ერთი წიგნით შეცვლილი ცხოვრება
ამერიკელი პოეტის – ედგარ ლი მასტერსის „სფუნ რივერის ანთოლოგია“ ზუსტად 100 წლის წინ, 1915 წელს გამოიცა და 47 წლის მასტერსმა მაშინვე მოიპოვა საყოველთაო აღიარება. ეს იყო პირველი შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ლიტერატურის ისტორიაში, როდესაც ბესტსელერების სიაში ლექსების კრებული მოხვდა. „სფუნ რივერის ანთოლოგია“ არის 244 ავტოეპიტაფიისგან შემდგარი კრებული, რომელიც ე. წ. თავისუფალი ლექსით, ვერლიბრითაა დაწერილი. პროვინციული ქალაქის მცხოვრებთა გულახდილი აღსარებები მკითხველის წინაშე აშიშვლებენ სიმართლეს – ხშირ შემთხვევაში, მტკივნეულ და ღრმა იარებს, მიუტევებელ ცოდვებსა და უზნეობას. თავად ავტორის თქმით, ანთოლოგიაში ცხრამეტი ძირითადი სიუჟეტური ხაზია. თითქმის ყველა ამბავი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ვერ შეხვდებით ავტოეპიტაფიას, რომლის თემაც სხვაგან – უკვე სხვის მიერ ნაამბობი და სხვისი თვალით დანახული – არ მეორდებოდეს. ერთი ეპიტაფია მეორესთანაა დაკავშირებული, მეორე მესამესთან, ისინი ავსებენ, აგრძელებენ, ან სულაც ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და ასე ქმნიან ცალკეულ, სრულყოფილ სიუჟეტებს, რომლებიც ამერიკული პროვინციის ცხოვრებას გვიხატავენ.
ამერიკულ ლიტერატურაში არ არსებობდა პროზისა თუ პოეზიის არც ერთი ნიმუში, რომელიც მსგავსი დაუნდობლობით გადმოსცემდა სიმართლეს. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ „სფუნ რივერის ანთოლოგიას“, გამოქვეყნების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა და ყველაზე სკანდალური წიგნი იყო ამერიკაში. ადამიანები, რომლებსაც არასოდეს წაეკითხათ ლექსები, ხელში იღებდნენ ანთოლოგიას. ლიტერატურის კრიტიკოსებმა და მწერლებმა აღიარეს მასტერსი, როგორც უდიდესი ამერიკელი პოეტი. მისი „სფუნ რივერის ანთოლოგიის“ შესახებ ითქვა, რომ ის კლასიკად დარჩება, სანამ ამერიკა იარსებებს.
ედგარ ლი მასტერსი (1869-1950) კანზასის შტატში დაიბადა და პროვინციულ ქალაქებში – პიტსბურგსა და ლუისტონში გაატარა ბავშვობა. მოგვიანებით ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ბავშვობის შესახებ პოეტი წერდა: „მე ვგრძნობ, რომ არც ერთ ამერიკელ პოეტს არ რგებია ისეთი მძიმე ცხოვრება, როგორიც მე გამოვიარე ლუისტონში – იმ ხალხს შორის, რომელთა სულიც და სხეულიც იმაზე იყო მორგებული, რომ მოეწამლათ, დაემახინჯებინათ და გაენადგურებინათ ადამიანის ბუნება“.
სწორედ ბავშვობის შთაბეჭდილებების კვალი იგრძნობა „სფუნ რივერის ანთოლოგიაშიც“. თავად სფუნ რივერი გამოგონილი ქალაქია, რომელსაც პოეტმა კანზასის შტატში, ლუისტონის მახლობლად არსებული პატარა მდინარის სახელი დაარქვა. მასტერსმა პროვინციული ქალაქის კონკრეტული ადგილობრივი ამბები გვიამბო, რადგან, როგორც თავად ამბობდა, მას სურდა, შეექმნა სამყაროს ისეთი მოდელი, რომელსაც ვიტრინაში მოათავსებდა, რომ ნებისმიერ გამვლელს შეძლებოდა, გაჩერებულიყო და დაკვირვებოდა მას. „ლუისტონმა მომცა გასაღები, რომელმაც დიდი სამყაროს საიდუმლო გააღო“ – ამბობდა პოეტი.
მასტერსის მსოფლმხედველობას ღრმა ოჯახური ფესვები ჰქონდა. მისთვის იდეალი იყო ბაბუა, რომელიც ჯეფერსონისეულ დემოკრატიას განასახიერებდა – შრომისმოყვარე, პატიოსანი, ცოლის ერთგული, ვისთანაც 70 წელი იცხოვრა. პოეტი ქედს იხრიდა ბებიას წინაშე, რომელმაც თორმეტი შვილი გააჩინა და 96 წლამდე იცხოვრა. ანთოლოგიაში პოეტს ბებია-ბაბუას ამბები მეთლოქების სახელით აქვს გადმოცემული.
მასტერსის მისაბაძი მუდამ მამა იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტი აღნიშნავდა, რომ ეცდებოდა, მამის ხაზი გაეგრძელებინა, შეწინააღმდეგებოდა პროვინციულ ასკეტიზმს და ყოფილიყო „თავისუფალი აზროვნების, თავისუფალი სიყვარულისა და თავისუფალი სმის“ მომხრე. დედას კი მასტერსი ახასიათებდა, როგორც ძალიან ჭკვიან, შორსმჭვრეტელ და ყურადღებიან ადამიანს. პოეტი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ანთოლოგიის წერის პერიოდში ისინი ხშირად განიხილავდნენ ლუისტონელ ნაცნობებს, მსჯელობდნენ იქაურ ამბებზე, რაც მასტერსს ძალიან დაეხმარა პერსონაჟების შექმნასა და სიუჟეტების აგებაში.
თუმცა, წიგნის დაწერას საფუძვლად ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტი დაედო, რამაც სინამდვილეში დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ მასტერსის, არამედ, ზოგადად, ამერიკის ლიტერატურულ ცხოვრებაზეც.
თავდაპირველად მასტერსი ძველმოდური სალექსო საზომებით წერდა. იმდროინდელი კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ პოეტის შემოქმედება ძირითადად გაყინულ კლასიკურ ფორმებს ეყრდნობოდა. 1913 წელს ერთ-ერთი გაზეთის გამომცემელმა, უილიამ მარიონ რიდმა, რომელსაც მასტერსის ნიჭიერებაში ეჭვი არ ეპარებოდა, პოეტს წასაკითხად „ბერძნული ანთოლოგია“ შესთავაზა. ანთოლოგიაში ძირითადად ანტიკური და ბიზანტიური პერიოდის ეპიტაფიები იყო თავმოყრილი. თუ XIX საუკუნის ეპიტაფიები ცუდი გემოვნებისა და პირფერობის სიმბოლოდაა აღიარებული, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერძნული ეპიტაფია ადამიანის ცხოვრების მოკლე, მაგრამ ზუსტ შეფასებას ახდენდა. რიდლის მინიშნება ბედნიერი აღმოჩნდა. მასტერსს ამ იდეის განხორციელებამ წარმატება მოუტანა. თუმცა, მან ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხი შეიტანა „ანთოლოგიაში“ – ეს არ იყო სხვის მიერ გადმოცემული ამბები. პოეტმა ეპიტაფია ავტოეპიტაფიით შეცვალა, რადგან სწორდ ეს ფორმა ერგებოდა ყველაზე უკეთ მასტერსის სურვილს – შეულამაზებლად გადმოეცა სიმართლე.
ცალკე უნდა აღინიშნოს „სფუნ რივერის ანთოლოგიის“ სალექსო საზომი. ის ძირითადად უიტმენისეული თავისუფალი ლექსითაა გადმოცემული, ხოლო სადაც პერსონაჟი და სიუჟეტი მოითხოვს, პოეტი სხვა საზომსაც იყენებს – ბერძნული ეპიტაფიის ჰექსამეტრიდან დაწყებული, კლასიკური იამბებითა და ქორეებით დამთავრებული. თუმცა, ისე ახერხებს მათ შეზავებას,