I
ცხრა საათზე თეატრ „ვარიეტეს“ დარბაზი ჯერ კიდევ ცარიელი იყო. იარუსებსა და პარტერის პირველ რიგებში რამდენიმე კაცი იცდიდა. ისინი ნახევრად განათებული ჭაღის მკრთალ შუქზე აქა-იქ ისხდნენ ძოწისფერ ხავერდგადაკრულ სავარძლებში. წითელი ფარდა სიბნელეში დიდ ლაქასავით მოჩანდა, სცენიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. რამპა ჯერ არ აენთოთ. მუსიკოსების მერხები უწესრიგოდ იდგა. მესამე იარუსიდან, როტონდის მოხატული ჭერის ქვეშ სიცილისა და ლაპარაკის ხმა მოისმოდა, ხოლო გაზისგან გამწვანებულ ჭერზე გამოსახული ქალები და ტიტველი ბავშვები თითქოს ცისკენ მიფრინავდნენ. მოვარაყებულ სარკმლებში სართულებად ჩანდა ქალთა და მამაკაცთა ქუდები. დროდადრო კაპელდინერი ქალი საქმიანი იერით გამოჩნდებოდა ბილეთით ხელში და მაყურებელს მისთვის განკუთვნილ ადგილამდე მიაცილებდა. ფრაკიანმა მამაკაცმა და გამხდარმა მანდილოსანმა ზანტად მოავლეს თვალი დარბაზს და ადგილები დაიკავეს.
პარტერში ორი ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. ისინი შეჩერდნენ და დარბაზი შეათვალიერეს.
- ჰო, რას გეუბნებოდი, ჰექტორ? - წამოიძახა მაღალმა, რომელიც ხნით უფროსი ჩანდა, - ხომ ხედავ, რა ადრე მოვედით. გულდამშვიდებით შემეძლო პაპიროსის მოწევა!
ჩამოიარა კაპელდინერმა ქალმა.
- ო, ბატონო ფოშრი! - შინაურულად მიმართა მან, - დაწყებამდე ჯერ კიდევ ნახევარი საათია!
- მაშ რაღად აცხადებენ, ცხრა საათზე ვიწყებთო? - ჩაილაპარაკა ჰექტორმა და გამხდარ, გრძელ სახეზე სიბრაზემ გადაუარა. - ჯერ კიდევ დღეს დილით კლარისა მარწმუნებდა, სპექტაკლი ზუსტად ცხრა საათზე დაიწყებაო. ისიც მონაწილეობს ამ პიესაში.
ერთხანს ორივე დადუმდა. ჩაბნელებულ ლოჟებს მიაჩერდნენ. მწვანე შპალერის გამო ეს ლოჟები კიდევ უფრო ბნელი ჩანდა; ქვემოთ, ბენუარშიც ბნელოდა. იარუსის ერთ-ერთ ლოჟაში ტანსრული ქალი იჯდა, რომელიც ხავერდის მოაჯირს მძიმედ დაყრდნობოდა. სცენის მახლობლად, მარცხნივ და მარჯვნივ, მაღალ სვეტებს შორის, გრძელფოჩიანი ფარდებით მობურვილი ლოჟები ცარიელი იყო. ღია მწვანე საღებავით გახალისებული, თეთრი, ოქროვარაყიანი დარბაზი თითქოს ნაზი მტვრის ბოლს აევსო: ასეთ შთაბეჭდილებას ბროლის ჭაღის მკრთალი შუქი ქმნიდა.
- ლუსის უშოვე ლოჟა სცენის მახლობლად? - იკითხა ჰექტორმა.
- დიახ, ვუშოვე, - უპასუხა ამხანაგმა, - მაგრამ დიდი ვაივაგლახით... ო, ამ მხრივ დამშვიდებული ვარ, ლუსი ასე ადრე არ მოვა.
მან მთქნარება შეიკავა, გაჩუმდა და მერე დაუმატა:
- ბედი გაქვს. შენ ხომ ჯერ არ ყოფილხარ პრემიერაზე... „ქერა ვენერა“ ამ სეზონის სენსაცია იქნება... უკევ ექვსი თვეა მასზე ლაპარაკობენ. ოჰ, ჩემო კარგო, რომ იცოდე, რა მუსიკაა! მოგაჯადოებს! ბორდნავმა იცის, რასაც აკეთებს! ეს პიესა მან გამოფენისთვის შემოინახა.
ჰექტორი ყურადღებით უსმენდა, შემდეგ კი შეეკითხა:
- იცნობ ნანას, ახალ ვარსკვლავს, ვენერას როლს რომ ასრულებს?
- ოო, ისევ დაიწყო! - წამოიძახა ფოშრიმ და ხელი ჩაიქნია, - ამ ნანას გამო დილიდან მოსვენება აღარ მაქვს. ოცი კაცი მაინც შემხვდა დღეს და ყველა მეკითხება... ნანა... ნანა და ნანა! აბა საიდან უნდა ვიცნობდე? განა პარიზის ყველა მეძავს ვიცნობ! ნანა ბორდნავის აღმოჩენაა. კარგი ვინმეც კი იქნება!
ფოშრი დამშვიდდა, მაგრამ ეს ცარიელი დარბაზი, ჭაღის მკრთალი შუქი და საერთოდ - ეს საყდრული მყუდროება, რომელსაც მხოლოდ ჩურჩული და დროდადრო კარის ჯახუნი არღვევდა, მაინც ანერვიულებდა.
- ო, არა, გეთაყვა! - თქვა მან უეცრად, - აღარ შემიძლია, მოწყენილობით აქ კაცს სული ამოხდება. უნდა წავიდე... იქნებ ბორდნავი მაინც ვნახოთ ქვემოთ, მისგან ყველაფერს შევიტყობთ.
მარმარილოთი მოპირკეთებულ დიდ ვესტიბიულში, სადაც კონტროლი იყო მოწყობილი, ხალხი ნელ-ნელა შემოდიოდა. ღია სარკმელებიდან ბულვარების მჩქეფარე ცხოვრება მოჩანდა. აპრილის ამ მშვენიერ ღამეს ხალხით სავსე ბულვარი კაშკაშებდა. ეტლები ერთბაშად ჩერდებოდნენ. ისმოდა კარეტების კარების გამუდმებული ჯახაჯუხი. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მოედინებოდა, კონტროლთან ჩერდებოდა, მერე კიბეს მიუყვებოდა. ქალები ნელა ადიოდნენ ტანის რხევით. გაზის შუქზე ამპირის სტილის ღარიბული მორთულობა ბუტაფორიულ იერს აძლევდა ამ შიშველ, უფერულ დარბაზს, სადაც დიდსა და ყვითელ აფიშებზე მკვეთრად მოჩანდა უზარმაზარი შავი ასოებით წარწერილი ნანას სახელი. ზოგი მამაკაცი მიჯაჭვულივით იდგა და აფიშას ათვალიერებდა, ზოგიც იქვე საუბრობდა. გზა შეკრული იყო. პირგაპარსული მსუქანი მამაკაცი სალაროსთან უხეშად იგერიებდა ხალხს, რომელიც დაჟინებით სთხოვდა ბილეთებს.
- აგერ ბორდნავი! - თქვა კიბეზე ჩამომავალმა ფოშრიმ.
მაგრამ თეატრის დირექტორს იგი უკვე შეენიშნა.
- ოჰო, რა თავაზიანი ყმაწვილი ბრძანდებით! - გასძახა მან შორიდან, - ასე დამიწერეთ რეცენზია? დილით „ფიგარო“ გადავფურცლე, მაგრამ... ამაოდ.
- მოთმინება იქონიეთ! - შეაწყვეტინა ჟურნალისტმა, - ჯერ უნდა გავიცნო ის თქვენი ნანა და შემდეგ დავწერო... გარდა ამისა, მე არაფერს დაგპირებივართ.
ფოშრის უნდოდა შეეცვალა საუბრის თემა და ბორდნავს თავისი ბიძაშვილი - ბატონი ჰექტორ დე ლა ფალუაზი