ რა, თვალში ხომ არ გეპატარავება? იცი ეგ ვინ არის? - სხვა ჩიტებიც გამოექომაგნენ ფუღუს.
- საიდან უნდა ვიცოდე? - შეცბა ბუკიოტი.
- ხოდა, თუ არ იცი, ეხლავე მოგახსენებთ. ფუღუ მსოფლიოს ჩემპიონობის კანდიდატია ყველაზე პატარა ძუძუმწოვრებს შორის. კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მალე ტაილანდში გაიმართება. მოსაწვევი ჩვენ ჩამოვუტანეთ, - არ ცხრებოდნენ ნამგალა მეკირია ჩიტები.
- მერე რა რომ მოსაწვევი ჩამოუტანეთ? - უკან არ იხევდა ბუკიოტი, - ტაილანდში როგორ წავა?
- შენ გაუშვი და დანარჩენს უშენოდაც კარგად მოვახერხებთ.
- დიდი მადლობა, ძმებო, გადარჩენისთვის და კონკურსზე დაპატიჟებისთვის. ახლა სახლში წავალ, თორემ თხუნელა ინერვიულებს თუ დროზე არ მივალ.