1914 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტში კი ვკითხულობთ - ,,ხარება და გოგიას“ ბანდა, როგორც უნდოდა ისე იქცეოდა კახეთში თითქმის 8 წლის განმავლობაში. მათ მიერ ჩადენილი მკვლელობებიდან ყურადღებას იქცევს პრისტავ აპუშკინის მკვლელობა თელავში, სტრაჟიკების ოფიცერ პორუჩიკ ცელმანის მკვლელობა ნაფარეულში, თელავის მაზრის ჩინოვნიკ ს.ვ-ს მკვლელობა ქალაქ თელავში, ასევე მასობრივი მსხვერპლი სახელმწიფო სტარშინების, სტრაჟნიკების, ურიადნიკების, პოლიციის აგენტებისა და კერძო პირების. ამ ბანდის ხელით მოკლულთა რაოდენობა ორმოცდაათს აჭარბებს. ბანდამ მოაწყო თავდასხმა წინანდლის მამულის ხაზინაზე და გაიტაცა მსხვილი თანხა, მოაწყო თავდასხმა სახელმწიფო ფოსტაზე და სხვა. ბანდის თავხედობას არ ჰქონდა საზღვარი - პრისტავი აპუშკინი და თავადი ს.ვ. დღისით-მზისით ჩაცხრილეს. თელავის მაზრის უფროსს ანტონოვს თელავიდან 7-8 ვერსის მანძილზე დაესხნენ თავს, დაჭრეს თუში ზარიძე, 1912 წელს ხორხელის მცხოვრები გავარდაშვილი დახვრიტეს ადგილობრივი მოსახლეობის თვალწინ და სხვა’’.(100)
თავისთავად ცხადია, რომ დღისით-მზისით, სახალხოდ, ასე ღიად და დაუსჯელად ჩადენილი ტერორისტული აქტები უარყოფითად აისახებოდა თელავის მოსახლეობის განწყობაზე. მეტიც, ამ დროს მომხდარი ტერორისტული აქტები გარკვეულწილად ზრდიდა მოსახლეობაში რევოლუციური პარტიების, მათ შორის სოციალ-დემოკრატების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას.
გარდა ამისა, ხელისუფლება ზემოდასახელებულ ტერორისტებს და ყაჩაღებს სხვადასხვა დროს მომხდარ მკვლელობებსაც მიაწერდა. დოკუმენტების მიხედვით, ხარება ჯიბუტს და გოგია კენკიშვილს ერთობლივად მოუკლავთ ნაფარეულის ,,სტარშინა“ ბონუხ ტიმიევი და ,,სტრაჟნიკი’’ ალი შახტიევი, ასევე დაუხოციათ ,,შანტაჟისტები’’ ალექსანდრე ეგოროვი და იოსებ ზურაბოვი, მოუკლავთ სოფელ ართანის მკვიდრი აბელ ბეჟინაშვილი. ჩანს ფულის გამომძალველები იგულისხმებიან, ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში სიტყვა ,,შანტაჟისტი” ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა. გოგია კენკიშვილს 1908 წლის 19 თებერვალს სოფელ კურდღელაურის სახელმწიფო ,,სტარშინა’’ გოძიევიც მოუკლავს.
აგენტურული მონაცემებით გოგია კენკიშვილსვე ბრალდებოდა თანასოფლელების, სოფელ გულგულის მკვიდრების - ალექსანდრე ჩაველაშვილის, მიხეილ ოხანაშვილის და სოლომონ გიგაურაშვილის მკვლელობები. ხარება ჯიბუტს კი ივანე და ზაქრო რამაზაშვილების, ნაფარეულის ,,სტარშინა’’ ბაქრაძის, ფშავლის მცხოვრებ ჯაჭვაძის, თელავში განლაგებული ბაშკიდიკლარის ბატალიონის რიგითი ჯარისკაცის გურსკის და სხვების მკვლელობები. ხელისუფლების აზრით ზალიკო სვიმონიშვილს რამაზაშვილის და ჯაჭვაძის მკვლელობებშიც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.(101)
სხვა მიზეზებთან ერთად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეპუტაციაზე, თბილისსა და პროვინციებში მომხდარი ტერორისტული აქტების უარყოფითი გავლენის შესასუსტებლად, 1908 წლის ივნისში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტმა გამოუშვა პროკლამაცია ,,ტერორის შესახებ“.(102) მასში, ერთის მხრივ, სოციალ-დემოკრატები ,,გმობდნენ’’ ტერორს და აცხადებდნენ, რომ სხვა რევოლუციური პარტიებისაგან განსხვავებით, მხოლოდ სოციალ-დემოკრატები გამოდიოდნენ ტერორის წინააღმდეგ - ,,ახლა მხოლოდ საზოგადოების ნაძირლები - ლუმნენ-პროლეტარები მიმართავენ ტერორს“, მეორე მხრივ, კი ემიჯნებოდნენ ეგზარხოს ნიკონის მკვლელობას.
რაც შეეხება თელავს, 1908 წლის 19 ივნისს, თელავში გავრცელდა პროკლამაცია, რომელშიც ეწერა:
,,რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
გ ან ც ხ ა დ ე ბ ა
გლეხების და მოქალაქეების საყურადღებოდ:
თელავის ორგანიზაცია რ.ს.დ.მ.პ. საქვეყნოდ აცხადებს - თანახმად ლონდონის პარტიული სიეზდის გადაწყვეტილებისა წინააღმდეგია ყოველგვარი პარტიზანული მოქმედებისა, ამ მიზნით კიდევაც გააუქმა ყოველგვარი ტექნიკური და ბოევიკური ორგანიზაციები და არ შეადგენს მათ, სანამ ამის საჭიროებას მოძრაობა არ გამოიწვევს.
ორგანიზაციისვე წინადადებით აიყარეს იარაღი ყველა ყოფილმა ბოევიკებმა და მათ შორის გოგიამ და ლეკმა, რომლებიც უკვე გავიდნენ თელავის მაზრიდან.
ორგანიზაცია ამცნობს ყველა თავის თანამგრძნობ გლეხებსა და მოქალაქეებს, რომ დღეიდან მას (ორგანიზაციას) არ ყავს ბოევიკები და თუ ვინმემ იარაღ-ასხმულმა დაიწყოს თარეში და აგრეთვე მოითხოვოს ფული, ის იქნება შანტაჟისტი და არა ახალთაობის კაცი.
მოგიწოდებთ ყოველგვარი საშუალებით ვებრძოლო ამ ვაჟბატონებს
თელავის რ.ს.დ.მ.პ. 1908 წელი 19 ივნისი’’(103)