იტვირთება...

პრემია „საბას“ შესახებ

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი და პენ-ცენტრი. 

პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. 

პრემიაზე “საბა” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები. 
ლიტერატურული პრემია ”საბა” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. წლის საუკეთესო რომანი
  2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  4. წლის საუკეთესო პიესა
  5. წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი
  11. პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
 

კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე.  გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად.

ჟიურის შემადგენლობას ყოველწლიურად ადგენს და ამტკიცებს "საბას" მმართველი საბჭო, რომელშიც, პრემიის დამფუძნებლებისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის გარდა, შედიან წინა წლებში "საბას" მიერ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებული მწერლები. "საბას" საბჭოს შემადგენლობა 3 წელში ერთხელ განახლდება.