ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი პერსონაჟები:
დარიო
ივი (ერთი ან რამდენიმე ქალი სხვადასხვა ასაკში)
არიანე
რესო
პროლოგი პროლოგის წინ (ად ლიბიტუმ)
ქალების ქორო – სპექტაკლში მონაწილე ყველა ქალი
– მინდა ჩემი თავგადასავალი გიამბოთ, ჩემი თავგადასავალი. ჩემი. ჩემი. ჩემი თავგადასავალი. ეს სასიყვარულო ისტორიაა. უფრო ზუსტად კი – ცხოვრებისეული. თუმცა რა განსხვავებაა, დღემდე ვერ ვხვდები. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ამბავი გრძნობებს ეხება და სავსეა გრძნობიერი სიტყვებით, ჩემი ნათქვამი და ჩემთვის ნათქვამი სიტყვებით, რომლებიც ჰაერში ტრიალებს დღემდე, მტვერივით, სულ პაწაწუნა მტვრის ნაწილაკებივით. ამას ჩვარი ვერ ჩამოწმენდს, თუმცა ათასნაირი მტვერსაწმენდი, ჩვარი და რა აღარ ვცადე უკვე.
– პრობლემა კი ის არის, რომ ეს სასიყვარულო ისტორიაა და ჩვენ ნამდვილად არ გვინდოდა ბებიაჩემისდროინდელი კლიშეების გამოყენება, გვინდოდა გვეცადა სულ სხვა რამ მოგვეთხრო, რაღაც ტრანსცენდენტური, დისკურსული, რაღაც...
– ბოდიში, რა! ხომ შევთანხმდით, რომ ლირიკული გადახვევებისგან თავს შევიკავებდით?
– ასე არაფერი გამოვა!
– და ახლა, რაკი ეს შესაძლებლობა მომეცა, თუ ჩემით მოვიპოვე, უნდა გამოვიყენო კიდეც. ამიტომ ვდგავარ აქ, რომ ჩემი თავგადასავალი გიამბოთ.
– ჩემი.
– ჩემი.
– ჩემი.
– თავგადასავალი.
– მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, პრობლემა ის არის, რომ ეს გრძნობიერი ისტორიაა, და მისი მოყოლა შეუძლებელია სხვანაირად, ანუ პათეტიკის გარეშე. „პათეტიკა“ კი თავდაპირველად მხოლოდ და მხოლოდ „ვნებას“ ნიშნავდა, მე საგანგებოდ გადავამოწმე, გასაგებია? ზოგ-ზოგიერთების გასაგონად ვამბობ, რომ არ იყოს მერე აქ მომაკვდინებელი არგუმენტების მოყვანა და ინტელექტუალური გამოხტომები იმ ხალხის მხრიდან, ვისაც მიაჩნია, რომ ქალები საერთოდ აზრზე არ არიან და ამიტომ უნდა მოკეტონ.
– მორჩი!
– ვერ მოგართვით. დიდი ბოდიში. სულ არ მაინტერესებს. ეს აუცილებლად უნდა ითქვას. ახლავე და აქვე!
– მოკლედ, თავგადასავალი, მთელი ამბებით, და რაც მთავარია, ამ საშინელი სიყვარულით, რომლის გამოტოვება აქ მართლა არაფრით არ შემიძლია, სამწუხაროდ. ქალებიც რომ არა, ამას მაინც ვერ გავექცევი, მართლა ვერ შევძლებ. ამას წინათ ჩემი ფიზიოთერაპევტი მეუბნება, დიდმკერდიან ქალებს ზურგის პრობლემები აქვთო. ამის ქვეტექსტი იცით რა იყო? – მკერდი საფრთხეა, გენაცვალე, ზედმეტი ესტროგენიც საფრთხეა, გრძნობიერი ისტორიაც საფრთხეა, ძალიან გთხოვ, ნუ გადაიქცევი საფრთხედ, გთხოვ, ნუ იქნები განსხვავებული, გთხოვ, ნუ შემიქმნი პრობლემებს...
– გეყოფა, ეგ აქ რა შუაშია!
– ეს უკვე მართლა უხერხულია, ვერ ხვდები?
– მე. უფრო სწორად, ჩვენ, მზად ვართ. არ გვინდა ჩვენივე კლიშეებით შეგვაფასონ. სიამოვნებით დავდგებოდით ამაზე მაღლა და ძალიან საქმიანად წარმოგიდგენდით ჭკვიანური ციტატებით სავსე მოხსენებას...
– და თეორიული კვლევების მასალებს.
– რაც უდავოდ შეუწყობდა ხელს მაყურებელთა ცოდნის გაღრმავებას და ახლებურ ხედვას.
– მე კი სიამოვნებით წარმოვადგენდი ნათელ და რაც მთავარია, გააზრებულ პოზიციას ამ თემასთან მიმართებაში. ობიექტურს, დისტანცირებულს, ცინიკურს. პირველ ყოვლისა, ცინიკურს. დიახ, უპირველეს ყოვლისა, ცინიკურს.
– სიმართლე გითხრათ, სულ არ გვინდა სასიყვარულო ამბის მოყოლა.
– იმიტომ რომ ამას მაშინვე „ქალურ ხედვად“ შერაცხავენ.
– ისე, ცოტა ეგზოტიკურობა არ იქნებოდა ურიგო.
– და ახალგაზრდულობა... ვინ არის აქ ყველაზე ახალგაზრდა? მოდი აქ, შენ უნდა წარმოგვადგინო ახლა ყველა, კარგი? შენ ახალგაზრდა ხარ და ქალური. რომელი ხართ ეგზოტიკური... კარგი, მაშინ შენც მიუდექი გვერდით და ორივემ ერთად წარგვადგინეთ, შევთანხმდით?
– ასე ყველა მიმართულებას მოვიცავთ.
– მერე შეგვეძლო ინტელექტუალური, პერფორმატიული, ძალიან ფორმალური ფორმა მოგვეძებნა, რომელშიც შევტენიდით ჩვენს თავგადასავალს. ასე ალბათ კლიშეებსაც დავანგრევდით და პირში მივახლიდით ყველას: გვიყურეთ, გვიყურეთ, გვკიდია ქალური პათოსი!
– მაგრამ...
– ჩვენი თავგადასავალი სამწუხაროდ ასეთი არ არის.
– რაც არის, ის არის.
– მგონი გავფუჭდით.
– ნამდვილად.
– შესავალი ხომ სულ სხვანაირად უნდა გაგვეკეთებინა.
– დაგვენძრა.
– ასე ხომ არ ვაპირებდით დაწყებას.
– მე რა შუაში ვარ?
– არ გამოდის სხვანაირად და მორჩა.
– როგორ არ გამოდის.
– არ გამოდის.
– კარგი, სირცხვილია. გეყოფათ.
– სხვანაირად არ გამოდის. უნდა აღიაროთ.
– მორჩი!
– დარწმუნებული ვარ, გამოვა.
– არ გამოვა-მეთქი. რად გვინდა ახლა ეს კამათი და თავის მართლება? შენ ისეთი ხარ, როგორიც ხარ, და მეც ისეთი ვარ, როგორიც ვარ, და საერთოდ, ეს ვართ, რაც ვართ, და მოვყვებით ისე, როგორც უნდა მოვყვეთ.
– მელოდრამატულად.
– პათეტიკურად.
– კიჩურად.
– რატომაც არა. თუნდაც კიჩურად.
– მერე ეგ რა ხელოვნება იქნება?
– ბოდიში, მაგრამ ახლახან ვნახე ერთ გამოფენაზე ცამეტი პოლაროიდი, რომლებზეც სასირცხვო