1. ფერობედო
„მაცინის ძეგლთან...“
ხალხური
ივლისის მდუღარე დღე თენდებოდა. რიჩეტო დილის ხუთ საათზე ადგა. პირველი ზიარება ელოდა. დონა ოლიმპიას ქუჩას რომ დაუყვა გრძელი რუხი შარვლითა და თეთრი პერანგით, ტიბრის ნაპირზე გოგოებთან საღლაბუცოდ გასულ გამოწკეპილ ლაწირაკს უფრო ჰგავდა, ვიდრე საზიარებლად მიმავალ ღვთის მონას. მასავით გამოპრანჭულ ძმაბიჭებთან ერთად შევიდა ტაძარში, სადაც ზუსტად ცხრა საათზე აზიარა დონ პიცუტომ, თერთმეტზე კი ეპისკოპოსმა ზეთიც სცხო. რიჩეტო ცმუკავდა: მონტევერდედან, ტრასტევერეს სადგურის მხრიდან, მანქანების ხმაური აღწევდა. მათი საყვირებისა და აღმუვლებული ძრავების გამაყრუებელი ხმა მზით გადახრუკულ გარეუბანსაც სწვდებოდა. ქადაგება რომ დაამთავრა, დონ პიცუტომ ორ-სამ ცინგლიან სტიქაროსანთან ერთად ეზოში გაიყვანა ბიჭები სურათის გადასაღებად. ეპისკოპოსი წინ მიუძღოდათ, აკურთხებდა და ლოცავდა ნაზიარები მოზარდების ოჯახების წევრებს. ნელა ადებდა თავზე ხელს თითოეულს, ისინიც სასოებით იყრიდნენ მუხლს ეპისკოპოსის წინაშე. რიჩეტოს მალე მობეზრდა იქაურობა. ვეღარ ისვენებდა. ერთი სული ჰქონდა, დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა, დრო იხელთა, როცა არავინ უყურებდა, დაცარიელებულ ტაძარში შებრუნდა და ის იყო, უკანა კარიდან უნდა გამძვრალიყო, რომ ნათლიამისს შეეფეთა.
- ბიჭო, საით გაგიწევია?
- საით და სახში, - მიუგდო რიჩეტომ. - მშია.
- მერე, ჩემთან არ მოდიხარ, შე ლაწირაკო? სადილია გაშლილი.
ნათლიას სიტყვაც არ დაემთავრებინა, რომ რიჩეტო უკვე გარეთ იყო გავარდნილი და კისრისტეხით გარბოდა გავარვარებულ ასფალტზე. ქვევით რომი გუგუნებდა. იქ, მაღლა, ტაძართან, სიჩუმე იდგა. რაღაცნაირი დაძაბული, დანაღმული სიჩუმე. რიჩეტომ ტანსაცმლის გამოსაცვლელად სახლს მიაშურა.
ძველი მონტევერდედან გრანატიერამდე მოკლე გზაა: მინდორს გადაჭრი და მშენებარე სახლებს ჩაუვლი კუატრო-ვენტის გამზირზე. ჯერ დაუმთავრებელ და უკვე მოფახფახებულ შენობებს, ტალახის ვეებერთელა ტლაპოებს, ნაგვით სავსე ფერდობებსაც გასცდები და აბატ უგონეს ქუჩაც იქვეა, ორ ნაბიჯზე. მონტევერდეს მშვიდი, მოასფალტებული ქუჩებიდან გრატაჩელის უბნისკენ მიედინებოდა ხალხი: სატვირთო მანქანების რიგებს ბოლო არ უჩანდა, ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა: ფურგონები, ველოსიპედები, ავტომანქანები. რიჩეტო ქვევით, საწყობებისკენ მიმავალი ხალხის ნაკადს შეერია.
ფერობედო - რკინაბეტონის ქარხანა - უზარმაზარ ეზოსავით გაშლილიყო. ვეებერთელა, შემოღობილი მინდორი სტადიონს თუ საქონლის ბაზარს ჰგავდა. ღობეში კარი დაეტანებინათ: ერთ მხარეს ხის პატარა სახლები იდგა, მეორე მხარეს საწყობები ჩამწკრივებულიყო. რიჩეტო ხალხს მიჰყვა. ბრბო ხმაურით მიაწყდა იქვე, შესასვლელში მდგარ შენობას, მაგრამ ოთხი გერმანელი გადაეღობა. ამ ძიძგილაობაში რიჩეტომ ეზოში ამოყირავებულ პატარა მაგიდას მოჰკრა თვალი, ხელი სტაცა და გასასვლელისკენ მოკურცხლა. გარეთ გასულს უცხო ბიჭი შეეფეთა, რომელიც საწყობებისკენ გარბოდა.
- საით?
- სახში, რა საით?! - მიაყვირა რიჩეტომ.
- აქეთ წამო, ბიჭო, უფრო კარგ რამეებს დაითრევ!
- კაი, - ჩაილაპარაკა რიჩეტომ, ნადავლი მიაგდო და ბიჭს გაეკიდა. მაგიდას წამში დასწვდა ვიღაც.
ბიჭთან ერთად შებრუნდა ეზოში. საწყობში შეძვრნენ. რასაც დაინახავდნენ, ყველაფერს ტომრებში ტენიდნენ: რკინა-კავეულს, მავთულებს.
- აქეთ მოდი, ბიჭო, ნახე, ლურსმებია... - ეძახოდა ბიჭი.
მავთულების, ლურსმნებისა და ათასგვარი ხარახურის გამოსაზიდად ხუთი გზა გააკეთეს დონა ოლიმპიამდე. შუადღე გადასული იყო, სიცხე ქვას ხეთქდა, მაგრამ ფერობედო ხალხით იყო გადაჭედილი. ერთმანეთს ასწრებდნენ, ფურგონებით, მანქანებით ეზიდებოდნენ ყველაფერს და ტრასტევერეს, პორტა პორტეზეს, სან-პაოლოს მიმართულებით მიიჩქაროდნენ. რახრახი, ბრახაბრუხი, ლითონის ღრჭიალი ავსებდა გავარვარებულ ჰაერს. მეოთხე გზობაზე რიჩეტომ და უცხო ბიჭმა ღობესთან, ორ ფარდულს შორის, ცხენშებმული ურიკა დაინახეს. რიჩეტოს იარაღის საწყობში ნაპოვნი ავტომატი მოეგდო მხარზე, ქამარზე კი ორი პისტოლეტი ჩამოეკონწიალებინა. ასე, კბილებამდე შეიარაღებული შეახტა ურიკას, მაგრამ გერმანელი გამოუდგა და ძირს გადმოაგდო.
სანამ რიჩეტო ჯართით სავსე ტომრებს ეზიდებოდა დონა ოლიმპიაზე, მარჩელო მეგობრებთან ერთად ბუონ პასტორეს უბანში აუზში ჭყუმპალაობდა. იქვე, ტალახიან მინდორზე, ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ.
- ე, რიჩეტო სადაა? - გაახსენდა უცებ ანიოლოს.
- ზიარება აქ დღეს! - გასძახა მარჩელომ.
- ეგ თუ არ ეზიარა!
- მერე კიდე ნათლიამისთანაა სადილზე...
იქ, ზევით, ბუონ პასტორეს აუზთან ჯერ არ იცოდნენ, რა ხდებოდა ფერობედოზე. მზე უმოწყალოდ აჭერდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას, კაზალეტოსა და მის უკან - პრიმავალეს უბანს. ბანაობას რომ მორჩნენ, ბიჭები ქვევით დაეშვნენ და მინდორი გადაჭრეს, სადაც გერმანელებს ბანაკი მოეწყოთ.
ნაბიჯს უკლეს. ბანაკს ათვალიერებდნენ გარედან, რომ მისაბმელიანმა მოტოციკლეტმა ჩამოიხრიგინა და ზედ წამომჯდარმა გერმანელმა გადმოსძახა:
- Rausch, საშიში ზონაა! - იქვე ახლოს სამხედრო ჰოსპიტალი იყო.
- ამ ჩემ ფეხებს! - მიაყვირა მარჩელომ. მოტოციკლეტმა სვლა შეანელა, გერმანელი მისაბმელიდან გადმოხტა