კარი მესამე
… მიუხდა თუთაშხა მას ურჩხულსა პირიდან ცეცხლგადმომდინარეს, შთასცა შუბი ხახასა შინა, განართხო მიწასა ზედა და მოჰკვეთა თავი იგი. უხაროდის მათ ცოტა კაცთა, რომელნი იყვნენ ფარულად თაყვანისმცემელნი წესისა თუთაშხასი და ჰგონებდნენ მას მხსნელად ერისა.
გარნა ფენიქსებრ აღსდგა ურჩხული და მოიბა ერთისა მოკვეთილისა თავისა წილ თავი შვიდი. აღიძრა თუთაშხა კვალად და შემუსრნა შვიდივე თავი ურჩხულისა. მოვიდა სისხლისა ღვარი და მდინარე მისი ადიდებული გარდავიდა ნაპირთაგან წალეკვად ქვეყნისა, წარიღო და დანთქა სისხლმან მონაგარი მამა-პაპათა, არღა დარჩა მხვნელი და არღა შეიქმნა მოცალება თესვისათვის. კაცთა იწყეს კლვა და მუსრვა, რამეთუ ედოთ გულსა შიგან: რომელთამე განზრახვა ესერიგი მიმართ სხვათა; ვიეთნი კლვიდნენ განურჩევლად და სცემდნენ ნადგურსა, რამეთუ განმდგარ და განყრილ იყვნენ ჭეშმარიტის დანიშნულებისაგან კაცისა სოფელსა შინა; სძულდათ ყოველი, თუმცა არა უწყიდნენ, რაი სურდათ, გარდაი კლვისა და მუსრვისა და ჰქონდათ განმართლებად ბოროტებისა თვისისა მაგალითი თუთაშხასი, რომელმან ძალითა დათრგუნვა იზრახა ურჩხულისა.
ხოლო ურჩხულმან ყოველისა მოკვეთილისა თავისა წილ ამოიყარა შვიდი და ამოდენჯერვე განმრავლდა ბოროტება ერსა შორის.
დაეცა ზარი თუთაშხას ნახულისა გამო და მოიცვა იგი რწმენამ, რამეთუ ვერცა ვინ არგოს მოდგმასა კაცთა, თუ არ კაცმავე.
განიზრახა თუთაშხამან, სულმა კრებითმა მან, გარდაქცევა ძედ ხორციელად და იქმნა თუთაშხა განზრახვასა თვისსა შინა ღმერთად!