ახალბედებს უმართლებთ - თავი 1 სამანტამ თავისი ფეხსაცმლის მოძებნა მთხოვა. ვუპოვე და ახლა წვეულებაზე მეპატიჟება.
- გამომყევი! წასასვლელი მაინც არსად გაქვს, მე კი ძიძის როლი არ მიხდება.
- ძიძა რად მინდა, ბავშვი ხომ არ ვარ?
- კარგი, ბეღურა ხარ, რა განსხვავებაა? - მეუბნება და აბრეშუმის ლიფს ისწორებს, თან მწვანე ლიკრის ზედატანში შეძრომას ცდილობს, - ერთხელ უკვე გაგძარცვეს, ახლა ვინმე სუტენიორმა რომ გაგიტაცოს, არ მინდა, ეგ ცოდვა ჩემს კისერზე იყოს.
მოულოდნელად ბრუნდება და კრიტიკულად მათვალიერებს - მუქი ლურჯი გაბარდინის პიჯაკი და შესაფერისი კაბა-შარვალი მაცვია. ორიოდე საათის წინ მეგონა, მოდის უკანასკნელი კივილი იყო, მაგრამ...
- სხვა არაფერი გაქვს?
- 60-იანი წლების კოქტეილის შავი კაბა წავა?
- წავა! და ესეც გაიკეთე! - სამანტა ოქროსფერ სათვალე-ავიატორს მესვრის, - ნორმალურ ადამიანს დაემსგავსები.
უკან მივდევ და მეხუთე სართულიდან ჩამომავალ კიბეზე ისე მივფრატუნობ, არ ვეკითხები, რას ნიშნავს მისთვის, იყო „ნორმალური ადამიანი“.
- წესი პირველი, - გასცემს ბრძანებას სამანტა და ქუჩის ალიაქოთში მიაბიჯებს, - ყოველთვის ისე მოიქეცი, თითქოს იცი, საით მიდიხარ... მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხარ, რომ დაიკარგე!
უცებ ხელს მბრძანებლურად სწევს ზევით. მის წინ მანქანა საბურავების კვნესა-ღრჭიალით მკვეთრად ამუხრუჭებს.
- სწრაფად იმოძრავე და... - სამანტა მანქანის კაპოტს ხელს გამეტებით ურტყამს და მძღოლს შუა თითს უჩვენებს, - ყოველთვის ჩაიცვი ფეხსაცმელი, რომელშიც სირბილიც არ გაგიჭირდება.
მანქანებით გადაჭედილი მეშვიდე ავენიუს შუა გზაზე დაბნეული მივდევ უკან. ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა ისე მიხარია, როგორც საზღვაო კატასტროფაში გადარჩენილს - ხმელეთის დანახვა.
- ღმერთო ჩემო, პლატფორმიანი სანდლები რაღა უბედურებაა? ნაგავში მოისროლე! - სამანტა უცერემონიოდ მტუქსავს და ჩემს ტერფებს გამანადგურებელ მზერას სტყორცნის.
- იცოდი, რომ პირველი პლატფორმიანი ფეხსაცმელი ფერაგამომ ახალგაზრდა ჯუდი გარლანდისთვის შეკერა?!
- ეგ საიდანღა იცი?
- ქალი კი არა, წვრილმანი ინფორმაციის ნამდვილი საგანძური ვარ.
- ჰოდა, წვეულებაზე არ დაიკარგები.
- რა მითხარი, ვისი წვეულებააო? - გარშემო ისეთი ხმაურია, ყვირილზე გადავდივარ.
- დევიდ როსის. ბროდვეის რეჟისორია.
- კვირა დღეს ოთხ საათზე წვეულების მოწყობა რამ გადააწყვეტინა? - ჰოთ დოგის დახლს, საბნებით გატენილ სუპერმარკეტის კალათასა და აღვირშებმულ ბავშვს შორის გზას ძლივს მივიკვლევ.
- ნაშუადღევის ცეკვების მსგავსი წვეულებაა.
- ანუ ჩაი ნეკა თითის აბზეკით უნდა დავლიოთ? - ვეკითხები, რადგან ვერ ვხვდები, ხუმრობს, თუ სერიოზულად საუბრობს.
- შენ როგორ გგონია? - სიცილით მპასუხობს იგი.
წვეულება მოკირწყლული ქუჩის ბოლოში მდგარ მუქ ვარდისფერ სახლში იმართება. სახლებს შორის მზის სხივებზე მოლაპლაპე ფართო და მოყავისფრო მდინარე მოჩანს.
- დევიდი ძალიან ექსცენტრულია, - ისე მაფრთხილებს სამანტა, თითქოს პროვინციიდან ახალჩამოსული ადამიანისთვის ექსცენტრულობა საძრახისი იყოს, - ბოლო წვეულებაზე ვიღაცამ მინიატიურული ცხენი მოუყვანა. უნდა გენახა - აუბუსონის ხალიჩა ნაკელით იყო მოფენილი.
არ ვიმჩნევ, რომ აზრზე არ ვარ, რა არის აუბუსონის ხალიჩა და ცხენზე ვამახვილებ ყურადღებას.
- იქამდე როგორ მიიყვანეს?
- ტაქსით, - მპასუხობს სამანტა, - ძალიან პატარა ცხენი იყო.
წამით ვყოყმანობ.
- მე რომ მოგყვები, შენი მეგობარი დევიდი წინააღმდეგი ხომ არ იქნება?
- თუ მინიატიურულ ცხენს არ თაკილობს, არა მგონია, შენზე გაჭედოს. მთავარია, ენაბლუ ან ტვინის ბურღი არ იყო.
- შეიძლება ხანდახან ენა დამებას, მაგრამ ტვინს ნამდვილად არ ვბურღავ.
- არ ახსენო, რომ პროვინციიდან ხარ. ნიუ-იორკს შიკი უყვარს.
- შიკი?
- ჰო! გაქვს კიდეც, მაგრამ გახსოვდეს, ხალხს მხოლოდ საუკეთესო კუთხით უნდა ეჩვენო, - ამბობს ჟესტიკულაციით და სახლთან ვჩერდებით. ჩვენ წინ ოთხსართულიანი შენობა დგას, გაფრიალებული ლურჯი კარიდან უამრავი ხალხი მოჩანს. ადამიანები მიუზიკლის ხმაურიანი დასივით ირევიან ოთახში. გული გამალებით მიცემს. ნუთუ ამ კარიდან ახალ სამყაროში უნდა შევაბიჯო?!
ზღურბლთან შავი მარგალიტივით მბზინავი კაცი გვეგებება. ცალ ხელში შამპანურის ბოთლი უჭირავს, მეორეში - ანთებული სიგარეტი.
- სამანტა! - გაჰკივის იგი.
- დავიდ! - სამანტა მის სახელს ფრანგული აქცენტით წარმოთქვამს.
- თქვენც გაგვეცანით! - დევიდი მეგობრული ინტერესით მიყურებს.
- ქერი ბრედშოუ, სერ, - ხელს ვუწვდი და ვესალმები.
- რა ზეციურია, - ყურისწამღები კივილით ამბობს იგი, - „სერ“ ჩემთვის არავის უთქვამს მას შემდეგ, რაც შორტზე ვთქვი უარი.