ცისარტყელას ხიდი
ცისარტყელას ხიდი
მარინა მაზმიშვილი
“ You'll never find a rainbow if you're looking down ”
― Charles Chaplin
* * *
- გათენდა! გაიღვიძე, ჩემო საყვარელო – ამბობდა თბილი ხმით დედა, რომელიც ვიკის ოთახს ალაგებდა და დაბალ ხმაზე გოგონას საყვარელ სიმღერას ღიღინებდა. როცა კარადის თავი გადაწმინდა, იქიდან პატარა სარკე გადმოვარდა და გატყდა.
- უი, ეს რა დამემართა - შეწუხდა დედა, შეშინდა, თვალები აუცრემლიანდა. – ,,იმედია, ყველაფერი კარგად იქნება... ” – გაიფიქრა, სარკის ნამტვრევები აკრიფა და ოთახიდან უხმოდ გავიდა.
ვიკი, რომელიც ლოგინში ნებივრობდა და დედის ღიღინით ტკბებოდა, უცებ ღრმა ძილს მიეცა …
უმშვენიერესი მწვანე მინდორი ესიზმრა ვიკის. ლურჯ ცაზე თეთრი, ქუნქულა ღრუბლები მაქმანს ქარგავდა. უცებ ზეცა ცისარტყელას შვიდი ფერით განათდა. ნათებიდან ნელ-ნელა , ლივლივით შვიდფერი კიბე ეშვებოდა, რომელზეც ახალგაზრდა კაცი ჩამოდიოდა. მას სინათლის სხივივით განათებული თეთრი სამოსი ეცვა, ხოლო
თავზე დადგმული ცისარტყელას პატარა გვირგვინი ჭაბუკის ლამაზ და ვაჟკაცურ სახეს ბრწყინვალებას მატებდა.
- გამარჯობა ვიკი.
- გაგიმარჯოს.-უპასუხა განცვიფრებულმა გოგონამ.
- მე, გეფიგი მქვია და შენთვის სიკეთე მინდა.
- ჩემი სახელი საიდან იცი?
ჭაბუკს გაეღიმა, გოგონასთან ახლოს მივიდა, თვალებში ჩახედა და უთხრა - ვიცი. მე ყველაფერი ვიცი – და გოგონას თვალი ჩაუკრა.
გეფიგის ზურგს უკან ცისარტყელას ფერები ციალებდა. ეს ფერები შედგებოდა მრგვალი მომღიმარი ბურთულებისგან, რომლებიც სწრაფად მოძრაობდნენ და ამავდროულად ფერების თანმიმდევრობას არ არღვევდნენ. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. ვიკის აღფრთოვანებული, გაკვირვებული და ანთებული მწვანე თვალების დანახვისას, გეფიგმა გოგონას უთხრა:
- ეს ბუნების ერთ-ერთი ლამაზი საოცრება, ლაპასკუნებია. თითოეული მათგანი გარკვეული ფერისაა. ლაპასკუნები ყოველთვის მოძრაობენ. ისინი სინათლის თეთრი სხივის შემადგენელი ნაწილაკებია. ყოველ მათგანს თავისი მისია აკისრია და იციან, სად და როგორ განლაგდნენ. სწორედ ლაპასკუნები უსრულებენ ბავშვებს სანუკვარ ოცნებებს.
ამის გაგონებაზე ლაპასკუნები ძალიან გამხიარულდნენ და ლამაზი თვალები ააფახუნეს. იღიმებოდნენ ლაპასკუნები და ვიკის სახეზე ულამაზესი სხივებით ეფერებოდნენ. აი, თურმე რა უსრულებს ბავშვებს ოცნებებს. რა მაგარია, მე, მათ ვუყურებ, რა მაგარია,-ფიქრობდა ვიკი და ამ დიდი სიხარულს არ იმჩნევდა. გოგომ გეფიგს შეხედა და მიხვდა, რომ ამ სილამაზესა და კარგ ამბავს მიღმა რაღაც იდუმალი იმალებოდა.
გეფიგმა სერიოზული სახე მიიღო და გააგრძელა გოგონასთან საუბარი.
- ისე, ხომ არ შეგაშინე?
- ცოტა. - დაიმორცხვა ვიკიმ.
- ნუ გეშინია, უბრალოდ კარგად მომისმინე. აი, ამ სარკის ნატეხს ხომ ხედავ? ზუსტად ასეთი ნატეხი შენს საწოლთან აგდია. აიღე და ეზოში ზეთისხილის ხის ძირში დადე. ნატეხს მიწა ისე მიხედავს, რომ შენ არ შეგაწუხებს. თუ ამას გააკეთებ და ამავდროულად არავის გაუმხელ, შენს ოჯახს საფრთხე არ დაემუქრება... და კიდევ, გეშინოდეს და უფრთხილდი ბუმბარუშებს, მართალია შენ მათ არ იცნობ, მაგრამ მათთან შებრძოლების დრო მოვიდა.
-არ ვიცნობ, წარმოდგენა არ მაქვს და რატომ უნდა შევებრძოლო?
-ამას მოგვიანებით გაიგებ - უთხრა გეფიგმა, ლამაზად გაუღიმა და გაუჩინარდა.
ვიკის გამოეღვიძა, ლოგინზე ჩამოჯდა, დაფიქრდა, ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა, ოქროსფერი თმები შეიკრა და ლოგინთან დაგდებული სარკის ნატეხით ხელში გაოცებული ეზოში ჩავიდა. კი არ ჩავიდა, ჩაფრინდა, რათა საქმე სწრაფად შეესრულებინა და თან ფიქრობდა: “ რა ხდება? რა ლაპასკუნები, რა ბუმბარუშები და ვინ გეფიგი? ახლა ნამდვილად შევიშლები. ” ზეთისხილის ხის ძირში სარკის ნატეხი დადო და დაელოდა. უცებ მიწა გაიხსნა და სარკე შიგ ჩაიყოლა. მერე იქაურობა ისე მოსწორდა, თითქოს არაფერი მომხდარა.