თავი XVII - ანკესზე - უოლტ! - ვეძახი დერეფანში.
უოლტი ჩერდება და შუბლზე ჩამოყრილ თმას ხელით უკან იწევს. თმა ოდნავ ჩამოზრდია. ოფლიანი ჩანს.
- სად იყავი შაბათ საღამოს? ყველანი გელოდით ლალის წვეულებაზე.
- რა ვიცი, ვერ მოვახერხე მისვლა, - ამბობს ის.
- რატომ? უფრო მნიშვნელოვანი სხვა რა საქმე გქონდა ამ ქალაქში? - მინდა, გავეხუმრო, მაგრამ უოლტს არ ეხუმრება.
- გინდ დამიჯერე, გინდ არა, მაგრამ სხვა მეგობრებიც მყავს.
- მართლა?
- ცხოვრება ქასლბერის სკოლის კედლებს მიღმაც არსებობს.
- კარგი რა, - იდაყვს ვკრავ მე, - გეხუმრე. გვენატრები.
- მეც მენატრებით, - ამბობს და წიგნები ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს, - ჰამბურგერების რესტორანში დამატებით ცვლაში ვმუშაობ. ასე რომ, გართობისთვის აღარ მცალია. მთელი თავისუფალი დრო სწავლას უნდა დავუთმო.
- დატვირთული ყოფილხარ, - ვეუბნები მე. ამასობაში სამასწავლებლოსთან მივდივართ. შესვლამდე კართან ვჩერდები.
- უოლტ, მართალი მითხარი, ყველაფერი რიგზეა?
- კი, რატომ მეკითხები?
- რა ვიცი, ისე გკითხე.
- აბა, კარგად, - ამბობს და მიდის. ვუყურებ და ვხვდები, რომ მომატყუა. მისი და დორითი გასულ კვირას ორი საღამო ზედიზედ მყავდნენ იმ რესტორანში და უოლტი იქ არც ერთხელ არ ყოფილა.
„უნდა გავიგო, რა დაემართა,“ - ვფიქრობ გულში და სამასწავლებლოს კარს ვაღებ. მის სმიჯენსი, გაზეთის კონსულტანტი, და მის პიზჩაიეკი - მეოჯახეობისა და ბეჭდვის მასწავლებელი, ერთად სხედან, ეწევიან და ტანსაცმლის ფერებზე საუბრობენ.
- იცი, სიუზიმ მითხრა, ფერმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალაო. მთელი სიცოცხლე ლურჯი ტანსაცმელი მეცვა, თურმე ჩემი ფერი ფორთოხლისფერი ყოფილაო, - ამბობს მის პიზჩაიეკი.
- ფორთოხლისფერი უფრო გოგრას შეეფერება, - ამბობს მის სმიჯენსი. მისი ნათქვამი მომწონს, რადგან მეც ასე ვფიქრობ, - მთელი ეს ფერების შერჩევა სიგიჟე და სულელებისათვის ფულის მახეა, - ამბობს ის.
„თან თუ დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ეწევი და ამისგან კანი მთლად გაგინაცრისფრდა, მაშინ ხომ მთლად უაზრობაა,“ - ვფიქრობ გულში.
- რას ამბობ, სახალისოა, - არ ნებდება მის პიზჩაიეკი, - შაბათ დილას ვიკრიბებით, ერთად ვისაუზმებთ და... - უცებ კართან მამჩნევს.
- გისმენ, - მეუბნება მკაცრად, რადგან ბავშვებს სამასწავლებლოში შესვლა ეკრძალებათ.
- მინდა, მის სმიჯენსს დაველაპარაკო, - ვამბობ მე.
მის სმიჯენსს, ალბათ, მის პიზჩაიეკთან საუბარი მოჰბეზრდა, ამიტომ იმის მაგივრად, რომ უკან გამაბრუნოს, მეძახის:
- ქერი ბრედშოუ ხარ, არა? შემოდი და კარი დახურე.
გაღიმებული მივდივარ მათკენ და ვცდილობ, სუნთქვა შევიკავო. ზოგჯერ მეც ვეწევი, მაგრამ ჩაკეტილი სივრცე, სადაც ორი ქალი საკვამურივით აბოლებს, საშინელებაა. სურვილი მიჩნდება, ხელები სახის წინ ვიქნიო, რაც, რა თქმა უნდა, უზრდელობაა. ამიტომ არა ცხვირით, არამედ გაღიმებული პირით ვსუნთქავ.
- მინდოდა გამეგო... - ვიწყებ მე.
- ვიცი, გაზეთში გინდა მუშაობა, - მეუბნება მის სმიჯენსი, - ყოველ წელს ასე ხდება. პირველი სემესტრის შემდეგ აუცილებლად ვიღაც უფროსკლასელი მოდის და მოულოდნელად ,,მუსკატში“ მუშაობის სურვილს გამოთქვამს. პირადი საქმისთვის კლასგარეშე სამუშაო გჭირდება, არა?
- არა, - ვეუბნები მე. იმედი მაქვს, სიგარეტისგან გული არ ამერევა.
- აბა, რატომ?
- შემეძლო, გაზეთში ახალი ხედვა შემომეტანა.
აშკარად არასწორი ნაბიჯია, რადგან ისე მეკითხება, მართლაო? - თითქოს ეს სიტყვები ადრე მილიონჯერ მოუსმენია.
- ვფიქრობ, კარგად წერა შემიძლია, - ვამბობ ფრთხილად. არ მინდა, დავნებდე. მაგრამ მის სმიჯენსზე შთაბეჭდილებას ვერ ვახდენ.
- ჩვენ გაზეთში მასალების დალაგება-მოწესრიგებისთვის გვჭირდება ხალხი, - ახლა კი ნამდვილად ცდილობს, თავიდან მომიშოროს, მაგრამ არ წავალ. თვალების გადმოცვენამდე შევიკავებ სუნთქვას... ეტყობა, ჩემი სახე, ცოტა არ იყოს, აკრთობს, რადგან გულმოწყალედ მეუბნება, - თუ ტექნიკურ სამუშაოს შეასრულებ, მერე წერის შანსიც გექნება. სარედაქციო კომიტეტი კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს იკრიბება. კვირაში ერთი გაცდენის მეტი თუ გექნება, კომიტეტიდან გაირიცხები.
- კარგი, - ვლუღლუღებ და ენერგიულად ვუქნევ თავს.
- დღეს ოთხზე გელოდებით.
ხელის ოდნავი ქნევით ვემშვიდობები და გამოვდივარ.
- დაგენაძლევები, პიტერი მიატოვებს მეგის, - ამბობს ლალი და ტანსაცმელს იხდის. მერე შიშველი დგას და სანამ საცურაო კოსტიუმს ჩაიცვამდეს, უდარდელად იზმორება. აღტაცებული ვარ მისი მოურიდებლობით. აბა, მე კი არ მგავს, ფეხს ფეხზე რომ ვუჭერ და ხელებს წინ ვიფარებ გამოცვლის დროს.
- არავითარ შემთხვევაში, - ვეუბნები და ქვედა საცვალს ვიხდი, - პიტერს უყვარს მეგი.
- მე კი მგონია,