შესავალი XX საუკუნის 90-იანი წლები ოთარ ჩხეიძის ტრილოგიაში
ოთარ ჩხეიძემ სიტყვასთან საკრალური კავშირით, სიმართლისმოყვარეობითა და მისი ქომაგობის მადლით ყველა დროს გაუძლო, გაექცა "მოთვინიერებული მწერლობის" ჩარჩოებს, საკუთარი მართალი გზა გაკაფა და არასდროს გაუწევია ანგარიში პარტიულ-კლასობრივი ინტერესებისათვის.
მწერლის შინაგანი თავისუფლება და აქტიური შემოქმედებითი უნარი არის მყარი დუღაბი მატიანისა, რომლის შექმნაც მან შეძლო თავისი რომანების რკალით – 22 წიგნად შეკრული მხატვრული მატიანით.
საბჭოთა რეჟიმის სინამდვილეში მართალი ისტორიის წარმოჩენა, ქედუხრელობა მსხვერპლისუნარიანობის ტოლფასი იყო, ამ სულიერი ღირსებით იქმნებოდა მისი ნაწარმოებები და დაიმკვიდრა სახელი მართალი მწერლისა.
ოთარ ჩხეიძე ეროვნული თვითშეგნებისა და თვითმყოფადობისთვის ბრძოლაში "სულის პურის" ბარაქიანი მომკელია. მძიმე და რთული იყო ეს მისია. როგორც კი გამოჩნდა ასპარეზზე მწერალი, მაშინვე დაიწყო წითელი კრიტიკის თავდასხმები, დაუწუნეს იდეურ-მხატვრული კონცეფცია, სტილი.
XIX საუკუნეში თუ კიდევ შეიძლებოდა თანადროული ცხოვრების უკუღმართობის მხილება, კომუნისტური რეჟიმი მართლის თქმას კრძალავდა, როცა ასეთი სულისკვეთების შემოქმედი გამოჩნდებოდა, საბჭოთა იდეოლოგიის მესვეურნი ყალყზე დგებოდნენ და თავს ესხმოდნენ "მდარე გემოვნების", "მცდარ გზაზე" დამდგარ მწერლებს. XX საუკუნის ოციანი წლებიდან იდეური ნიშნით დაწყებული დევნა პერიოდულად მძაფრდებოდა და რეპრესიების ხასიათსაც იღებდა.
ოთარ ჩხეიძის გამოჩენამ ერთგვარად დაარღვია საბჭოთა მყუდროება საქართველოში. ჯერ კიდევ 1947 წელს წერდნენ მასზე: "სავსებით შეუწყნარებელია, რომ ახალგაზრდა მწერალი არ უწევს ანგარიშს კრიტიკასა და საზოგადოებრივ აზრს და ჯიუტად განაგრძობს მცდარი გზით სიარულს" (ჩხეიძე რ. 2004ა: 303).
ოთარ ჩხეიძე "ხელდასხმული" იყო ენის ჭირისუფლად და სიმართლეს ვერ უღალატებდა, გზას ვერავინ შეაცვლევინებდა "მოზღვავებულის ავითა". "ბურუსი", "მეჩეჩი" მაინც ამხელდა საბჭოური რეჟიმის ნამდვილ სახეს.
ოთარ ჩხეიძე ილია ჭავჭავაძის სულიერი მემკვიდრე იყო, ამიტომ ვერ გაექცა მართალ სიტყვას მაშინ, როცა სოციალისტური იდეოლოგია სულიერ უდაბურებას ამკვიდრებდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში.
სულით, მრწამსით ილიას იდეების ერთგულმა ("ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს") მწერალმა "ქართლის მატიანე" გააგრძელა იქიდან, სადაც შეჩერდა დიდი მწერალი და მემატიანე ვასილ ბარნოვი. თუ ვასილ ბარნოვმა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან თავისი შემოქმედებით გვიჩვენა "რანი ვიყავით", ოთარ ჩხეიძემ – "რანი ვართ", რომელშიც ვლინდება "რანი ვიქნებით" (ჩვენი მწერლობა 2003: 9). "ქართლის მატიანის" რომანების რკალი ეროვნული ნარატივით იქმნებოდა. ცხადია, რაც არ ნიშნავს ლიტერატურის, მხატვრული სიტყვის მშრალ იდეოლოგიზაციას, ის ხაზს უსვამს მის ზეპოლიტიკურ შინაარსს და იგი მისი მფლობელი ერის ისტორიული დანიშნულების ერთგვარ მესიანისტურ იდეას აყალიბებს.
ოთარ ჩხეიძის ინტერესის სფერო მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური მოღვაწეები ან მოვლენები არ არის. მწერალი ერის სულიერებისა და ყოფიერების მოდარაჯეა და სიჯანსაღისათვის ბრძოლა მოითხოვს რეალობის ასახვას. აღსანიშნავია, რომ მის შემოქმედებაში ეროვნული ნარატივის თანმიმდევრობა ასეთია: აწმყოს მხილება მომავლის სიჯანსაღისათვის, წარსულთან პარალელი აწმყოს ტრაგიზმის ხაზგასასმელად და ამ სტრუქტურაში ჭირისუფლის ტკივილის გამომხატველი სარკაზმი.
ლიტერატურულ სამყაროში "ქართული ეროვნული ნარაციის" ყველაზე ფართომასშტაბიან ვერსიად მიიჩნევა ილია ჭავჭავაძისეული ნარაციის რედაქცია.
საგულისხმოა, რომ ერის მესიტყვეს განსაკუთრებული მისია აკისრია სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ბაზისის შექმნაში.
სახელმწიფოებრიობადარღვეულ ქვეყანაში, სადაც დაკნინებულია ეროვნული ღირებულებები და ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიამ შელახა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, უძველესი ფრესკებიც "გადაათეთრა", ილია ჭავჭავაძის წინაშე იდგა ამოცანა: ქართული კულტურული მეხსიერების სიცოცხლისუნარიანობის ხელშეწყობისა.
ოთარ ჩხეიძე თავისი შემოქმედების არსით, ილია ჭავჭავაძის ტრადიიცის გამგრძელებელია, მხოლოდ წერის არსებითად განსხვავებული სტილით.
მწერალმა სულიერი სიმტკიცე და ეროვნული სატკივარი დაუხვედრა ფარად ლიტერატურული კრიტიკის სახელით მის წინააღმდეგ გაშლილ დემაგოგიას.
"მეჩეჩის" შესახებ ბ. ჟღენტი ამბობდა: "ეს არ არის მართალი სურათი ჩვენი სინამდვილისა, იგი არ ხატავს ჩვენი ცხოვრების სიმართლეს და არ ითვალისწინებს მის პერსპექტივას. მისი იდეური კონცეფცია არ არის სწორი" (აფრა 1998: 244). ასეთი "შემოქმედებითი თანადგომა" არასოდეს დაჰკლებია მწერალს. საბჭოთა ცენზურა გააფთრებით ებრძოდა მის ნაწარმოებებს, კვეცავდა პასაჟებს, რომელიც გმირულ ისტორიას აცოცხლებდა, ეროვნულ თვითშეგნებას აღვივებდა. ოთარ ჩხეიძის რომანების დაბეჭდვა ათწლეულობით ბრკოლდებოდა.
შინაგანი პატიოსნებით გამორჩეული მწერლის, მემატიანის სიმკაცრითა და სიმართლით დაუპირისპირდა ოთარ ჩხეიძე წარმავალ ღირებულებათა აღმაზავებელ დროს. მან მთელი XX საუკუნე ასახა თავის რომანებში; ასახა ისეთი, როგორიც იყო: მიჩქმალული 1924 წლის აჯანყებით, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიების შედეგებით, კოლექტივიზაციის მოჩვენებითი სილაღითა და ბედნიერებით.
XX საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებისადმი მიძღვნილმა ტრილოგიამ ("არტისტული გადატრიალება", "თეთრი დათვი", "ბერმუდის სამკუთხედი") გვიჩვენა სამოცდაათწლიანი კომუნისტური რეჟიმის შემდეგ აბობოქრებული ეროვნული მოძრაობა, პირველი ეროვნული მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, ხალხის არჩეული პრეზიდენტი და ცოდვის კალო საქართველოში ("ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი").
ეს პერიოდი ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია ქართველი ერის ისტორიაში. მას ჰყავს და ეყოლება განსხვავებული