1 გამარჯობა, მე კოსტა არაბული ვარ. ეს-ესაა სააბაზანოდან გამოვედი. ისეთი ყაყანი იყო, ტვინი ამიფეთქდა. არაფერი მიქნია, 10 წუთი შევისვენე. სასტუმრო ოთახში დავბრუნდი. მამაჩემი „ მთავარს “ უყურებდა.დედაჩემს ახალი შეკვეთა მიეღო, ზიზილ-პიპილოებით გაწყობილ კაბას , კიდეებს უსწორებდა. წიგნში მოჩვენებითად თავჩავარდნილი ჩემი და, ყოველ წუთში გვერდით დადებულ ტელეფონს გახედავდა ხოლმე. ტელევიზორსა და დივანს შორის უხერხულად გავძვერი, მამაჩემი დაჰიპნოზებულიყო. გამონაცვალი შარვლის ჯიბეებს ჩხრეკა ისე დავუწყე, გიას ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს.
- მოდი , მე მაქ ,- აივნიდან თენგოს ხმა მომესმა. ჩემს ძმას გვერდით ამოვუდექი და სიგარეტი გამოვართვი. ტანზემოთ გახდილს კოღოები ესეოდა. ერთ-ორ ღრმა ნაფაზს დაარტყამდა , მერე გაშლილ ხელს ხან მუცელზე, ხან ზურგზე, ხან კიდევ კისერზე მიიტყაპუნებდა ხოლმე და მოწევას განაგრძობდა. დღეს რაღაც ჭრელი შორტი ამოექექა. 29 წლის კაცი, დილით სახელდახელოდ დაუთოებულ პერანგსა და შარვალს ტანზე ირგებს, სამსახურში მიდის, იმაზე მეტს აკეთებს რასაც ავალებენ , სახლში გადაქანცული ბრუნდება და სასაცილო, ლურჯ-ყვითელ შორტს იცვამს. ისე შევეგუე მის სერიოზულ იმიჯს, დაყენებულ ხმას, შერჩეულ მიმიკებს, სადაცაა თქვენობით ვესაუბრო. თავი ზოგჯერ მოვალე მგონია ხოლმე, ლამისაა ვუთხრა: ბატონო თენგო, თანხას დღის ბოლომდე უსიკვდილოდ დავფარავ, ოღონდ სახლიდან არაფერი წაიღოთ-მეთქი. ადგილები გავცვალეთ. აივნის კიდისკენ გადავინაცვლე. ასე გიასთვის და სოფოსთვის შეუმჩნეველი ვიყავი.
ჩვენ წინ ნაძვებში ჩაფლულ ეკლესიას თვალი შევავლე. ვისი სახელობისაა ნაღდად არ მახსოვს. ნაძვნარში, ეკლესიის გარდა ბევრ რამეს ნახავთ. მაგალითად, 3-4 ძაღლს , რომელთაგან სულ მცირე ერთს მაინც აქვს ყურზე ნიშანი. მათ გვერდზე ატუზულ წყვილს , რომელიც კოცნით არადა არ იღლება. ისეთი საშინელი სანახავია, თავი შეგძულდება. კოცნა, ჩახუტება, ლაქლაქი, ხმაურიანი სუნთქვა, ისევ კოცნა, ფეხზე წამომდგარი ბიჭი და ტრაკზე აყოლილი ფიჭვების ხელით ჩამოშორება. კოცნის მეტს ვერაფერს ბედავენ. დადგით კარვები, ყველგან დადგით ეს დაწყევლილი კარვები. გააქირავეთ, როგორც 1 ოთახიან ბუნაგებს აქირავებთ, დღიურად, თვიურად , წლიურად ანდაც სამუდამოდ, სანამ კარავში გადმოღვრილი სპერმის ბოლო უჯრედიც არ გაქრება. წყვილის მოშორებით , შეამჩნევთ ღლაპებს, რომლებიც სანახევროდ დამპალი ხის გამოხრული შუაგულიდან, გადამალულ , მომცრო ბოთლს იღებენ. მერე თუთუნგარეული ბალახის კვამლს ღრმად ისუნთქავენ, შენ კიდევ ამათ კაიფს უნდა უყურო, თუ როგორ აბოლებენ ერთმანეთს შემდეგი ფრაზებით: „ ჰა, შეჩემა როგორია? , მგონი რაღაც მოაქ, გაშკა შუერიე? “ ვაზისუბანში ჰაერი შედარებით სუფთაა. ჩვენი აივნიდან გადაშლილი ქალაქის ნაწილი მტვერში გახვეულა. სულ რაღაცის ხმა გესმის, რაც არ უნდა ქნა , ამას ვერ გაექცევი. ყურებს ვერ დაასვენებ. აქედან მაღლივში სიარული რთული საქმეა. როცა ამაზე ვწუწუნებ ხოლმე , ჩემი ძმა მპასუხობს: „ სამაგიეროდ, ინდუსტრიას მოშორებული ხარ, ათას სისაძაგლეს ფილტვებში არ უშვებ და არც მანქანების ძრავის გუგუნი გაწუხებს. “
ზაფხულია, აუტანელი სიცხის გამო ყველაფერი ღია გვაქვს. სადღაც 2 კვირაა, ეკლესიისკენ მიმავალ გზას აკეთებენ. გადატვირთული მოძრაობის გამო იძულებულები არიან ღამის საათებში იმუშაონ. გზის აყრა, ტრანსპორტის უკან დაძრა, ამ პროცესს დამატებული გულისგამაწვრილებელი წყვეტილი ხმა. ტუუუუნ..... ტუუუუნ.... ტუუუუნ..... დავითვალე, სადღაც ყოველ 25-30 წამში ერთხელ ეს ხმა ისმის. 5 წუთის მანძილზე ათჯერ უნდა გაგიხვრიტონ თავი . ხმაური, რომელსაც შეუძლია ჭკუაზე შეგაცდინოს. წამოწოლილი და გაბრუებული გულში იმდენს ვიგინები, რომ საბოლოოდ, ქანცი მეცლება და ტკბილად მეძინება.
- ყლეობა იყო. მისამართებზე მომიწია სიარული,- შესავალი გააკეთა თენგომ. ეწეოდა და თან ჩემს ერთ სიტყვას ელოდა, რათა გულში ნაგროვები მთელი ბოღმა გადმოენთხია. არც მე დავაყოვნე.
- რატომ? - ისე შევეკითხე თითქოს მაინტერესებდა. გამხდარს თვალი შევავლე. მათში დაღლილობის მეტი არაფერი იკითხებოდა. კოპებშეკრულმა დაიწყო.
- ბიჭო, ერთი ტიპია, ლოტკინელი. ალიმენტზე იყო საქმე შემოსული. ცოლი უჩივის , თეთრს არ იხდისო. ეგ ქალი ჩემთანაც მოვიდა. 2 წლის ბიჭი ყავს, დაგლეჯილ-დახეული ფეხსაცმლით მოიყვანა იმ დღეს.