ნაწილი 8 - მაკროეკონომიკური მაჩვენებლები - თავი 23 - ეროვნული შემოსავლის გამოთვლა
როდესაც სწავლას დაამთავრებთ და სამუშაოს ძებნას დაიწყებთ, თქვენს პერსპექტივებს მეტწილად არსებული ეკონომიკური პირობები განსაზღვრავს. არის პერიოდები, როცა ფირმები საქონლისა და მომსახურების წარმოებას ზრდიან, დასაქმება იზრდება და სამუშაოს მოძებნა იოლია. მაგრამ არის ისეთი პერიოდებიც, როცა ფირმები წარმოებას ამცირებენ, დასაქმება მცირდება და კარგი სამსახურის მოძებნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, კოლეჯის ნებისმიერი კურსდამთავრებული შრომის დაწყებას ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში ამჯობინებს.
რადგან ეკონომიკის მდგომარეობა ყველა ჩვენგანზე მოქმედებს, ეკონომიკური პირობების ცვლილება ყოველთვის ფართოდ აისახება პრესაში. დღეს იშვიათია გაზეთი, სადაც რაიმე ახალ ეკონომიკურ სტატისტიკას ვერ ნახავთ. ეს სტატისტიკა შეიძლება ასახავდეს ეკონომიკის მთლიან შემოსავალს (მშპ), საშუალო ფასების ზრდის ტემპებს (ინფლაცია), სამუშაოს გარეშე დარჩენილთა ხვედრით წილს სამუშაო ძალაში (უმუშევრობა), მაღაზიებში დახარჯულ მთლიან თანხას (საცალო ვაჭრობა) ან შეერთებულ შტატებსა და დანარჩენ სამყაროს შორის ვაჭრობის ბალანსის დარღვევას (სავაჭრო დეფიციტი). ეს ყველაფერი მაკროეკონომიკური სტატისტიკაა. მაკროეკონომიკა შეისწავლის არა რომელიმე კონკრეტულ საოჯახო მეურნეობასა თუ ფირმას, არამედ მთლიან ეკონომიკას.
ალბათ, გახსოვთ მე-2 თავიდან, რომ ეკონომიკა ორ ნაწილად იყოფა: მიკროეკონომიკად და მაკროეკონომიკად. მიკროეკონომიკა შეისწავლის, როგორ იღებენ საოჯახო მეურნეობები და ფირმები გადაწყვეტილებებს და როგორ ურთიერთქმედებენ ბაზრებზე, მაკროეკონომიკა კი მთლიანი ეკონომიკის შესწავლაა. მაკროეკონომიკის მიზანია იმ ეკონომიკური ცვლილებების ახსნა, რომლებიც ერთდროულად მრავალ საოჯახო მეურნეობაზე, ფირმასა და ბაზარზე ზემოქმედებს. მაკროეკონომისტი მრავალ სხვადასხვა კითხვას სვამს: რატომაა საშუალო შემოსავალი ზოგ ქვეყანაში მაღალი, ზოგში კი - დაბალი? რატომაა, რომ დროის ზოგ მონაკვეთში ფასები სწრაფად იზრდება, ზოგში კი შედარებით სტაბილურია? რატომაა, რომ დროის ზოგ მონაკვეთში წარმოება და დასაქმება იზრდება, ზოგში კი მცირდება? ყველა ეს კითხვა მაკროეკონომიკურია, რადგან მთლიანი ეკონომიკის ფუნქციონირებას ეხება.
ვინაიდან ეკონომიკა მრავალ ბაზარზე მოქმედ მრავალ საოჯახო მეურნეობასა და მრავალ ფირმას აერთიანებს, ამიტომ მიკროეკონომიკა და მაკროეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მაგალითად, მიწოდებისა და მოთხოვნის ძირითადი ინსტრუმენტები ისეთივე ცენტრალურ როლს ასრულებენ მაკროეკონომიკურ ანალიზში, როგორც მიკროეკონომიკურში. მაგრამ მთლიანი ეკონომიკის შესწავლა ზოგიერთ ახალ და საინტერესო ამოცანას წარმოშობს.
ამ და მომდევნო თავებში შევისწავლით ზოგიერთ მონაცემს, რომელთაც ეკონომისტები და პოლიტიკოსები მთლიან ეკონომიკაზე დაკვირვებისთვის იყენებენ. ეს მონაცემები იმ ეკონომიკურ ცვლილებებს ასახავს, რომელთა ახსნასაც ცდილობენ მაკროეკონომისტები. ამ თავში განვიხილავთ მთლიან შიდა პროდუქტს, ან, მოკლედ, მშპ-ს, რომელიც ქვეყნის მთლიან შემოსავალს ასახავს.
მშპ ყველაზე კარგად შესწავლილი ეკონომიკურ-სტატისტიკური მაჩვენებელია, რადგან საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.
-------------------
მიკროეკონომიკა: იმის შესწავლა, თუ როგორ იღებენ საოჯახო მეურნეობები და ფირმები გადაწყვეტილებებს და როგორ ურთიერთქმედებენ ბაზრებზე.
მაკროეკონომიკა: ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის, ინფლაციის, უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის შესწავლა.
-------------------
ეკონომიკის შემოსავალი და ხარჯები
თუ პიროვნების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება დაგჭირდათ, პირველ რიგში მისი შემოსავლით დაინტერესდებით. მაღალი შემოსავლის მქონე პირს ადვილად შეუძლია, თავს კომფორტსა და ფუფუნებაში ცხოვრების უფლება მისცეს. გასაკვირი არაა, რომ, რაც უფრო მაღალია ადამიანების შემოსავალი, მით მეტია მათი ცხოვრების დონე - ცხოვრობენ უკეთეს სახლებში, უკეთ ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, ყიდულობენ უფრო პრესტიჟულ ავტომობილებს, ისვენებენ უფრო მდიდრულ ადგილებში და ა.შ.
ასეთივე ლოგიკით უნდა მივუდგეთ ქვეყნის მთლიან ეკონომიკასაც. როდესაც იმაზე ვმსჯელობთ, კარგ მდგომარეობაშია ეკონომიკა თუ ცუდში, ბუნებრივია, დავინტერესდეთ მთლიანი შემოსავლით, რომელსაც ეკონომიკის ყველა წევრი იღებს. ეს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ამოცანაა.
მშპ ერთდროულად ორ სიდიდეს ზომავს: ეკონომიკის ყველა წევრის მიერ მიღებულ მთლიან შემოსავალსა და ეკონომიკის საქონელსა და მომსახურებაზე გაღებულ მთლიან ხარჯებს. მშპ-ს ასეთი მოხერხებულობის მიზეზი ისაა, რომ მთლიანი შემოსავალი და მთლიანი ხარჯები, სინამდვილეში, ერთი და იგივე სიდიდეა. მთლიანი ეკონომიკისთვის შემოსავალი ხარჯების ტოლი უნდა იყოს.
რატომაა ეს ასე? იმის მიზეზი, რომ ეკონომიკის შემოსავალი იგივეა, რაც ეკონომიკის ხარჯები, ძალიან მარტივია: თითოეულ ქმედებას ორი მხარე აქვს - მყიდველი და გამყიდველი. რომელიმე მყიდველის მიერ დახარჯული დოლარი რომელიმე გამყიდველის შემოსავლის ერთი დოლარია. მაგალითად, დავუშვათ, რომ კარენი დაგს გაზონის გაკრეჭაში $100-ს უხდის. ამ შემთხვევაში დაგი მომსახურების გამყიდველია, კარენი კი მყიდველი. დაგი $100-ს იღებს, კარენი კი $100-ს ხარჯავს. ამგვარად, ამ ურთიერთქმედების წვლილი ეკონომიკის შემოსავალსა და ხარჯებში თანაბარია. მშპ, მთლიანი შემოსავლითაა გამოხატული თუ მთლიანი ხარჯებით, $100-ით იზრდება.
შემოსავლისა და ხარჯების ტოლობის გაგების კიდევ ერთი ხერხია 1-ელ ნახაზზე ნაჩვენები ეკონომიკური წრებრუნვის დიაგრამა (ალბათ, გახსოვთ ეს დიაგრამა მე-2 თავიდან). ეს დიაგრამა აღწერს ყველა ურთიერთქმედებას საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის მარტივ ეკონომიკაში. ამ ეკონომიკაში