წინასიტყვაობის მაგიერ უაზრობაა ნაპირზე ფართხალი და იმის მტკიცება,
რომ ზღვაში მარგალიტი არ არის.
საჭიროა ღრმად შეცურო და ჩაყვინთო.
მითიური, ამოუცნობი ქვეყანა შამბალა, სულიერ ბრძენთა საცხოვრისი, ოდითგანვე ძიების საგანი იყო. ამ ბრძენთაბრძენებს ხალხებმა, სადაც მათ კვალი დატოვეს, სახელები უწოდეს: მაჰათმა, მანუ, რიში, ბუდა, არხატამი, ავატარი, ბოდრისატვა, თეთრი საძმოს ადეპტი. შამბალაში მოხვედრა ყოველთვის სიბრძნით გამორჩეულ ადამიანებს შეეძლოთ, რომლებმაც კეთილღირსებითა და ღვთიური სულიერებით დაიმსახურეს ეს მიწვევა. ხშირად, როდესაც ხალხებს და ქვეყნებს გადარჩენისთვის დახმარება სჭირდებოდათ, ისინი ადამიანების გვერდით რჩებოდნენ, სიკეთეს სიკეთისთვის აკეთებდნენ და არა სახელისთვის, და სწორედ ამაში მდგომარეობდა მათი სიბრძნეც და სიყვარულიც.
თანამედროვე ადამიანებმა, ყოველ შემთხვევაში, სწავლულებმა, უკვე გააცნობიერეს, რომ სამყარო მუდმივია, კაცობრიობა კი − დროებითი მოვლენა, რომელიც ხან ტოვებს ამ ცოდვილ მიწას, ხანაც ისევ ბრუნდება, რაც კოსმიური დაპროგრამების შედეგია. სიბრძნე, რომელსაც ახალი კაცობრიობის ადამიანები იძენენ, ტორსიანული ველების ეთერულ მატრიცაშია. მას ვედებში უძველესი სწავლულები აკაშა ქრონიკას ეძახიან, რომელიც დღემდე დედამიწაზე კაცთა მოდგმის უძველეს წიგნად ითვლება, ამიტომ ვედებიც, როგორც სამყარო, მუდმივია და ყველა ეპოქის ადამიანს შეუძლია მისით საზრდოობა.
უხილავი ვედები სხვა სამყაროს ენიდან სანსკრიტზე ითარგმნა და რიშის დიად ბრძენთა მიერ ჩაიწერა ხილულ წიგნებში. აი, ის ბრძენნი: ნანდი დევარი, აგასტიარი-ჰერმესი, ტირუმულარი, ბოგანატარ-ლაო-ძი, კონკანავარი, მაჩიამუნი, გორანკატი-ბაბაჯი. ისინი შივას მოწაფეები არიან, უხსოვარი დროიდან დღემდე უბრალო მოკვდავებისთვის მიუწვდომელ ადგილზე − აშრამში ცხოვრობენ. ისინი შამბალას უხილავი ქვეყნიდან ყოველთვის ეხმარებიან კაცობრიობას თავიანთი სიბრძნით. შამბალა მაღალგანვითარებული სულიერი ქვეყანაა, რომელიც სამ სამყაროში არსებობს: ასტრალში, ეთერულში და ფიზიკურში.
შამბალაში დაუპატიჟებლად ვერავინ მოხვდება, ცოტანი არიან ისინიც, ვინც მიწვეული ყოფილა და ვინც იქ ფაქიზი სხეულით მოხვედრილა. კიდევ უფრო ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც მკვრივი ფიზიკური ფორმით შეაღწია შამბალას სულიერ ქვეყანაში. ყველაზე ცნობილმა, გამოცდილმა და სწავლულმა მკვლევრებმაც ვერ მიაღწიეს იქამდე და მხოლოდ იმით დაკმაყოფილდნენ, რომ ესაუბრნენ იმათ, ვისაც ოდესღაც ერგო ამ უჩინარი ქვეყნის ხილვის პატივი. ასეთი მკვლევრები კი ბევრნი იყვნენ, მათ შორის, მრავალთათვის კარგად ცნობილი ნიკოლოზ რერიხი და ელენა ბლავატსკაია.
ვისაც გაუმართლა და ამ მიუწვდომელ ქვეყანაში იმოგზაურა, იყო ჩინელი მკვლევარი, მეცნიერი, დოქტორი ლაო-ძინი, რომელმაც, როგორც გამოჩნდა, საბოლოოდ მაინც დაარღვია შამბალას ადეპტებისთვის მიცემული აღთქმა და ნაწილობრივ, მხოლოდ ნაწილობრივ − ახადა ფარდა შამბალას ერთ-ერთი საძმოს სამყოფელს − აშრამს. ნაწილობრივ − ალბათ იმიტომ, რომ თავისი თვალით ნანახის მხოლოდ ზედაპირული გადმოცემა შეეძლო და არა სიღრმისეული, რადგან განდობილი არ ყოფილა, და მეორეც, იმიტომ, რომ კიდევაც რომ სცოდნოდა, მეტის გადმოცემას მაინც ვერ შეძლებდა, უხილავი ძალები შეაჩერებდნენ, შეიძლება სამუდამოდაც.
მისი მონათხრობის საფუძველზე რამდენიმე აღმოსავლურმა გაზეთმა, მათ შორის, “ შანხაის ტაიმსმა ” და შემდეგ დასავლურმა პრესამაც, ამ თემას სტატიები მიუძღვნა, რომლებსაც დოქტორი ლაო-ძინი აქვეყნებდა. შამბალაში თავისი მოგზაურობის შესახებ ის ყვებოდა, რომ ნეპალელ იოგასთან ერთად მონღოლეთის უდაბნოდან მკაცრი მთიანეთის და ველების გავლით მიაგნო ადამიანთა დასახლებას, რომელშიც უმაღლეს სიბრძნეს სწავლობდნენ. ის აღწერს ბიბლიოთეკას, ლაბორატორიას, საცავს, შესანიშნავ კოშკს. მის მიერ აღწერილი დიდებული დასახლება ზედმიწევნით ემთხვევა სხვა რთულად მისაწვდომ წყაროებსაც. ლაო-ძინი აღწერდა ბრწყინვალე სამეცნიერო კვლევებს, დიდ მანძილზე ტელეპატიურ ნებელობით გზავნილებს, მაგნიტური დენისა და ველების თუ სხვადასხვა სხივების გამოყენებას. ამ ინფორმაციამ მსოფლიოში დიდი ინტერესი და სენსაცია გამოიწვია და ალბათ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ჩინელი მეცნიერის და ნეპალელი იოგას მოგზაურობა ტიბეტში ძალიან რთული აღმოჩნდა. თავის სტატიაში იგი ამას ასე აღწერს:
“ გობის უდაბნოს რთულად გასავლელ მთიან ქედებზე ორთვიანი მოგზაურობის შემდეგ საბოლოოდ მივაღწიეთ ჩრდილოეთ ტიბეტს. ზღვის დონიდან 15 ათასი ფუტის სიმაღლეზე (დაახლოებით 4.570 მეტრი) რომელიღაც დათოვლილ ზეგანზე აღმოვჩნდით. უდიდესი იყო ჩვენი გაოცება, როდესაც უეცრად ქვემოთ, შორს, მწვანე ხეობა დავინახეთ, ნაყოფიერი ბუნება და სითბო, რაც განსაცვიფრებელი კონტრასტი იყო უკაცრიელ დათოვლილ მთებთან შედარებით, რომელთა შორისაც ჩვენ ვიმყოფებოდით. ამ ხევში თავისებური არქიტექტურის ნაგებობები დავინახეთ, რომლებიც ჩვენს გაკვირვებას იწვევდა. ხეობის ერთ მხარეს ლამაზი შენობების ჯგუფი მოჩანდა, რომლებიც სიმაღლით ხის კენწეროებს სცდებოდნენ. სწორედ აქ, როგორც მოგვიანებით გავიგე, იყო “ სიცოცხლის ტაძარი ” , ბიბლიოთეკის შენობასთან, ასტროლოგიურ კოშკთან (ისეთივე სახის, როგორსაც ძველი ქალდეველი ბრძენები აშენებდნენ), ლაბორატორიის და სხვა ნაგებობებთან ერთად. ეს შენობები შავი ბაზალტით და რუხი ფერის გრანიტით იყო აგებული, და ისევე დგანან დღესაც, როგორც ჩინგიზყაენის დროს. ისინი ჩინეთის დიდ კედელზე, ინდურ