გამოსვლის წიგნი ვკვდები და ბარემ სასაფლაოზე მოვკვდეო.
თქვენ წადით, ვინმე მიპოვის და მიწას მომაყრის, მიწას არავინ დამაყვედრისო.
გადატეხილ, ხავსმოდებულ საფლავის ქვასთან მიწვა.
გარშემო სულ გავერანებული, დანგრეული საფლავები იყო.
ხავსსა და ველურ გვიმრას დაეფარა საფლავის ქვები.
ჟანგი მოსდებოდა ქვასაც, ხავსსაც, ღობეებსაც და ეკალ-ბარდებსაც.
წადი, რაღას მიყურებო, მითხრა.
მე ასე მირჩევნია, ასე მშვიდად მოვკვდები, ტანჯვისა და წამების გარეშეო.
ცოდო ვარ, ძალიან დავიღალე, მეტი აღარ შემიძლიაო.
აღარ მაწვალოთ, გამიგეთ, დამიჯერეთო.
ნერწყვს ძლივს ყლაპავდა. გაშრობოდა პირიც, თვალებიც.
არაფერია ნასოფლარებსა და მიტოვებულ საფლავებზე საზარელიო.
მე ამომყურებდა. ეჭვით მიცქეროდა. ქოშინებდა.
რა ქალივით ტირი, ჯერ ცოცხალი ვარ, არ მოვმკვდარვარ, ჯერ მხოლოდ ვემზადებიო.
აჰა, შენი ხატი გამომართვიო.
ჯერ საკუთარ თავთან ბევრი რამე მაქვს გასარკვევი და დამტოვეთ მარტო, მაცალეთ, ღმერთი არა გწამთო?!
რას ამბობ, სრულ ჭკუაზე ხარო?! – ჩვენმა ნათესავმა კაცმა, რომელიც ჩვენთან ერთად იყო და რომელმაც იცოდა, როგორ გადავსულიყავით მთების გავლით რუსეთში.
აქ როგორ დაგტოვებ, რა პასუხი გავცე შენს ცოლს, შენს შვილებსო.
თავისი ცოლი და ორი ქალიშვილი ხუთი დღის წინ დაემარხა.
სოფლიდან მოშორებით, ტყეში, ძველ ფერმაში გახიზნა და ერთ კვირაში მეზობლის ბავშვმა ურიკით ჩამოუსვენა შინ.
სამივე ნაწამები იყო.
ხალხი ამბობდა, სამივეს ფეხსაცმლის შავი საღებავით "ღორები" ეწერა რუსულად ტანზეო.
სამივე გაუპატიურებული იყოო.
იმ ბიჭმა იმავე ღამეს მოიკლა თავი.
როგორ არ იცნობდი, ნანახი მაინც გეყოლებოდა, ცოტა ჭკუასუსტი იყო, სულ თავის თავს ელაპარაკებოდა, სულ ღიღინითა და სიმღერით დადიოდაო, ბებიაჩემმა.
ალბათ, ვერ იხსენებ, თორემ კლუბში ერთხელ მაინც შეამჩნევდი, ერთთავად პირველ რიგში იჯდა და გვერდით არავინ უჯდებოდაო.
ინდური ფილმების სეანსი ღამე იწყებოდა, ყოველთვის ბნელოდა და თან ისეთი ზედახორა იყო, აბა, იქ ვის გავარჩევდი, ვის დავაკვირდებოდი?
თან სულ ისეთი ხალხმრავლობა იყო, ხშირად გარეთაც დავრჩენილვარ.
მაგათი სახლი კი ვიცოდი, მაგრამ იმ ეზოში იშვიათად ვხედავდი ვინმეს, მხოლოდ მოხუც ცოლ-ქმარს – ალბათ, მის ბებია-ბაბუას.
ის და მისი ძმა ტყეში მუშაობდნენ, ხის საამქროში, ნახევრად იქ ცხოვრობდნენ და აბა, საიდან უნდა მცნობოდა.
დედამისი ამის, უმცროსის დაბადებას გადაჰყოლია.
მამა კი, ცოლის სიკვდილიდან წელიწადიც არ ყოფილა გასული, რუს ტურისტს გაჰყოლია უცხო მხარეში და მას აქეთ მისგან აღარაფერი ისმოდა, მხოლოდ რუსეთში ყვავილებით მოვაჭრე ჩვენს თანასოფლელ ქალებს ჩამოჰქონდათ ყურმოკრული ამბები, რომლებიც ძალიან ჰგავდა იმ ისტორიებს, ბევრ სხვა უგზოუკვლოდ დაკარგულზე რომ ჰყვებოდნენ.
ძალიან უყვარს იმ ქალსო.
სამი გერი ჰყავს, გოგოებიო, თან ჰყვებაო.
სხვა ადამიანი გეგონება, კაცს დაემსგავსაო.
კარგად არის, კარგს ჭამს და კარგს სვამსო.
ამ ამბის დროს კი, მგონი, იმ რუსებზე, ჩეჩნებსა თუ კაზაკებზე მეტად მთელი სოფელი მაგ კაცს აგინებდა – ამ თხუთმეტი წლის ბიჭის საცოდაობით მამამისმა როგორ უნდა გაიხაროსო.
იმათაც წყევლიდნენ – თავი იმიტომ მოიკლა, დიდი ცოდვა აჰკიდეს იმ ავაზაკებმა ობლობაში გაზრდილ ბავშვსო. ეგენი ამოწყდნენო!
არ ვიცი, ვინ თქვა და მართალი იყო თუ არა, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, თვითონ ცოცხლები შეურაცხყვეს და ამას მკვდრებთან აიძულესო.
ამ ჩვენმა ნათესავმა დამარხა ისიც.
სისხამ დილით მოვიდა ჩვენთან. მე არ მეძინა. საოცრად ჩუმი ღამე იყო, სხვა ბოლოდროინდელი ღამეებისგან განსხვავებით.
ვინც სოფელში დარჩა, ალბათ თვალი არც არავის მოუხუჭავს, ყველა ფხიზლობდა, თითქოს ყველა რაღაცის მოლოდინში იყო, ავის მოლოდინში.
ვერც მე მოვისვენე საწოლში.
ვწრიალებდი, ვშფოთავდი, ცალი ყური ბუხრის ოთახისკენ მქონდა, ვუსმენდი ბებიას და ბაბუას ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბარს. მეტწილად სოფლიდან ჩემს გაყვანაზე ლაპარაკობდნენ. თან სულ ის მეზობლის ბიჭი მელანდებოდა და ყველა უცნობ სახეს ვიხსენებდი, სოფელში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას რომ შემიმჩნევია და ვმარჩიელობდი, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო ის.
სქელი ნისლი იდგა, არაფერი ჩანდა ფანჯრიდან.
უცნაური ნისლი იცოდა ჩვენს სოფელში, თითქოს მიწიდან ამოდიოდა ცივი ოხშივარივით და ყველაფერს ბურავდა, ყველა ჩქამს ახშობდა. აქა-იქ თუ გამოისმოდა დილის ჩიტის ძახილი.
უკანა კარზე დააკაკუნა.
ღრიჭოდან ჩუმად დაიძახა, მე ვარო.
ბებიაჩემმა ფრთხილად გაუღო კარი, მაგრამ კარმა მაინც გაიჭრიალა და ამ ჭრიალზე მთელ ტანში დამიარა ჟრუანტელმა.
მომეჩვენა, რომ ჭრიალმა მთელ სოფელს გადაუარა და დილის სიჩუმეში ტყის პირებამდეც მიაღწია.
ტანსაცმლიანად ვიწექი და ოთახში შემოვიდა თუ არა, მეც წამოვდექი და გავედი.
ფიცრები მჭირდებაო.
რატომ ადექიო, პლედი მომახურა ბებიაჩემმა და სტუმარს ჯორკო გაუწოდა, ჩამოჯექი, ჩაის დაგალევინებ, წყალი ეს-ესაა ადუღდაო.
წინა დღეებში წაუღო ბაბუაჩემმა ფიცრები კუბოების შესაჭედად.
არ მინდა, კარადაში ჩავასვენებ და ასე დავმარხავო, მაგრამ არ