თავი პირველი -
პიტერი ასპარეზზე გამოდის ყველა პატარა იზრდება, უკლებლივ ყველა... მაგრამ არის ბავშვი, ერთადერთი და განუმეორებელი. რატომ? იმიტომ, რომ ის არ იზრდება, და კიდევ... კიდევ ბევრი რამის გამო... ვინ არის? როგორია? რატომ არ იზრდება? ამას შენ ძალიან მალე გაიგებ.
ჩვეულებრივი ბავშვები, ადრე თუ გვიან, თავადვე ხვდებიან, რომ აუცილებლად გაიზრდებიან. მაგალითად, ვენდიმ ეს ორი წლის ასაკში გააცნობიერა.
ერთ მშვენიერ დღეს, ბაღში თამაშის დროს, ვენდიმ ყვავილი მოწყვიტა და დედასთან მიირბინა. ის იმ წუთში იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ მისი დანახვისას დედამ გულზე ხელი დაიდო და შესძახა: – ოჰ, რა მშვენიერი ხარ, ნეტავ შეიძლებოდეს, სულ ასეთი დარჩე!
მართალია, მისის დარლინგს, ვენდის დედას, მეტი აღარაფერი უთქვამს, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ვენდიმ უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ აუცილებლად გაიზრდებოდა. ორი წლის ასაკში ამას ალბათ ყველა ხვდება. ეს ის ასაკია, როცა უკვე აღარ ხარ ძალიან პატარა.
ვენდის ოჯახი თოთხმეტ ნომერ სახლში ცხოვრობდა. გოგონას დედა უმშვენიერესი ქალბატონი იყო – მეოცნებე და ტკბილად მოუბარი. მისი ამოუცნობი ხასიათი ერთმანეთში მოთავსებულ პაწაწინა კოლოფებს წააგავდა. აი, ისეთს, დიდში რომ პატარა დევს, პატარაში – კიდევ უფრო პატარა და ა. შ... ასეთი კოლოფები იდუმალებით მოცული აღმოსავლეთიდან ჩამოაქვთ. ხსნი, ხსნი და რამდენიც უნდა გახსნა, მაინც გხვდება ახალი. ჰო, კიდევ ერთი, ვენდის დედის დამცინავად მორკალულ ბაგეებს ძნელად თუ გამოსტყუებდა ვინმე კოცნას. არადა, ვენდიმ ზუსტად იცოდა, რომ ეს კოცნა დედიკოს ტუჩის მარჯვენა კუთხეში იმალებოდა...
მისტერ დარლინგმა, ვენდის მამამ, მისის დარლინგის გულის მოსაგებად საინტერესო ხრიკი იხმარა. ვენდის დედას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. საოცარია, მაგრამ ყველას ერთდროულად მოედო ტრფობის ალი და ერთ მშვენიერ დღეს ყველა ერთად გაიქცა მისი სახლისკენ ხელის სათხოვნელად.
აი, მისტერ დარლინგმა კი ეტლი დაიქირავა, დაასწრო სხვა თაყვანისმცემლებს და, და... სატრფოსთან პირველი გამოცხადდა. გაიმარჯვა კიდეც! ქორწილიც გადაიხადეს...
ვენდის მიაჩნდა, რომ მამამ ყველაფერი მიიღო, გარდა დედის სულის სიღრმეში დამალული, იდუმალი ყუთისა და ტუჩის მარჯვენა კუთხეში ჩაკარგული კოცნისა. თუმცა, სავარაუდოა, რომ მამამ მეუღლის ამ ღირსებების შესახებ არც არაფერი იცოდა... ვენდი კი ფიქრობდა: აი, ნაპოლეონი უთუოდ მიაგნებდა ყუთსაც, კოცნასაც და ორივეს მოპოვებასაც შეძლებდაო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ წარმოგიდგენია, რას იზამდა განრისხებული ნაპოლეონი? ალბათ კარს იმედგაცრუებული გაიჯახუნებდა...
მისტერ დარლინგი ხშირად ტრაბახობდა ვენდისთან:
– დედაშენს არა მარტო ვუყვარვარ, არამედ პატივსაც მცემს!
ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მისტერ დარლინგი ხომ იმ ღრმადმოაზროვნე ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც აქციებისა და პროცენტების შესახებ ყოველთვის ყველაფერი იციან. ის ისეთი მონდომებით ამტკიცებდა ხოლმე, „პროცენტები იზრდება“ ან „აქციის ფასები ეცემაო“, რომ უდავო იყო, ნებისმიერი მანდილოსნის პატივისცემას იმსახურებდა.
ახალგათხოვილი მისის დარლინგი ფრიად მიამიტი გახლდათ. პირველ ხანებში იგი წარმატებით აწარმოებდა ხარჯების აღრიცხვას და ისეთი სიხარულით ეკიდებოდა საქმეს, თითქოს ეს მისთვის საუკეთესო გასართობი ყოფილიყო. ალბათ ბრიუსელის კომბოსტოს* არსებობა სულ გადაავიწყდა და იმიტომ !!! მაგრამ მალე კომბოსტოს ფურცლები დასცვივდა და მისი მთავარი საქმიანობა ბავშვებზე ზრუნვა გახდა.
პირველად ვენდი გაჩნდა, შემდეგ – ჯონი და მაიკლი. ვენდის დაბადებიდან სულ რაღაც ორ კვირაში ეჭვქვეშ დადგა საკითხი, შეძლებდა თუ არა ოჯახი მის რჩენას. მისტერ დარლინგი ამაყი და კეთილშობილი კაცი გახლდათ. იგი მისის დარლინგის საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ხელი ხელზე დაადო და ხარჯების თვლას შეუდგა. მისის დარლინგი მუდარით აღსავსე თვალებით შესცქეროდა მას. ქალს, რა თქმა უნდა, გოგონას დატოვება სურდა. მისტერ დარლინგი ცოტა სხვაგვარად ფიქრობდა – მისი საქმე ხომ ფურცელი და ფანქარი იყო. თუ მისის დარლინგი საკუთარი შენიშვნებით თვლაში ხელს შეუშლიდა, იძულებული ხდებოდა, თავიდან დაეწყო.
– ახლა ნუ შემაწყვეტინებ, – ეუბნებოდა ცოლს მისტერ დარლინგი.
– აქ გირვანქა სტერლინგი მაქვს, სამსახურშიც – ორი გირვანქა. შემიძლია, შესვენებაზე ყავა არ დავლიო და ასე ათი შილინგი მაინც დავზოგო. შენს დანაზოგთან ერთად ოცდაათი გირვანქა სტერლინგი გროვდება... ნუ მელაპარაკები, ძვირფასო! და თუ იმ სტერლინგსაც მივათვლი, გულაჩუყებულმა კარზემომდგარ უცნობს ჩუმად რომ ასესხე...
– ნუ ტირი, პატარავ... აჰა, ყველაფერი ამერია!... – ამჯერად მისი სიტყვები აღნავლებულ ვენდის ეკუთვნოდა.
ბევრი ანგარიშისა და ვაი-ვიშის შედეგად, მისტერ დარლინგმა ყველაფერი მითვალ-მოთვალა და კვლავ მეუღლეს მიუბრუნდა:
– როგორ ფიქრობ, ძვირფასო, შევძლებთ ამ თანხით თავის გატანას?
– რა თქმა უნდა, ჯორჯ! – შესძახა მისის დარლინგმა, რომელსაც ვენდის სასარგებლოდ გადაწყვეტილება წინასწარ მიეღო.
ბოლოს და ბოლოს, ყბაყურას, წითურას, ყივანახველას აცრების ხარჯების თვლაც დასრულდა