მარკეტინგის ახლებური ხედვის 5 მნიშვნელოვანი კომპონენტი
„მარკეტინგი ეს არის ყველაფერი, რასაც აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ თქვენს ბიზნესს, დაწყებული იდეიდან, დამთავრეული იმ მომენტით, როდესაც მომხმარებლები იწყებენ თქვენი პროდუქციის შეძენას და შემდეგ ასე იქცევიან რეგულარულად...“ – ჯეი ლევინსონი.
”დავბეჭდოთ ფლაერები და გავავრცელოთ, ვიქირაოთ ქალაქის თვალსაჩინო ადგილას ბილბორდი, გავუშვათ რეკლამა ტელევიზორში, რომელიმე რადიოში და პროდუქტიც გაიყიდება.”
დაახლოებით ასეთია ჩვეულებრივი, შესაძლოა ითქვას, ძველი მიდგომა მარკეტინგის პროცესისადმი. ბევრი ამ პროცესს უყურებს, როგორც სარეკლამო კამპანიას, რომელიც უნდა აწარმოო შენი პროდუქტის გასაყიდად. არადა, ეს ყველაფერი მოდის იმ ფუნდამენტური შეხედულებებიდან, რომელიც საერთოდ განსხვავებულია მარკეტინგის თანამედროვე მიდგომაში.
ქვემოთ გვინდა გესაუბროთ ახლებური მარკეტინგის განმასხვავებელ ფაქტორებზე, რომელიც ეფუძნება ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მარკეტოლოგის, ”გერილა მარკეტინგის” ფუძემდებლის - ლევინსონის - მოსაზრებებს თანამედროვე მარკეტინგთან დაკავშირებით. შევარჩიეთ 5 მთავარი კომპონენტი, რომელიც ჩვენი რეალობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
1. დამოკიდებულება მომხმარებელთან - ორგანიზაციები ყოველთვის ფიქრობდნენ, თუ მარკეტინგის საშუალებით, როგორ მიეღოთ მომხმარებლისაგან მაქსიმუმი და რა გაეკეთებინათ ამისათვის.
თანამედროვე შეხედულებით კი მარკეტოლოგები მუდმივად უნდა ფიქრობდნენ, რა ღირებულება შეუქმნან მომხმარებელს, როგორ გაუმარტივონ და კომფორტული გახადონ მათი ცხოვრება მათი პროდუქტისა თუ მომსახურების საშუალებით, როგორ დაეხმარონ მათ მიზნების მიღწევაში. ეს საშუალებას აძლევს მათ, ბაზრისათვის შექმნან უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და ღირებული პროდუქტი და მუდმივად განავითარონ იგი.
2. დამოკიდებულება რეკლამასთან - თანამედროვე მარკეტინგის მიხედვით რეკლამის ერთი არხის გამოყენება აღარ მუშაობს. ასეთი მიდგომა არაფრის მომცემი და არაეფექტურია. ამიტომ სხვადასხვა და მრავალფეროვანი არხის გამოყენების დრო მოვიდა, როდესაც ყველა მათგანს თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს.