1
უცნაური, სულის შემხუთავი ზაფხული იდგა. ის ზაფხული, როზენბერგები ელექტროსკამზე რომ დასვეს, მე კი მოულოდნელად ნიუ-იორკში ამოვყავი თავი. სიკვდილით დასჯის წარმოდგენაც კი გონებას მიბნელებს. არადა, იმ ზაფხულს გაზეთები მხოლოდ ამაზე წერდნენ. ყოველი ქუჩის კუთხიდან, ყოველი მეტროს სადგურის მიწის თხილის სუნით აქოთებული ხახიდან უზარმაზარი მყვირალა სათაურები პირდაპირ მე მომშტერებოდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ სულ იმის წარმოდგენას ვცდილობდი, რას უნდა გრძნობდეს ადამიანი, როდესაც ყველა ნერვი ცოცხლად ეწვის.
ამაზე საშინელს ქვეყნად ვერაფერს წარმოვიდგენდი.
ნიუ-იორკი თავად იყო საზარელი. დილით, ცხრა საათისთვის, ღამის განმავლობაში როგორღაც დაგროვილი მოჩვენებითი სიგრილე ტკბილი ზმანების ბოლო ლანდივით ქრებოდა. ბაცი ნაცრისფერი ქვაფენილებით ქუჩები მზის გულისკენ მიიკლაკნებოდნენ, ზედ მანქანების პრიალა სახურავები უელავდათ და თვალებსა და ყელში მშრალ, ვერცხლისფერ მტვერს მაყრიდნენ.
როზენბერგების ამბავი ვერაფრით ამოვიგდე თავიდან. რადიოსა და ოფისში მათ შესახებ იმდენს ლაპარაკობდნენ, რომ ბოლოს იგივე შეგრძნება ამეკვიატა, როგორიც მაშინ, გვამი რომ ვნახე პირველად. გვამის თავი, თუ თავისგან რაც იყო დარჩენილი, რამდენიმე კვირის მანძილზე საუზმის დროს ერბოკვერცხისა და ბადი უილიარდის სახის მიღმა მელანდებოდა. და მალე ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს იმ გვამის თავს ყველგან თან დავაპორწიალებდი ძაფზე გამობმული შავი, უცხვირო, ძმრის სუნით გაჟღენთილი ბუშტივით.
იმ ზაფხულს ვგრძნობდი, ყველაფერი რიგზე რომ ვერ მქონდა: ერთადერთი, რაზეც ფიქრი შემეძლო, როზენბერგები იყვნენ და კიდევ ის, რომ ნამდვილი სიბრიყვე იყო მთელი იმ მოუხერხებელი, ძვირფასი სამოსის ყიდვა, ახლა გამხმარი თევზებივით რომ ეკიდა ჩემს გარდერობში; და კიდევ ის, რომ კოლეჯში წლების მანძილზე დაგროვილი ჩემი პატარ-პატარა წარმატებები ერთბაშად გაქარწყლდა აქ, მედისონ ავენიუს კრიალა მარმარილოსა და მინის ფასადების ფონზე.
არადა, წესით, უბედნიერეს გოგოდ უნდა მეგრძნო თავი.
მშვენივრად ვიცოდი, რომ ათასობით ამერიკელი კოლეჯის მოსწავლე გოგონა შემომნატრებდა, თუნდაც ჩემი ბლუმინგდეილში ნაყიდი ოცდაჩვიდმეტი ზომის ტყავის ფეხსაცმლის, ქამრისა და მათთან კარგად შეხამებული საფულის გამო; და ვინც კი მნახავდა იმ ჟურნალში დაბეჭდილ ფოტოზე, რომელთანაც თორმეტივე ფინალისტი ვთანამშრომლობდით - ფეშენებელურ ბარში, ხელში მარტინით სავსე ჭიქით, ხელოვნური ფარჩის ვიწრო ვერცხლისფერ კორსაჟსა და თეთრი ტულის ღრუბელივით ფუშფუშა ქვედატანში გამოწყობილს, ამ ფოტოსთვის სპეციალურად დაქირავებული ამერიკული გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცების გარემოცვაში - იფიქრებდა, ეს გოგო მართლა მაგარ დროს ატარებსო.
„შეხედეთ, რა არ ხდება ამ ქვეყანაში“, - იტყოდა ჩემი მნახველი, - „გოგონა ცხრამეტი წლის განმავლობაში რომელიღაც მივარდნილ ქალაქში ცხოვრობს. ისეთი ღარიბია, რომ ჟურნალის გამოწერაც კი არ შეუძლია, მერე კოლეჯისათვის სტიპენდიას იგებს, იქ კიდევ ათასნაირ ჯილდოს იღებს და აი, უკვე ნიუ-იორკის ბატონ-პატრონადაც კი გრძნობს თავს“.
მაგრამ არაფრის ბატონ-პატრონი არ ვიყავი, საკუთარი თავისაც კი. დავჩაქჩაქებდი სასტუმროდან ოფისში და იქიდან წვეულებებზე და მერე უკან, სასტუმროში და მერე ისევ ოფისში... წესით, დანარჩენი გოგოებივით აღტაცებული უნდა ვყოფილიყავი ამ ამბით, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. გაყუჩებული და ცარიელი ვიყავი, როგორც ტორნადოს თვალი, აურზაურით გარშემორტყმული, წინ ბრმად, მძიმედ რომ მიიწევს.
როგორც აღვნიშნე, სასტუმროში თორმეტნი ვიყავით.
თორმეტივემ მოდების ჟურნალის კონკურსში გავიმარჯვეთ: ესეები, მოთხრობები, ლექსები და სარეკლამო განცხადებები დავწერეთ და ჯილდოდ ნიუ-იორკში ერთთვიანი სამუშაო მოგვცეს, საცხოვრებლით უზრუნველგვყვეს და საჩუქრებით, ბალეტისა და მოდების ჩვენებებზე დასასწრები ბილეთებით, ძვირად ღირებული სალონების საშვებით, ჩვენი ინტერესების სფეროებში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრების საშუალებითა და ჩვენს გარეგნობასთან დაკავშირებული რჩევებით აგვავსეს.
დღემდე შემომრჩა თაფლისფერთვალება და წაბლისფერთმიანი გოგონასთვის განკუთვნილი პარფიუმერიის კომპლექტი: ყავისფერი ტუშითა და ფუნჯით, თვალის ცისფერი საცხით ამოვსებული ციცქნა ღრმულით, პაწია, ცალ მხარეს სარკიან კოლოფში მოთავსებული ვარდისფერი და წითელი პომადებით. იმდროინდელი სათვალის თეთრი პლასტმასის ბუდეც მაქვს - ფერადი ნიჟარებითა და დელფინებით მოხატული, ზედ მიკრული პლასტმასის მწვანე ზღვის ვარსკვლავით.
რა თქმა უნდა, მალევე მივხვდი, რომ მთელი ეს ჩვენი საჩუქრები მშვენიერი უფასო რეკლამის საშუალება იყო ღონისძიებაში ჩართული ფირმებისათვის. თუმცა ამის გამო ცინიზმი ჩემგან ნამდვილი უმადურობა იქნებოდა. არადა, ამ საჩუქრების ცვენამაც მაგრად შემარყია. მერე კარგა ხანს თვალისგან შორს ვმალავდი ამ ყველაფერს. მაგრამ როცა გამოვჯანმრთელდი, კარადებიდან ისევ გამოვალაგე ეს ნივთები და სახლში მიყრია დღემდე. იმ პომადებს ზოგჯერ ახლაც ვხმარობ. გასულ კვირას კი სათვალის ბუდეს პლასტმასის ვარსკვლავი ავაცალე და ბავშვს მივეცი სათამაშოდ.
ასე რომ, თორმეტნი ვიყავით და თორმეტივე ერთ სასტუმროში, ერთსა და იმავე სართულზე, ერთსა და იმავე მხარეს, ერთადგილიან ოთახებში მოგვათავსეს. იქაურობა ჩემი კოლეჯის საერთო საცხოვრებელს მაგონებდა. ეს ჩვეულებრივი სასტუმრო არ იყო - მხედველობაში