ვარსკვლავები -
პროვანსელი მწყემსის ნაამბობი იმ ხანებში, როცა მე ფარას ვმწყემსავდი ლიუ ბერონზე, ხანდახან მთელი კვირა ისე გავიდოდა, რომ ადამიანი არ გაიჭაჭანებდა მახლობლად; მარტოდმარტო ვიყავი იალაღზე, ჩემს ძაღლ ლაბრისა და ჩემს ფარასთან ერთად. დროგამოშვებით მონდელიურის განდეგილი თუ გაივლიდა სამკურნალო ბალახების საძებნელად, ან პიემონტის მენახშირეების შემურული სახეები თუ გამოჩნდებოდა, მაგრამ ეს გულუბრყვილო, მარტოობისაგან ენაჩავარდნილი ადამიანები იყვნენ, რომელთაც ლაპარაკის ხალისი დაჰკარგოდათ და არაფერი იცოდნენ, რა ხდებოდა ქვემოთ - სოფლებსა და ქალაქებში. ამიტომ ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყავი, როცა ორ კვირაში ერთხელ მთისკენ მომავალ გზაზე ჩვენი ფერმის ჯორის ზანზალაკის ხმას გავიგონებდი; ეს ჩემთვის ორი კვირის საგზალი მოჰქონდათ; მე ვხედავდი, როგორ ჩნდებოდა თანდათან ფერდობს ზემოთ პატარა მიაროს (ფერმის ბიჭი) მკვირცხლი სახე, ან ბებერი ძალუა ნორადის ჟღალი თავსაკრავი. მე მათ ვაამბობინებდი ბარის ამბებს, ვინ მოინათლა, ვინ დაქორწინდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინტერესებდა, რას შვრებოდა ჩვენი პატრონების ქალიშვილი სტეფანეტა, ულამაზესი გოგონა. გულგრილი სახით, ვითომდა სხვათა შორის, ვკითხულობდი, ხშირად დადის თუ არა ის დღეობაში, ღამის თევაში, ახალი თაყვანისმცემლები ხომ არ გაუჩნდნენ-მეთქი; ხოლო თუ ვინმე მკითხავს, რა გესაქმებოდა ყოველივე ამასთან შენ, საწყალო მომთაბარე მწყემსო, მე ვუპასუხებ, რომ მაშინ ოცი წლის ვიყავი, ხოლო სტეფანეტაზე უმშვენიერესი არავინ მენახა ჩემს სიცოცხლეში.
ერთხელ, კვირა დღეს, როცა ნახევარი თვის სანოვაგეს ველოდი, მისი მოტანა ძლიერ დაგვიანდა. დილით ვთქვი, ალბათ, გრძელმა წირვამ შეუშალა ხელი-მეთქი. შემდეგ შუადღისას დიდი ჭექა-ქუხილი ატყდა, და გავიფიქრე, ალბათ, ჯორმა ვერ იარა გზების გაფუჭების გამო-მეთქი. ბოლოს, როცა სამ საათზე ცა მოიწმინდა, ხოლო გადარეცხილი მთა გაბრწყინდა მზის შუქზე, ფოთლებიდან ჩამოცვენილი წვეთებისა და ადიდებული ნაკადულების ხმაურობაში ჯორის ზანზალაკის ხმა მომესმა, ისეთივე მხიარული და ცქრიალა, როგორც აღდგომის ზარების რეკვა. მაგრამ ჯორი არც პატარა მიაროს მოჰყავდა, არც მოხუც ნორადს. ეს იყო... აბა გამოიცანით!.. ჩვენი ქალიშვილი, ბიჭებო! თვით ჩვენი ქალიშვილი, წელში გამართული იჯდა ტირიფის კალათებშუა, სახეშეწითლებული მთის ჰაერისა და ქარიშხლის სიგრილისგან.
პატარა ბიჭი ავად გამხდარიყო, ძალუა ნორადი დასასვენებლად წასულიყო თავის შვილებთან. მშვენიერმა სტეფანეტამ ყოველივე ეს ჯორიდან ჩამოხტომისთანავე მიამბო. ასევე მითხრა: იმიტომ დავიგვიანე, რომ გზა დამებნაო. მაგრამ ის ისე სადღესასწაულოდ იყო გამოწყობილი, ისეთი ყვავილებიანი ლენტით მორთული კაბა და მაქმანი ჰქონდა, რომ კაცი იმას კი არ იფიქრებდა, გზა არევია სადღაც ბუჩქებშიო, არამედ სადმე ცეკვაზე შერჩენილაო. ოჰ, საყვარელო არსებავ! თვალი ვერ მომეშორებინა მისთვის. ესეცაა, რომ მანამდე არასოდეს მინახავს ასე ახლოს. ხანდახან ზამთარში, როცა ფარა ბარში ჩადიოდა და მე ფერმაში შევდიოდი სავახშმოდ, ის დარბაზში გაივლიდა ხოლმე მკვირცხლად, ყოველთვის კარგად მოკაზმული და ოდნავ ამაყი, არასოდეს მოსამსახურეებს არ დაელაპარაკებოდა... და ახლა იგი ჩემ წინ იდგა, მხოლოდ ჩემთვის ამოსულიყო. განა ეს საკმარისი არ იყო თავგზის დასაკარგავად?
როცა სტეფანეტამ სანოვაგე ამოალაგა კალათიდან, ცნობისმოყვარეობით დაიწყო თავის გარშემო ცქერა. ცოტათი აიწია თავისი საკვირადღეო ლამაზი კაბა, რათა ტალახში არ დაესვარა და ბაკში შევიდა. მოისურვა ენახა ის კუთხე, სადაც ვიძინებდით, ჩალის ფარდული ცხვრის ტყავგადაფარებული საწოლით, კედელზე ჩამოკიდებული ჩემი დიდი წამოსასხამი, ჩემი კომბალი, ჩემი კაჟიანი თოფი. ყოველივე ეს მას ართობდა.
- მაშ, აი სად ცხოვრობ, ჩემო საბრალო მწყემსო! ალბათ, ძალიან მოგწყინდება მარტოდმარტო ყოფნა. რას აკეთებ? რაზე ფიქრობ?..
დიდი სურვილი მქონდა მეპასუხა: თქვენზე ქალბატონო-მეთქი, და ეს ტყუილი არ იქნებოდა, მაგრამ ისე ძლიერ ვიყავი შეშფოთებული, რომ კრინტიც ვერ დამეძრა. მგონია, მან ეს შეამჩნია და ის საძაგელი განგებ შეეცადა ჩემი შეშფოთება გაეორკეცებინა თავისი თვალთმაქცობით:
- განა შენი მეგობარი ქალი ხანდახან შენ სანახავად არ ამოდის, მწყემსო?.. ის, ალბათ, ოქროს ციკანია ან ფერია ესტერელაა, რომელიც მხოლოდ მთის მწვერვალებზე დარბის...
თვით ის, ჩემთან საუბრის დროს, ფერია ესტერელას ჰგავდა, უკან გადახრილი თავით, მშვენიერი ღიმილით და ჩქარა წასვლის სურვილით, რაც მის სტუმრობას ფერიის მოჩვენებას ამსგავსებდა.
- მშვიდობით, მწყემსო.
- გამარჯვებით, ქალბატონო.
და ის წავიდა ცარიელი კალათებით.
როდესაც ქალი ქვევით მიმავალ ბილიკზე გაქრა, მომეჩვენა, თითქოს მისი ჯორის ნალების მიერ აგორებული ქვები თითო-თითოდ გულზე მეცემოდა. იმათი ხმა დიდხანს, დიდხანს მესმოდა; და დაღამებამდე ბურანში ვიყავი ისე, რომ განძრევასაც ვერ ვბედავდი იმის შიშით, სიზმარი არ გავფანტო-მეთქი. როცა დღე და ღამე იყრებოდა, ხეობებში ლურჯი ჩრდილები ჩამოწვა, ხოლო პირუტყვი ბღავილით ერთმანეთს მიეკრა, რათა ბაკში დაბრუნებულიყო, მომესმა, რომ ვიღაც მეძახდა დაღმართიდან. იქით გავიხედე და ჩვენი ქალიშვილი დავინახე, მაგრამ წეღანდელივით მოცინარი კი არა,