თავი პირველი - ჩარლი ასეულის ასმეთაური გიორდი სარდილიშვილი
3 სექტემბერი 2008
გეტყვით ყველაფერს. გეტყვით ზუსტად. ის წყეული დღეები ერთმანეთს როგორ გადაეწყო და გეტყვით ვიდრე ჯერ კიდევ პირში სული მიდგას და ღმერთმა უწყის რამდენი წამიღა დამრჩა აქ, სააქაოში ყოფნისა. გავიფიქრე და ცას გავხედე, აფეთქებები ყველა მხრიდან მესმოდა, შორიდანაც და ახლოდანაც. ისმოდა სროლა და ვერტმფრენთა გრუხუნი.
გახლავართ გიგლა, სარდლიშვილი გიორგი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის, მესამე ჩარლი ასეულის ასმეთაური. ლეიტენანტი... და ახლა, როცა სასიკვდილოდ ვარ დაჭრილი და ჰოსპიტალში შესაძლოა სულიც ამომხდეს და მგონი სიკვდილის წინ დრომ სვლა შეანელა, თუ საერთოდ არ გაჩერდა, მოვასწრებ ვთქვა...
იმ დღეებში ჩვენ კრწანისის პოლიგონზე ვიყავით, საერაყო წვრთნებს გავდიოდით, სხვა ბრიგადა უნდა ჩაგვენაცვლებინა, ეგ იყო ამოცანა და მაშინშ2მა, დაზვერვის სამსახურის ოფიცერმა, ამბავი მოიტანა, 4 აგვისტოს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 1 აგვისტოს ქართულ სოფლებზე თავდასხმის შემდეგ, იმ სოფლებში გაემგზავრაო. ადგილობრივებს შეხვედრია და ეუთოს წარმომადგენლებსაცო, გაერთიანებული სამშვიდობო ძალების სარდალსაც, უმაღლეს სამხედრო ხელისუფალსაცო. დაზვერვის სამსახურის ოფიცერი თათბირზე ყვებოდა, ჩვენი სახელმწიფო მინისტრი მზად იყოო სეპარატისტთა წარმომადგენლებსაც შეხვედროდაო, მაგრამ ისინი არ თანხმდებოდნენო, მაინც იყო ერთი შედეგი, დაბრუნებისთანავე სახელმწიფო მინისტრმა, სეპარატისტებთან ორმხრივი შეხვედრის მოწყობის თაობაზე, მოლაპარაკებები ისევ განაგრძო. მაშინ მედიაში დიდი ანტი ქართული ისტერია აეტეხათ, თითქოს ჩვენ დავესხით ოსეთს და თითქოს ამ თავდასხმის მიზანი, ეთნიკური ოსების გენოციდი იყოო. დამეთანხმებით ამ მიზანმიმართულ სიბოროტეს მილიონობით ადამიანის შეცდომაში შეყვანა შეუძლია და ასეც იყო იმ დროს, თან ოლიმპიადა ახლოვდებოდა, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო მართლაც ვინ წარმოიდგენდა ომი რომ იმ დღეს დაიწყებოდა. 5 აგვისტოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ადგილზე გაეცნო, ცხინვალის რეგიონის, ქართულ სოფლებზე, სეპარატისტების მიერ, ყველა განხორციელებული აგრესიის შედეგებს.
თანაც ეს ხდება მაშინ, როცა მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის პრევენციული მოქმედებისა, იმათ მაინც შემოიყვანეს სამხედრო დანაყოფები, შემოიყვანეს ჩვენს საზღვრებში და მოემზადნენ, აი ასე, ფეხებზე მკიდიხართ თქვენ, თქვენივე ყველა თანამეგობრობით და თქვენი ქვეყნიანად აღეგავებით ერთხელ და სამუდამოდ თქვენივე დამოუკიდებელი სახელმწიფოთიო, აღეგავებით პირისაგან მიწისა, იმეორებდნენ ასე დღედაღამ... და მოემზადნენ, დიდი ესკალაციისთვის, ვითარების ფართომასშტაბიან ომში ესკალაციისთვის. ჩვენი ბრიგადის გეგმები წამებში შეიცვალა, ველოდით მთავარსარდლის ბრძანებას.
6 აგვისტოს გახსნეს ცეცხლი. ზუსტად ამ დღეს. შეიარაღებულმა ფორმირებებმა, სოფელ ნულში განლაგებულ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს გაუხსნეს ცეცხლი. ისროდნენ ნაღმსატყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან. იმავე დღეს და იმავე დროს, ცეცხლი ქართულ დასახლებულ პუნქტსაც გაუხსნეს, დიახ, სწორედ სოფელ ნულს, ხოლო ხეთაგუროვიდან ცეცხლი, ავნევში განლაგებულ სამშვიდობო ძალების საგუშაგოებს გაუხსნეს. ეგრე იყო. ოფიცერმა შტაბის უფროსს ისიც უპატაკა, რომ სროლა ოსური სოფლიდან იყო დაწყებული, სახელიც ვიცი იმ სოფლის, ტილინა. გამოიყენეს 82 მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნები, ყუმბარსატყორცნებიც და მუშაობდნენ სნაიპერებიც.
სწორედ ექვსში, თბილისში, მაგათი საგანგებო დავალებათა ელჩი ჩამოვიდა, თუმცა 7 აგვისტოს, ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. გასაკვირი არაა. მიზეზი მაგარი სულელური მოიგონეს, გვინდა შეხვედრა, მაგრამ მანქანის საბურავი დაგვეშვა და ვერ მოვდივართო. ომი მართლაც დაწყებულიყო, მაგრამ ჩვენი მხრიდან საპასუხო ცეცხლი ჯერ დუმდა. მარტო ის ერთი ბატალიონი პასუხობდა. იმავე დღეს, სარაბუკის მიმართულებითაც იყო სროლა. მსხვილკალიბრიანი ავტომატური იარაღიდან ისროდნენ და თავდასხმა ხანმოკლე შეჩერებით გაგრძელდა დილამდე. დილის ექვს საათამდე.
ხეთაგუროვი, ოსური მხარის ძირითადი საარტილერიო ბაზა იყო, მაქედანაც და პრინევიდანაც და როგორც S2ის ოფიცერმა თქვა, უბიათიდანაც, ქართულ სოფლებს, ერედვს, ფრისს, ავნევს, დვანსა და ნულს, ნაღმები დაუშინესო და მთელი ღამის განვმავლობაში იყოო სროლა. ჩვენთვის ყველასთვის ნათელი იყო, რომ სეპარატისტები და რუსები, წინასწარ ემზადებოდნენ, წინასწარ, კარგად დაგეგმილად და აქტიურად ემზადებოდნენ, ჩვენს წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად.
7 აგვისტოს, დილის სამსა და ორმოცდაერთზე, დაახლოებით 150 ერთეული ჯავშანტექნიკა და სხვა მანქანები, სატვირთო მანქანებიც კი, როკის გვირაბში შევიდა.