თელავის ისტორიულ მუზეუმშიც დაცულია თელავის მაცხოვრებლების მოგონებები იოსებ ჯუღაშვილის თელავში ყოფნის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ძალიან საინტერესოა. ეს არის ნიკოლოზ ვაშაძის შესახებ ვანო ალიხანაშვილის, ასევე კიმო გელოვანის, თელავის მაზრაში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკების ფრთის წარმომადგენლის 1936 დაწერილი წერილები. მათში ვკითხულობთ, რომ ვაშაძე სიღნაღის თუ თელავის მაზრაში, 1906 წელს ყოფილა ბოქაულის თანაშემწედ და სწორედ მას გადაურჩენია ,,კობა’’ დაპატიმრებას: ,,შავი რეაქციის დროს კაზაკების მიერ დაპატიმრებას გადაარჩინეთ ამხ. კობა, რომ თქვენ არა მაშინ დაპატიმრებულ კობას კაზაკები შურისძიებით მოკლავდნენ. მაშასადამე თქვენ სიკვდილს გადაარჩინეთ ჩვენი ქვეყნის სიამაყე, მსოფლიო პროლეტარიატის საყვარელი ბელადი, ბრძენი გენია, ჩვენი ძვირფასი სტალინი, ესაა უდიდესი საქმე’’. (79) თავისთავად ეს დოკუმენტი საინტერესოა, რომ დადასტურებულია იოსებ ჯუღაშვილის ყოფნა თელავის მაზრაში. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაცაა აღნიშნული - მისი დაპატიმრება თელავის მაზრაში კაზაკების მიერ, რაც იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) არც ერთ ოფიციალურ მასალაში არაა აღნიშნული.
თელავის ისტორიულ მუზეუმში, ალექსანდრე მამულაშვილის, მუზეუმის ყოფილი დირექტორის არქივში დაცულია ,,მოგონებები სტალინის კახეთში მოგზაურობის შესახებ’’. ალექსანდრე მამულაშვილს 1938 წლის მარტში გადაუწერია ვინმე პროვიზორ ივანე ნიკოლოზის ძე უზნაძის ავტობიოგრაფიიდან შემდეგი: ,,ბოლშევიკური ფრაქციის წინადადების თანახმად გადაწყდა, რომ სოციალ-დემოკრატიული კონფერენცია მოწვეულ იქნას ქ. სიღნაღში. ამისთვის ქ. სიღნაღში 3 თუ 4 იანვარს (1906) ჩამოვიდნენ, მაგრამ რადგან პოლიციის ჯაშუშებმა ალღო აიღეს, ამიტომ კონფერენციის ადგილად ველისციხე იქნა არჩეული... ტფილისელი დელეგატები ს. გურჯაანში ჩემთან მოვიდნენ. კარგად მახსოვს, მათ შორის ამხ. კობა (იოს. სტალინი). ჯაშუშების დადევნების გამო, ჩემთან რომ მივედით მე საჩქაროდ შევიძინე გლეხკაცის სამოსი და ჩავაცვი: ქალამნები, პაჭიჭები, კახური ნაოჭიანი ცოხა, ახალუხი, ნაბდის ქუდი, დახეული ფარაჯა და თავზედ შემოხვეული ყაბალახი. ასე გამოწყობილი ორი გლეხკაცის თანხლებით ფეხით ზამთარში ქარბუქში გომბორის გზით ტფილისისკენ გაემგზავრა’’.(80) შემდეგ ავტორი საუბრობს 1906 წლის 5 იანვარს ველისციხეში გახსნილ კონფერენციაზე და წერს: ,,აზრთა დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ გაიმარჯვეს სამოქალაქო ომის მომხრეებმა და მახანაგი სტალინის რეზოლუცია მიიღეს’’. აქვე ვკითხულობთ: ,,1906 წლის მაისში ტფილისის და თელავის კომიტეტებთან შეთანხმებით ვანო გურული (ხუნხუზა) შვიდი წითელ რაზმელით წინანდლისა და თელავს შუა ფოსტას დაუხვდა, რომელსაც მიჰქონდა ხაზინის ფული ტფილისისკენ და რომელსაც მიაცილებდა 19 სტრაჟნიკი და 100 კაზაკი. ნასომხარში გურული აღნიშნული რაზმელებით გზაში დახვდათ სროლა აუტეხათ კაზაკებს’’.(81) საინტერესოა, რომ სხვა დოკუმენტში ალექსანდრე მამულიშვილი თითქმის დადასტურებულად წერს იოსებ ჯუღაშვილის კახეთში, კერძოდ კი თელავში ყოფნაზე. (დოკუმენტი 11)
ამ მასალებში დაცულია თინათინ ბურჭულაძის, თელაველი რევოლუციონერის დავით ბურჭულაძის დედის, 1938 წლის ივნისში დაწერილი მოგონება, სადაც აღნიშნავს, რომ მის შვილს და ძულიაშვილს(82) თბილისიდან ჩამოჰქონდათ გაზეთები ,,ისკრა“ და ,,საქართველო“. ასევე, სხვა არალეგალური ლიტერატურა და ავრცელებდნენ. აქვე ადასტურებს იოსებ ჯუღაშვილის თელავში ყოფნას: - ,,ჩემს ბინაზე ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა კობა, ეჭირა ერთი პატარა ოთახი, სადაც კითხულობდა, წერდა და საღამოობით აწყობდა საბუთებს’’.(83)
არჩილ მეგრელიშვილის, სოფელ წინანდლის მცხოვრების მოგონებაში, რომელიც ალექსანდრე მამულაშვილს 1938 წლის თებერვალში ჩაუწერია, ნათქვამია: ,,ამხ. კობა იყო სოფელ წინანდალში 1906 წლის ადრე გაზაფხულზე, კარგად არ მახსოვს რომელი თვე იყო. გვერდით ჰყავდა ორი კაცი - ერთი ხუნხუზა(85), მეორე არ მახსოვს’’.(86)
თელავის ისტორიულ მუზუმში ასევე დაცულია დოკუმენტი სათაურით: ,,ასლების ასლები. სხვადასხვა პირთა მოგონებებისა ამხ. სტალინის 1906 წელს კახეთში ყოფნაზე(გადაგზავნილია მოსკოვში ,,ცკ’’ მოთხოვნით 1938 წ. 24 დეკემბერი’’, სადაც ვხვდებით ინფორმაციებს სტალინის კახეთში ყოფნაზე 1906 წელს.
სხვა დოკუმენტში სათაურით: ,,წერილი ფ. მახარაძეს, შეუძლია თუ არა დაგვიდასტუროს სტალინის კახეთში ყოფნა’’ ვკითხულობთ: ,,საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს ფ. მახარაძეს. თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ არის შეგროვილი ფრიად საინტერესო მასალები სტალინის მოღვაწეობის შესახებ კახეთში. რევოლუციური ორგანიზაციებისადმი ხელმძღვანელობის გაწევის მიზნით სტალინი ყოფილა კახეთის სხვადასხვა ქალაქში და სოფელში’’. ეს წერილი 1938 წლის 5 ივლისით არის დათარიღებული და მასში აღწერილია სტალინის ,,ველისციხის კონფერენციაზე’’ დასწრება, თელავში ყოფნა და სხვ. აქვე ნათქვამია: ,,მივმართეთ მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტს, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერც იქიდან მივიღეთ’’.
1938 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, სავარაუდოდ ფ. მახარაძეა ავტორი, უგზავნის წერილს: ,,თელავის სამხარეთმცოდნეო მუზეუმის დირექტორს ამხ. მამულაშვილს. თქვენი უაღრესად საყურადღებო წერილის საპასუხოდ ჩვენი დიდი და საყვარელი ბელადის ამხ. სტალინის კახეთში ყოფნის შესახებ 1905 წლის რევოლუციის პარიოდში უნდა გაცნობოთ შემდგი: მე დანამდვილებით ვიცი, რომ 1905 წლის რევოლუციიის პერიოდში 1905 წელს ამხანაგ სტალინს უხდებოდა აგიტაციის და პროპაგანდის მიზნით კახეთში წასვლა’’. წერილს დასასრულს ვკითხულობთ: ,,მე ვფიქრობ, რომ თქვენ სრულიად მართებულად მოქცეულხართ, როცა სტალინის 1906 წლის დასაწყისში კახეთში ყოფნის შესახებ და აგრეთვე ველისციხის კონფერენციის შესახებ, ამ ამბების უშუალო მონაწილეთ მიმართეთ და როგორც ცოცხალი მოწმეები აალაპარაკეთ და შემდეგ მათი ნათქვამის შემოწმებას შეუდექით. ეს ნამდვილად მეცნიერული მიდგომაა ამ საკითხისადმი. მუშაობის გაგრძელება არა თუ სასურველია, არამედ აუცილებლად საჭიროა.’’