ცეტიაანთ გოგიას დღიური
დილაადრიან გავიღვიძე ან რას დაგაძინებს კოსტია, ჩვენი ეზოს კატა. ჩხავილით კარებს ფხოჭნის, ოთახში შემოსვლას ითხოვს. მთელი ეზო აჭმევს. ზარმაცია და უმაქნისი. ღამღამობით ეზოში არ ჩერდება, ცხრა მთას გადაივლის საკმარისი აღმოჩნდა, ერთ ყინვიან დღეს სახლში შემოვუშვი გასათბობად. იმ დღიდან ამოიჩემა – მომადგება, კნავილს მორთავს. კაი ბიჭი ხარ, არ გაუღებ და არ შემოუშვებ, არ მოგასვენებს მიაუ – მიაუთი, ჩხავილს არ მოეშვება მანამ სანამ თავისას არ გაიტანს. მეც იძულებულს მხდის შემოვუშვა. ამოიჩემა ბალიში, რომელზეც თავი მიდევს. ზედ მოკალათდება, ბურთივით მომრგვალდება. თავის ფუმფულა კუდს დრუნჩქვეშ ამოიდებს. მოყვება კრუტუნებს შეუსვენებლივ. არ მახსოვს, წავიკითხე თუ მომიყვნენ – ქრისტეს ჭრილობები კატამ აულოკა. ამიტომაც არ აგდებენო ეკლესიიდან. ალბათ, მაგის ხათრითაც ვრთავ ნებას. საცა უნდა, იქ წამოწვეს. მიეჩვევი ცხოველს, ისიც მოგეჩვევა. თვალებში ჩახედავ, გული გწყდება. ნეტავ ლაპარაკი შეეძლოს. ერთი უცნაური ჩვევა აქვს. ყოველ დღე ხელცარიელი არ მოდის ხშირ შემთხვევაში თაგვი მოჰყავს, გაგუდული. კარებთან დადებს თავმომწონედ. აქაოდა, ნახე რა ნანადირევიაო. მაგის დაჭერილი თაგვი მე არ მინახავს. ასიანი, მაგათშიაც მოსულა ერთმანეთის გატანა და თანადგომა. მეზობლის კატა აჩუქებდა. წადი, შენ ფუქსავატ პატრონს თავი მოაწონეო.
ამ დილაუთენია, როგორც კი მორთო კარის ფხოჭვნა. გავუღე კარი. ჩემ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. თაგვი არ მოუტანია. სამაგიეროდ, მოზრდილი ცელოფანის პარკი იდო კოსტიას გვერდით. კოსტია არ დამლოდებია. დასაძინებლად გავარდა. მეზობლები შევყარო, ჰარიქა, პარკი ვისია? აზრი არა აქვს. ვაითუ, ნაგვის ბუნკერში ჩახტა ეს კოსტია პროსტია. სირცხვილი არ ვჭამო. მეზობლების დაცინვაღა მაკლია, ისედაც ჭაკადა მაქვს საქმე, ნივრიან ჩაის გეახლებით, რწყილებს ჩაქუჩით დავდევ.
პარკი იქვე ჩაცუცქულმა გავხსენი. ცოტათი მეშინია. ტერაქტს ხომ არ მიწყობენ? მაგრამ ვის რაში ვჭირდები. გავხსენი. გაოცებისგან პირი დავაღე. კაი ხანი დავყავი პირდაღებულმა.
პარკში იდო – პატარა ჩეკუშკა არაყი, ძეხვი, ბატონებო. ბატონი პური, ხელსაწმენდები და ტუალეტის ქაღალდი. მაღლა ავიხედე, გამჩენს მოწიწებით მადლობა ვუძღვენი. ძღვენი ოთახში შემოვიტანე, სამზარეულოს ბუფეტში დავაბინავე. ტუალეტის ქაღალდი, საპირფარეშოში შევიტანე. ბარემ ადგილზე ვიყავი, ვიფიქრე, უნიტაზს – მივაგებ მეთქი კუთვნილს. პერანგის ამხანაგი ჩავიძრე, უნიტაზზე ჩამოვჯექი. სიგარეტიც გავაბოლე. საქმეს შევუდექი. პეპეროზი ბოლომდე ჩაიფერფლა. აუცილებელიც მოვითავე. ტუალეტის ქაღალდს ყდა შემოვახიე. ის იყო უნდა გამექანებინა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, ქაღალდზე რაღაც ხელნაწერი შევნიშნე.
გაგიკვირდებათ, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ. ვინ ირჯებოდა, რამ მოაფიქრა, როგორ შეძლო, რა ნერვებმა გაუძლო, რა განზრახვა ედო გულში, რომ მთელი თავისი ცხოვრება, ტუალეტის ქაღალდზე გადაეტანა. რაღას ვიზამდი? ერთი ჭორიკანა გაზეთის ფურცლით დავკმაყოფილდი. ბოდიშს ვუხდი რედაქციას, მთელ მის კოლექტივს.
გორგალი საძინებელ ოთახში შევიტანე. წაკითხვა დავიწყე. ბოლომდე ჩავედი. ყოველი შემთხვევისთვის, გავიკითხ – გამოვიკითხე ახლომახლო ვინმე თუ ცხოვრობდა, რომელსაც ცეტიაანთ გოგიათი მოიხსენიებდნენ. ყველა მხრებს იჩეჩავდა. მასეთი სახელის კაცს არ ვიცნობთ, არც საახლობლოში გაგვიგონიაო. პრესაშიც განვაცხადე: გამომეხმაუროს ცეტიაანთ გოგია, წაიღოს თავისი დაკარგული ტუალეტის ქაღალდი. ჩემი მისამართიც მივუთითე. შემეძლო გაზეთის რედაქციაში დამეტოვებინა უცნაური ფორმით შესრულებული დღიური. ცნობისწადილმა მძლია. ვიფიქრე, იქნებ გამომეხმაუროს ავტორი, დავილაპარაკებდით. იქნებ აეხსნა ჩემთვის, რამ დააწერინა სიჭაბუკისდროინდელი თავგადასავალი მაინცა და მაინც ტუალეტის ქაღალდზე, როცა მაკულატურას მიაქვს ქვეყანა. იქნებ აეხსნა, სადაური იდეა იყო. თვითონ მოიფიქრა, ურჩიეს თუ ზეციდან უკარნახეს?
ერთი წლის მანძილზე არავინ გამომხმაურებია. ხელნაწერი გადასაგდებად დამენანა. ავდექი და საერთო რვეულში გადმოვიტანე, როგორც შეეფერება ჩემნაირ წიგნის ჭიას. მინდა თქვენც წაიკითხოთ. მკითხველის სამსჯავროზე გამომაქვს. თუ ცოცხალია ცეტიაანთ გოგია, ნუ გამიბრაზდება. თუ კი იმ ქვეყნად გაემგზავრა, შემინდოს იმისმა სულმა. ვთქვათ, ამ ნაწარმოებმა, რაიმე შემოსავალი მომიტანა, (მე უპატრონოს, რაც ნაკლებად მჯერა). მაგას რა აჯობებს. მოკლედ, რა თანხასაც მომცემენ, კოსტია მჩხავანას ლამაზ საყელურს შევუძენ. არაფერს ავიღებ ჰონორარის სახით? მაინც ვუყიდი საყელურს კოსტიას. ზედ პედიგრივსაც მივამატებ. უყვარს ნამეტანი. ––––––– ამბავი, რომელიც უნდა გიამბოთ, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივი ამბავია. ჯარიდან რომ დავბრუნდი, ერთხანობას წერამ ამიტანა. მოვიმარაგე ბლომად ჩაი, ,,კუპეჩესკი’’ შაქარი, მივუჯექი მაგიდას, მოვიმარჯვე კალამი და მეგონა, რომ მოგონებების სქელ – სქელ დასტებს დავაყენებდი. მაგრამ ოც ფურცელზე მეტი ვერ დავწერე. ან რას დავწერდი. ჯარში ორი წელი, გინების მეტი არაფერი მომისმენია, მხოლოდ წერილებს თუ დავწერდი, იმასაც იშვიათად.
წერის დროს დავლიე ასი ,,კრუშკა’’ ჩაი, ორმოცდაათამდე ,,ჩეფირი’’. ისე მიკვირს, ამდენი როგორ შევძელი?! იმხანად, როცა მოგონებების დაწერა გადავწყვიტე, დედაჩემი ბამზე იყო წასული სამუშაოდ, დები ცალკე ცხოვრობდნენ.