პირველ თავამდე
ალექსანდრემ თვალები აახილა.
„ყველაფერი დასრულდა”, კაცის ხმა გაიგონა. მას ეუბნებოდნენ. „დაიწყო ახალი თქვენი ცხოვრება. იცით ახლა სად იმყოფებით? ვინ ხართ?“
„კონცერტმა როგორ ჩაიარა?“ ჩუმად ამოღერღა ალექსანდრემ. „ ცოცხალი ვარ, მადლობა ღმერთს... აქ რამდენი ხანი ვარ? ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემ ცხოვრებაზე ღმერთს ველაპარაკებოდი. ყოველ ჩემ შემხვერდს ველაპარაკებოდი. მე ალექსანდრე დევდარიანი ვარ. პიანისტი. მე ჩემ ამბავს ვყვებოდი.“
თავი პირველი
შთაგონება
...როცა შთაგონებას განვიცდი, ყოველთვის ერთნაირად მიხარია. თუმცა შთაგონებული სახეების ცქერაც მიყვარს. ძველ ფრესკებზეა ხოლმე ასეთი სახეები, რაღაც დიდი ხილვისგან ჩაფიქრებული სიჩუმე ადევს მათ მზერას და მიღმა იყურებიან. ფრესკა, სიძველით კი არა, ლოცვისგან გაცრეცილი გეჩვენება...
ჩემი ამბავი შთაგონების და აღფრთოვანების ამბავია და შეძლებისდაგვარად ლაკონურად მოვყვები, თუმცა არაფრის გამოტოვება მსურს და მინდა სწორედ შთაგონებით სავსე თავგადასავალი გაგანდოთ. თავგადასავალი რომელიც ახლაც გრძელდება და ალბათ არასდროს უწერია დასასრული და ყოველთვის ერთ კითხვას მიჩენს - თუ კი მივაგნებ ჭეშმარიტებას, ის, ის იქნება რასაც მე ვეძებ?
მე მუსიკოსი ვარ. პიანისტი... და ისეთი წიგნების კითხვა არასდროს მხიბლავს სადაც მუსიკა, თვითონ მუსიკოსების მიერაა აღწერილი. ასეთი წიგნები ადამინებს წარმოსახვის უფლებას ართმევენ. შანს არ უტოვებენ მუსიკა თვითონვე იგრძნონ. მართალია, სიტყვიერად მუსიკის აღწერას, შთაგონების ერთ-ერთ ბრწყინვალე გამოვლინებად მივიჩნევ, რასაც ყოველთვის აღფრთოვანება მოსდევს, მაგრამ მუსიკოსების წიგნები მუსიკაზე, ჩემგან შორს. თუმცა საუბარი სწორედ ჩემზე და მუსიკაზე მომიწევს და გთხოვთ გამიგოთ. მე მხოლოდ საკუთარ განცდებზე ვილაპარაკებ. მე არ მჭირდება მუსიკა, რომელიც სამყაროსთვის ჩაკეტილია. მე მჭირდება სამყარო, რომელიც ღიაა მუსიკისთვის.
ადვილია დაუკრა, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარია თავის გესმოდეს და გაიგო რატომ უკრავ. ამაზე კი სიმართლეს, რამდენადაც ვიცი, არავინ წერს. ამაზე არც არავინ საუბრობს.
რადგან ეს არავინ იცის.
ხოლო ვისაც რამე აქვს სათქმელი ის ყოველთვის ჩუმადაა. მის ნაცვლად მისი მუსიკა მეტყველებს.
თავიდანვე გეტყვით, სხვებთან შედარებით, ერთი შეხედვით შეიძლება წარმატებულიც ვარ. თანაც ისეთი, ზოგჯერ ვფიქრობ, ოდესღაც, სული მართლაც ეშმაკს ხომ არ მივყიდე და ახლა კი აღარ მახსოვს... მაგრამ მენდეთ ასე არ იყო. აქ ეშმაკი, მართლა არაფერ შუაშია. ვფიქრობ აქ მთავარი სწორედ ეს ჩემი კითხვაა - თუ კი მივაგნებ ჭეშმარიტებას ის, ის იქნება რასაც მე ვეძებ? თუ კი ბოლომდე შევიცნობ თავს, ეს მეც დამეტყობა და სამყაროსაც?
მაქვს კლასიკური განათლება.
კონსერვატორიაში სწავლისას კი, ყოველთვის მეგონა, რომ გუშინწინდელი ანგელოზები, გუშინდელი დემონები არიან და გუშინდელი დემონები დღევანდელი ჩემი პედაგოგები გახდნენ. ჩემი მხრიდან უსინდისობა იქნება მათზე ენა მომიბრუნდეს, თუ კი რამე ვიცი, მათგან ვიცი და სხვებისგანაც, მაგრამ მაშინ ასე ვფიქრობდი და ახლა არაფერი გაეწყობა.
მაშინ ისიც გავიგე, რომ რისი მოსმენაც შესაძლებელია, ხშირად მისი დანახვაა შეუძლებელი და თუ გინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მართლა რამე ღირებული გააკეთო, შექმნა რაიმე მართლაც დაუვიწყარი, მართლაც ყველასთვის სასარგებლო, საჭირო, ან თუნდაც გაიგო რამე, მიხვდე რაღაცას, სულ უნდა გახსოვდეს, ის “ერთ მშვენიერ დღეს” მხოლოდ დღესაა და ყოველთვის დღეს იქნება და ყველაფერი დანარჩენი ყალბია, როგორც მეძავის ღიმილი. ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ის ან მეოცნებეა, ან სინდისი ისევე არა აქვს როგორც ჩიტებს არა აქვთ სიმაღლის შიში.
ვცხოვრობ მარტო... თუმცა უკვე აღარ. ვარ ორმოცი წლის. თუმცა ასაკის რიცხვობრივი წყობაც ფარდობითია. ორმოცის ვარ დაბადებიდან დღემდე მოღწეული ასაკით, თორემ შინაგანი ჩემი არსობა ალბათ თორმეტი წლის ბავშვს არ გასცდება. ისევ ისე მიხარია ის რაც ადრე მიხაროდა და ისევ ისე მწყინს ის რაც ადრე მწყინდა. მეუბნებიან დიდი ბავშვი ხარო. შეიძლება ასეცაა, მაგრამ გამოცდილებას რა ვუყოთ და უკვე სისხლში გამჯდარ ჩემ დამოუკიდებლობას, განმარტოებისკენ გაუთანგველ სწრაფვას და ინსტრუმენტთან გატარებულ საათებს, დღეებსა და ღამეებს, როცა უნა მეუბნებოდა, მიჯნური ჩემი, ჩემთვის არასდროს გცალიაო. უნა... ბოლო სამი წელია ერთად ვართ. ხან ერთად ვცხოვრობთ, ჩემთან სახლში, ხან ცალ-ცალკე. ის უფრო ხშირად მოდის, ვიდრე მე მივდივარ მასთან. ერთმანეთი კი ჩემ კონცერტზე გავიცანით. სამი წლის წინ. შემოდგომაზე. პარასკევს. დარბაზში იჯდა. პირველ რიგში. ფეხი ფეხზე გადაედო და მიღიმოდა. კონცერტის მერე, შენობის გარეთ შემხვდა. კაფეში დავლიეთ ყავა და წამშივე ვიაზრეთ, რომ ამაღამვე ერთ ლოგინში აღმოვჩნდებოდით.
როცა დილას აბაზანიდან გამოვიდა და ჩემი პერანგი მოიცვა, მაშინ ვკითხე გვარი.
მთელი ის შაბათი და კვირა ისევ ერთად გავატარეთ. თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით. მაშინ ბანკში მუშაობდა, წინა ხაზის ოფიცრად, კლიენტებთან მომსახურე ოპერატორად. მასაც ის მუსიკა და ის ლიტერატურა მოსწონდა, რაც მე. ის ფილმები და ის სიგარეტი, რაც მე. ისეთივე პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, როგორიც მე და ისევე იტაცებდა სიჩუმე, როგორც მე ვყავდი მას გატაცებული, სანამ ფორტეპიანოსთან ვჯდებოდი და ვნება შემიპყრობდა. ქორწინებაზე არ ვფიქრობდით. სულ ამას ვიმეორებდით მოვა ამის დრო, აუცილებლად მოვა ან არ მოვაო, მანამდე კი ერთად ვიყოთო, ჩვენ-ჩვენ სამყაროებში, ცალ-ცალკე, როგორც ორი ნაპირი, შუაში კი განცხრომისა და ტკბობის ზღვა, რაშიც სიამოვნებით შევცურავდით და თითქოს სამუდამოდ ვიკარგებოდით შიგ. სიზმრებიც კი ერთნაირი დაგვეწყო და უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. მხოლოდ გამოხედვითაც კი შეიძლებოდა გაგვეგო რა გვსურდა იმ წამს.