თავი პირველი ჟერვეზა ღამის ორ საათამდე ელოდებოდა ლანტიეს, მერე მთლად ათრთოლებული იმის გამო, რომ ფანჯარასთან სიცივეში პერანგის ამარა იდგა, გარდიგარდმო დაემხო საწოლზე და ციებიანივით აცახცახებულმა, ცრემლშეუმშრალმა ცოტა ხნით ჩაიძინა. რვა დღე იყო მას აქეთ, რაც ლანტიე, გამოვიდოდნენ თუ არა რესტორან „ორთავიანი ხბოდან“, სადაც ერთად სადილობდნენ, მას ბავშვებთან ერთად დასაძინებლად ისტუმრებდა, ხოლო თვითონ გვიან ღამით ბრუნდებოდა შინ. სამუშაოს ვეძებდიო, ამბობდა. აი, ამ საღამოსაც, ლოდინით გაბეზრებულმა ჟერვეზამ თითქოს დაინახა, რომ ლანტიე საცეკვაო საღამოზე დროს გასატარებლად შევიდა რესტორან „გრანბალკონში“, რომლის ათივე ფანჯრიდან ალისფერი შუქი ეფრქვეოდა ბულვარების ჩაბნელებულ მწკრივს. ჟერვეზამ თითქოს ისიც შენიშნა, რომ ლანტიეს უკან მისდევდა პატარა ადელი, გამპრიალებელი ქალი, რომელიც იმავე რესტორანში სადილობდა, სადაც ესენი. ადელი ხუთი თუ ექვსი ნაბიჯის სიშორეზე მისდევდა ლანტიეს ხელების ქნევით. ეტყობოდა, ის-ის იყო გაეშვა მისთვის ხელი, რათა შესასვლელი კარის ფარნების მკვეთრ შუქზე მასთან ერთად არ გამოჩენილიყო.
დილის ხუთი საათი იქნებოდა, როდესაც ჟერვეზას გამოეღვიძა და მთლად გათოშილსა და დამტვრეულს ქვითინი წასკდა. ლანტიე ჯერ კიდევ არ იყო მოსული. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან ღამე შინ არ გაათია. ჟერვეზა საწოლის პირას ჩამოჯდა. მაღლიდან ჩამოშვებული, გახუნებული ჩითის ნაგლეჯის ქვეშ, რომელიც ყაითანზე მიბმული ისრით დაემაგრებინათ ჭერზე. მძიმედ მოავლო ცრემლით დაბინდული თვალი სასტუმროს ღარიბულ ოთახს. ამ ოთახის მოწყობილობას შეადგენდა: კაკლის ხის კამოდი, რომელსაც ერთი უჯრა აკლდა, სამი სელის სკამი და ერთი პატარა ძველი მაგიდა, რომელზედაც პირმოტეხილი წყლის დოქი ეგდო. კამოდის წინ იდგა ბავშვებისთვის დამატებით დადგმული რკინის საწოლი, რომელსაც ოთახის სამი მეოთხედი ეჭირა. კუთხეში ჟერვეზას და ლანტიეს თითქმის ცარიელ ჩემოდანს დაეღო პირი. მის ძირში ჭუჭყიან პერანგებსა და წინდებშუა მამაკაცის ძველი ქუდი იყო ჩატენილი; კედლების გასწვრივ, სკამების საზურგეზე ჩამოეკიდათ მთლად დაცხავებული შალი და ჭუჭყისგან შეჭმული შარვალი, - უკანასკნელი ძონძები, რომლებიც ძველმანებით მოვაჭრეებსაც აღარ მიჰქონდათ. ბუხრის თავზე, ორი დაშორიშორებული თუთიის შანდლის შუა, ლომბარდის ქვითრების მოვარდისფრო დასტა იდო. ასე გამოიყურებოდა ამ სასტუმროს საუკეთესო ოთახი პირველ სართულზე, რომელიც ბულვარზე გადიოდა.
ბავშვებს ერთიმეორის გვერდით ერთ ბალიშზე დაედოთ თავი და ეძინათ. რვა წლის კლოდს საბნის გარეთ ამოეყო პაწია ხელები და მშვიდად სუნთქავდა, ხოლო ოთხი წლის ეტიენს ძმისთვის კისერზე შემოეხვია ცალი ხელი და ძილში იღიმებოდა. დედამ ცრემლით სავსე თვალი შეაჩერა შვილებზე და კვლავ აქვითინდა. პირში ცხვირსახოცი ჩაიჩარა, ტირილის ხმა რომ ჩაეხშო. მერე ფეხშიშველი, ისე, რომ ფეხიდან დაცვივნული ძველი ფრატების ჩაცმა არც უფიქრია, კვლავ სარკმელს მიუბრუნდა, ზედ გადაეყუდა და წუხანდელივით ლოდინი განაგრძო, თან შორეულ ქვაფენილებს ათვალიერებდა.
სასტუმრო ლაშაპელის ბულვარზე იყო, პუასონიერის სადარაჯოს მარცხნივ. ეს იყო ორსართულიანი ქოხმახი, მეორე სართულამდე ღვინის მოწითალო ნალექისფრად შეღებილი, წვიმისგან დამპალი და დაცხავებული დარაბებით. შუშებგაბზარული ფარნის ზემოთ, ორი ფანჯრის შუა დიდი ყვითელი, ზოგან სინესტისგან ჩამონგრეული ასოებით გაკეთებული წარწერის გარჩევა შეიძლებოდა: „სასტუმრო „კაიგული“, სასტუმროს პატრონი მარსულიე“. ჟერვეზა ტუჩებზე ხელსახოცმიკრული ფეხის თითებზე დგებოდა, რადგან ფარანი ცქერას უშლიდა. იყურებოდა მარჯვნივ, ბულვარ როშეშუარის მხარეს, სადაც სასაკლაოს წინ ჯგუფად იდგნენ ყასბები სისხლიანი წინსაფრებით, ხოლო გრილ ნიავს დროდადრო სიმყრალისა და დაკლული პირუტყვის ოხშივრის სუნი მოჰქონდა. ჟერვეზა იყურებოდა მარცხნივაც, ქუჩის გრძელ ზოლს აყოლებდა თვალს და თითქმის თავის პირდაპირ მიაჩერდებოდა ლარიბუაზერის საავადმყოფოს თეთრ შენობას, რომელიც იმ ხანებში შენდებოდა. ჟერვეზა ჰორიზონტის ერთი კიდიდან მეორემდე ნელა, მძიმედ აყოლებდა თვალს საბაჟოს კედელს, რომლის იქითაც ზოგჯერ ღამღამობით საზარელი კივილი ისმოდა. შეჰყურებდა ქუჩის შორეულ შესახვევებს, ჭუჭყისა და სინესტისგან ჩაშავებულ ბნელ კუთხეებს და შიშობდა, იქ დანით მუცელდასერილი ლანტიეს გვამი არ დაენახა. როდესაც უდაბნოს ზოლივით ქალაქის ირგვლივ გარშემორტყმულ კედლის გადაღმა მიაპყრობდა თვალს, იქ ხედავდა მზისგან უხვად ნაფრქვევ შუქს, რომელიც უკვე პარიზის დილის ხმაურით ავსებულიყო. ამის შემდეგ ჟერვეზა აუცილებლად ისევ პუასონიერის სადარაჯოს უბრუნდებოდა და კისერწაწვდენილი მისჩერებოდა საბაჟოს ორ ულაზათო პავილიონს, რომელთა შორის მონმარტრისა და ლაშაპელის მაღლობებიდან წამოსული ხალხის, პირუტყვისა და პატარა ფორნების ნაკადი მოედინებოდა. ლანტიეს თავბრუ ეხვეოდა. მიბაკუნებდნენ ჯოგები, უეცრად შეჩერებული ბრბო შარაზე ტბორდებოდა, მუშები ზურგზე აკიდებული სამუშაო ხელსაწყოთი და იღლიაში ამოდებული პურებით უწყვეტ ნაკადად მიედინებოდნენ სამუშაოზე. ეს ახმაურებული ბრბო განუწყვეტლივ ისწრაფოდა პარიზისკენ და იქ ინთქმებოდა. როცა ჟერვეზას ეგონა, თითქოს ამ ბრბოში ლანტიეს მოვკარი თვალიო, ისე დაბლა იხრებოდა ფანჯრიდან, ლამის გადავარდნილიყო, მაგრამ მერე უფრო მაგრად მიიჭერდა ცხვირსახოცს ტუჩებთან, თითქოს ამით სურდა თავისი ტანჯვა ჩაეხშო.