- 14 -
ლიქტორი სიმპლიციანუსი აკვინუმთან დამარცხების შემდეგ პრექტორმა პუბლიუს ვარინიუსმა თავისი ათი ათასი ჯარისკაცით‚ დამარცხებულ ლეგიონთა ნარჩენებით‚ ნორბიუმისაკენ დაიხია და იქ გამაგრდა‚ რათა დაეცვა აპიუსისა და ლაციუმის გზები‚ იმ შემთხვევაში‚ თუ მისთვის საზიზღარი გლადიატორი‚ ტაქტიკის‚ წესებისა და გამოჩენილ სარდალთა გამოცდილების საწინააღმდეგოდ‚ არ შეუშინდებოდა მოახლოებულს ზამთარს და რომის გალავნისაკენ დაიძვროდა.
სპარტაკმა შიკრიკი გაგზავნა ნოლას ბანაკში ახალი გამარჯვების შესატყობინებლად და თვითონ თავისი ჯარით დაბინავდა რომაელთა მიერ დატოვებულ ბანაკში. ამავე დღეს მოიხმო ენომაი‚ ჩააბარა ოთხი ლეგიონის წინამძღოლობა და მოსთხოვა მტკიცე ფიცი‚ რომ‚ რაც უნდა ყოფილიყო‚ არ დაიძვროდა ბანაკიდან და ცხენი გააქროლა‚ არავინ იცოდა‚ საითკენ.
ორი თვის განმავლობაში‚ იმ დღიდან‚ როდესაც სპარტაკი ნოლას ბანაკიდან გავიდა‚ იქ ყოველდღე მოდიოდა მონებისა და გლადიატორების ბრბო ისეთი სიმრავლით‚ რომ კრიკსმა შეადგინა იმათგან სამი ახალი ლეგიონი‚ ხუთი ათას კაცზე მეტი თითოში. მათი უფროსობა ჩაბარდა არტორიქსს‚ ბრეზოვირს და უზარმაზარი ტანის მოხუც კიმბრს. ეს კიმბრი სახელად ვილმიუსი‚ თუმცა ველური ხასიათისა იყო და ღვინის მსმელი‚ მაინც დიდად სახელგანთქმული იყო გლადიატორებში თავისი ჰერკულესის ღონისა და იშვიათი გულახდილობის წყალობით.
როდესაც პრეტორ ვარინუისზე სპარტაკის ბრწყინვალე გამარჯვებამ გლადიატორების ბანაკს მიაღწია‚ მათ სიხარულს ბოლო აღარ ჰქონდა‚ მთელ მინდორს აყრუებდა ატაცებული ყვირილი‚ სიმღერა და მხიარული ლაპარაკი. ამ ჩოჩქოლში‚ მღელვარე ზღვას რომ მოგაგონებდათ‚ იქნებ მხოლოდ მირცამ არ იცოდა საერთო მხიარულების მიზეზი. მირცამ რომ გაიგონა ხმაური‚ გამოვიდა კარვიდან‚ სადაც მთელი დღეების განმადვლობაში იჯდა და ჰკითხა ჯარისკაცს:
– რა მოხდა?
– სპარტაკმა კიდევ დაამარცხა რომაელები, ისე‚ რომ დიდხანს ემახსოვრებათ.
– სად‚ როდის? – მოუთმენლად ეკითხებოდა ყმაწვილი ქალი.
– აკვინუმთან‚ სამი დღეა მას აქეთ. შეიპყრო პრეტორი‚ წაართვა ცხენი‚ დროშა და ლიქტორები!
ამ წამს მთავარ კარავთან‚ პრეტორის მოედანზე‚ მივიდა არტორიქსი. მან ისარგებლა შემთხვევით‚ რომ გადაეცა მირცასთვის ძმის გამარჯვება დაწვრილებით. მაგრამ როცა მივიდა და მიესალმა‚ ისე გაწითლდა‚ როგორც გასათხოვარი ქალი‚ და არ იცოდა‚ რით დაეწყო.
– აი‚ ხომ ხედავ... სალამი მირცა‚ – ბუტბუტებდა ახალგაზრდა. ჩასცქეროდა მიწას და აცოდვილებდა მახვილის, – შენ უკვე იცი‚ რასაკვირველია... ეს მოხდა ავკინუმთან... როგორ ხარ‚ მირცა?
რამდენიმე ხნის მტანჯველი სიჩუმის შემდეგ თქვა:
– ჰოდა‚ აი... ხედავ... სპარტაკმა კიდევ გაიმარჯვა.
რაც უფრო მეტს ცდილობდა არტორიქსი თვისუფლად ლაპარაკს‚ მათ მეტად ირეოდა; თითქოს ენა მუცელში ჩაუვარდაო‚ რაღაცას უაზროდ ბუტბუტებდა‚ თვითონვე ესმოდა‚ რა სასაცილო იყო‚ და უჯობდა ერთი სამად უფრო ღონიერ მტერთან მდგარიყო‚ ვიდრე ამ ლურჯთვალებიან ყმაწვილ ქალთან. საქმე ის არის‚ რომ არტორიქსს‚ ნაზსა და გულწმინდა ყმაწვილ კაცს‚ სპარტაკის მათაყვანებელს‚ ერთი ხანია გულში ჩაუვარდა რაღაც მისთვის სრულიად ახალი და უცნობი გრძნობა. მირცას დანახვაზე ის როგორღაც კრთებოდა. მირცას ხმას გაუგებარ ათრთოლებაში მოჰყავდა; მისი ლაპარაკი ეჩვენებოდა ციურ მუსიკად‚ რომელსაც გადაჰყავდა ის უცნობ‚ მომხიბლავ ქვეყანაში.
იმ დღიდან‚ რაც სპარტაკი სამნიუმში წავიდა‚ ყმაწვილმა გლადიატორმა‚ თვითონაც არ იცოდა‚ როგორ‚ ძალიან ხშირად დაიწყო სიარული სპარტაკის კარავში‚ მირცასთან. ხშირად მოხდებოდა ხოლმე ისეც‚ რომ მთვარეულივით იწყებდა სიარულს და როდესაც მოიხედავდა‚ შეამჩნევდა‚ რომ უცნობ ჭალაში ან ვენახში იყო რამდენიმე მილზე ბანაკიდან‚ მაგრამ თვითონაც არ იცოდა‚ რატომ.
სპარტაკის წასვლიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა ის‚ რამაც ყმაწვილი გალი აიძულა‚ გონს მოსულიყო‚ რათა დაეწყნარებინა აშლილი გრძნობები.
და აი‚ რა მოხდა: მირცა პირველ ხანებში სრულებით ვერ ამჩნევდა არტორიქსის ხშირ სიარულს და ყოველთვის მეგობრულად‚ ზრდილობიანად და თავისუფლად ესაუბრებოდა, მაგრამ თანდათან იმანაც დაიწყო უცებ გაწითლება‚ გაფითრება და შეკრთომა არტორიქსის ყოფნის დროს. მაშინ ყმაწვილი კაცი დაფიქრდა ურთიერთშორის დამოკიდებულებაზე და მიუგდო ყური თავის გულის ძგერას. თავზარი დაეცა‚ როცა შენიშნა‚ რომ გაგიჟებით უყვარდა სპარტაკის და. მას აზრადაც არ მოსვლია‚ რომ ყმაწვილი ქალის გულშიც ის ტრიალებდა‚ რაც მის გულში. ამნაირად‚ ახალგაზრდები იტანჯებოდნენ თავიანთი გრძნობის დაფარით. ნახვის დროს ბევრის თქმა უნდოდათ ერთმანეთისთვის და ჩუმად იყვნენ‚ უნდოდათ განშორებულიყვნენ და ვერ იძვროდნენ ადგილიდან.
აი‚ რატომ ისარგებლა ასეთი სიხარულით არტორიქსმა სპარტაკის ახალი გამარჯვებით და კარგ მიზეზად ჩათვალა‚ რომ ენახა სპარტაკის და.
მირცა აენთო დილის ცისკარივით. მაგრამ ეცადა აღელვების შეკავებას და ოდნავ აკანკალებული ხმით თქვა:
– გამიგონე. არტორიქს‚ განა ასე უამბობენ დას ძმის გმირულ გამარჯვებას?
ანტორიქსი გაწითლდა ამ სიტვებზე‚ მაგრამ დასძლია თავისი მოკრძალება და უამბო მირცას დალაგებით ყველაფერი‚ რაც მორბედებმა გადმოსცეს აკვინუმის ომის შესახებ.
– სპარტაკი ხომ არ დაჭრეს? – ჰკითხა