თავი 1 - სამყაროს სიდიადე
ლიზას ბაღნარი, ლიზას წალკოტი. არავინ ამბობდა ლიზას სახლიო. დავინტერესდი, რა ბაღნარია ასეთი, ღმერთის არსებობას რომ შეარიგა ქალი, რომელიც წინა და ეს საუკუნე ქრისტეს ხატს სადაც ნახავდა, პირში ნერწყვის გამოლევამდე აფურთხებდა. რომ გამოათრევდნენ, თვალს თვალში გაუყრიდა და გულის წასვლის შემდეგ რომ სიმშვიდე იცის, იმ ტონით დააყოლებდა: იესო, ხომ იცი, რატომო.
სამყაროს სიდიადეს, მცენარეებს რომ ვუვლი, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ. მაშინ ვიჯერებ ღმერთის არსებობასაც, რომელიც პრინციპში არ მჯერაო, ლიზამ. ლიზა ჩემი დაქალის დაქალია, რომელიც ჩემი დაქალი უფროა, ოღონდ ჩემმა დაქალმა ეს არ იცის. თოთხმეტი წლის შვილი ჰყავდა, ნატალია. გრძელ თმას აივანზე ივარცხნიდა ხოლმე. ერთხელაც მეგობრებმა ქვევიდან ამოსძახეს, ეს გადაიხარა. სავარცხელი ხელში შეუთამაშდა და გაუსხლტა. მეხუთე სართულზე ცხოვრობდნენ.
ლიზას წალკოტში ყველა მცენარე კაქტუსია. როცა არ ყვავიან, და უმეტესწილად არ ყვავიან, მწვანე პრეზერვატივზე წამოცმული ნემსების კოლონიაში გეგონება თავი. ვინ რაში ხედავს სამყაროს სიდიადეს. მაგალითად მე – ქუჩის ძაღლებში.
– ქალბატონო, ზეწარი ხომ არ გაქვთ?
– რა მოხდა?
– ძაღლს მანქანა დაეჯახა და უნდა გადავიტანოთ.
– თავშესაფარში?
– არა, ტროტუარზე, მოძრაობას ხელს უშლის.
შესული არ ვარ, მეორე ოთახიდან მცნობს და სამ ადგილას ძვალჩაშლილი ბარძაყით მოფორთხავს ჩემი ხმისკენ.
– რექსა, რექსა, ჩემი სიყვარული ვინ არის?
კაბინეტის კარს იქით ვინმეს გიჟი ვეგონები, ან შინაბერა, თუმცა არ ვგავარ. კარს აქეთ უსაფრთხოა უჯიშოს ალერსი. იმდენი 60/90-ზე პამპერსი ვუყიდე, ერთი კვირაა უცვლიან და არ გაუთავდათ. მარცხენა ხელში რექსას თავი სიგანეში მეტევა. სიგრძეში წიწიბურათი მოსვრილი დრუნჩი ხელს აქეთ გადმოდის, ტკიპიანი დანარჩენი – იქით.
– ჩემი ლამაზი ბიი...ჭიიი...
ექიმისა და სეტერის პატრონის თავები სინქრონულად ბრუნდება რექსასკენ. დედის გულს რა ვუთხარი, თორემ ეს წითური მეოთხედი-ნაგაზი დედამიწის ზურგზე სილამაზის ვერც ერთ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. ჭეშმარიტი კუბისტიც კი დაიჭყანება გაქუცული ჩონჩხის დანახვაზე. თან არტურამ ფეხი გაპარსა საოპერაციოდ და ორი კვირის თავზეც მოტიტვლებული აქვს ქოშერი ძროხის ბარძაყივით, ებრაელების „ნიკორას“ თავზე რომაა გაკრული.
ერთი ისეთი წვიმაში მოყოლილი გერმანელი შემოვიდა, გეგონება, ომი გუშინ წააგოო. იპოდრომზე ძვლებამოჩრილი ცხენი ნახა, „სკილეტა“, მამამისის ფერმაში უპირებს გაგზავნასო, ქეთი ვეტერინარმა. მერე ჩვენი ბრუციანი ჯეკოს თავიც შევაცოდე და ნაახალწლევს სანაგვეზე გადაგდებული მატყლის მგმინავი გროვა ძაღლი რომ აღმოჩნდა, იმასთან ერთად იშვილებს და დიუსელდორფში წაიყვანსო. არც ჩემს დაფეხვილს აწყენდა კეთილი უცხოელი პატრონი-მეთქი, შევღაღადე ქეთის, რომელმაც გერმანელს უთარგმნა. ამ უკანასკნელმა რექსას ისე ცივად დახედა, რომ მივხვდი, სხვა გერმანელი უნდა მომეძებნა. დიუსელდორფი დიდი უსახური ქალაქია, ნამყოფი ვარ. თუმცა ძაღლისთვის ეგ არ არის მთავარი. მით უმეტეს, ცხენისთვის.
თეიკომ, ოღონდ არ მიატოვო და მაგასაც გერმანიაში გავაშვილებო. არც ვაპირებდი. ძაღლს თუ ქუჩაში მანქანა დაარტყამს, გირჩევთ, თვალებში არ ჩახედოთ. დანაწევრებულ მეტყველებას იწყებს შოკისგან. რექსამ, მაგალითად, სახელით მომმართა: ქალბატონო ეკა, მიშველეთ რა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პაციენტი ვარ, მაგათზე ნაკლები დრამა კი არ არის ჩემი ცხოვრებაო. მალე სანაცნობო წრეს დაემატა საქართველოს ორი მთავარი მეძაღლე; ქალები, რაღა თქმა უნდა. ჩემს ქვეყანაში კაცებსაც უყვართ ძაღლები, ოღონდ საზოგადოებრივი აზრის ეშინიათ. თავშესაფრის ორი ვეტერინარი, მუნიციპალური სამსახურის ავარიაში მოყოლილი ცხოველების კაცი, თავშესაფრის ოპერ-ჯგუფი, ერთი დამამახსოვრდა – გიურზა. ადრე ზოოპარკის ტერარიუმში მუშაობდა და ყვითელი გიგანტური პითონი ისე შეიჩვია, რომ ის ტუჩებში კოცნიდა მონატრებულზე, ეს კიდევ – თვალებში და მამას კაშნეს ეძახდა; კიდევ ორი ვეტერინარი (სექონდ ოფინიონ) და ქირურგი არტურა მზეს მიფიცხებული ჩონჩხიანი რენტგენით და სამი ჭანჭიკით, ფეხში სულ წაღმა-უკუღმა რომ ჩაუხრახნა ჩემს რექსიკას.