თავი პირველი მარიაბრონში, მონასტრის კარიბჭის ორსვეტიან მრგვალ თაღთან, ზედ გზის პირზე, ერთი წაბლის ხე იდგა, სამხრეთის ეული შვილი, რომში მიმავალი პილიგრიმის მიერ ოდესღაც ჩამოტანილი ძლიერი, კეთილშობილი წაბლი. საამოდ გადაჰფარებოდა გზას ხის მომრგვალებული ვარჯი, ფართოდ მკერდგაშლილი სუნთქავდა ქარში. გაზაფხულზე, როცა ირგვლივ ყველაფერი ამწვანდებოდა და მონასტრის კაკლის ხეებიც გამოიტანდნენ მოწითალო ნორჩ ფოთლებს, კარგა ხანს ელოდნენ მის გაფოთვლას, და მერე, უმოკლესი ღამეების დროს, ფოთლებიდან ამოყრილი უცნაური დაბინდული ღია მწვანე ყვავილების ნაკადები მოიწევდა და ირგვლივაც თითქოს რაღაცის მომასწავებელი და დამთრგუნველად მძაფრი სურნელი იფრქვეოდა, ხოლო ოქტომბერში, როცა ხილი მოწეული და ღვინო დადუღებული იყო, შეყვითლებული ტოტებიდან შემოდგომის ქარში ჩხვლეტია ბუდეებიდან ჯერ კიდევ უმწიფარი ნაყოფი ცვიოდა, მაგრამ მონასტრის ბიჭები ამას არაფრად დაგიდევდნენ, ხოლო წინამძღვრის თანაშემწე გრიგოლი – წარმოშობით იტალიელი – წაბლს ბუხარში ხალავდა ხოლმე თავის ოთახში. მონასტრის კარიბჭის თავზე უცხოდ და წყნარად ირწეოდა ლამაზი კენწერო უცხო მხრიდან მოსული ნაზი და მცივანა სტუმრისა, რომელიც იდუმალი ნათესაობით დაკავშირებოდა შესასვლელის ქვიშაქვის თხელ სვეტებს, სარკმლების, თაღების, ლავგარდნებისა და ქვის კოლონების ჩუქურთმებს. ლათინებისათვის ეგზომ საყვარელი ხე აქაურებისათვის უცხო იყო და თვალგაშტერებული შესცქეროდნენ ყველანი.
ამ უცხო ქვეყნიდან მოსული ხის ძირში სამონასტრო სკოლის შეგირდთა არაერთ თაობას ჩაუვლია იღლიაში საწერდაფაამოდებულს, საუბრით, სიცილით, თამაშით, კამათით, წლის დროთა შესაბამისად ფეხშიშველთ თუ ფეხთჩაცმულთ, ხან პირში ყვავილი ჰქონდათ გაჩრილი, ხან კაკალს პირდაპირ კბილით ამტვრევდნენ, ხანაც თოვლის გუნდა ეჭირათ ხელში. მოდიოდნენ ახალ-ახალი თაობები, ყოველ ორ წელიწადში იცვლებოდა სახეები, თუმცა უმეტესობა ერთმანეთს ჰგავდა: ქერა და ხუჭუჭთმიანნი იყვნენ. ზოგი იქვე რჩებოდა, მორჩილი ხდებოდა, მერე კი – ბერი; თმას იკრეჭდნენ, კაბით იმოსებოდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, ბიჭებს ასწავლიდნენ, ბერდებოდნენ, აღესრულებოდნენ. ზოგიც, სწავლის დამთავრებისთანავე, შინ მიჰყავდათ მშობლებს რაინდთა სასახლეებში, ვაჭართა და ხელოსანთა სახლებში; დახეტიალობდნენ, ერთობოდნენ, საქმიანობდნენ კიდეც, არ ივიწყებდნენ მონასტერსაც, უკვე დაკაცებულებს მოჰყავდათ თავ-თავიანთი პატარა ვაჟები შეგირდებად მამებთან, ღიმილითა და ჩაფიქრებით შეავლებდნენ თვალს წაბლის ხეს და ისევ გაუჩინარდებოდნენ. მონასტრის სენაკებსა და დარბაზებში, მძიმე თაღოვანი სარკმლებისა და წითელი ქვის სვეტების გარემოცვაში ცხოვრობდნენ, ასწავლიდნენ, ხელმძღვანელობდნენ, მრავალნაირ ხელოვნებასა და მეცნიერებას ეუფლებოდნენ და თაობიდან თაობას გადაეცემოდა სასულიერო და საერო ცოდნა, ნათელი და ბნელი. იწერებოდა წიგნები და განმარტებანი, ქმნიდნენ სისტემებს, აგროვებდნენ ძველ ხელნაწერებს, ასურათებდნენ, ერის რწმენაზე ზრუნავდნენ, ცრუ რწმენას დასცინოდნენ; განსწავლულობა და ღვთისმოსაობა, გულუბრყვილობა და ცბიერება, სიბრძნე სახარებისა და სიბრძნე ბერძენთა, თეთრი და შავი მაგია, ყველაფერი ყვაოდა აქ, ყველაფრისათვის მოიძებნებოდა ადგილი. მოიძებნებოდა ადგილი როგორც განდეგილობისა და მონანიებისათვის, ისე გულღიაობისა და კეთილდღეობისათვისაც. ამა თუ იმ აბატსა და ამა თუ იმ ეპოქის სულისკვეთებაზე იყო დამოკიდებული, რომელი რომელს გადასძლევდა და რომელი გაბატონდებოდა. მონასტერი ხალხს ხან რით იზიდავდა და ხან რით, ზოგჯერ ეშმაკთა განმსხმელებითა და დემონური ძალების მცოდნეებით, ზოგჯერ – საუცხოო მუსიკით ან რომელიმე წმინდა მამის სახელით, ზოგჯერ მკურნალობითა და სასწაულების მოხდენით, ზოგჯერაც – ქარიყლაპიას წვნიანითა და ირმის ღვიძლის პაშტეტით. ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა. და მუდამ იყვნენ ბერთა და შეგირდთა, ღვთისმოსავთა და გულგრილთა, მარხულთა და კარგი ჭამა-სმის მოყვარულთა შორის, იმ მრავალთა შორის, ვინც აქ მოდიოდა, ცხოვრობდა და აღესრულებოდა, განსხვავებულნი და განსაკუთრებულნი; ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც ყველას უყვარდა ან ვისიც ყველას ეშინოდა, ვიღაც, ვინც რჩეული ჩანდა, ვისზეც კიდევ დიდხანს ლაპარაკობდნენ, როცა მისი თანამედროვენი უკვე აღარავის ახსოვდა.
ახლაც იყო მარიაბრონის მონასტერში ორი განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანი – ერთი მოხუცი და ერთი ახალგაზრდა. იმ ძმათა შორის, რომელნიც ირეოდნენ შეგირდთა საერთო საძინებლებში, ეკლესიებსა და სკრიპტორიუმებში, იყვნენ ორნი, რომელთაც ყველა იცნობდა, ყველა თვალს ადევნებდა. ეს იყო მოხუცი აბატი დანიელი და ახალგაზრდა შეგირდი ნარცისი, რომელიც ცოტა ხნის წინ მორჩილი გახდა, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭიერების გამო, ტრადიციის საწინააღმდეგოდ, უკვე მასწავლებლობას ანდობდნენ, განსაკუთრებით ბერძნულ ენაში. ორივეს – აბატსაც და მორჩილსაც – დიდ პატივს სცემდნენ მონასტერში. ისინი ცნობისმოყვარეობას აღუძრავდნენ ყველას, მათ ყველა აკვირდებოდა, მათ მიმართ აღტაცებას ვერ მალავდნენ და ამავე დროს შურდათ კიდეც მათი და ფარულად სახელსაც უტეხდნენ.
აბატი უმრავლესობას უყვარდა, მას მტერი არ ჰყავდა. იგი აღსავსე იყო სიკეთით, უბრალოებითა და თავმდაბლობით, ოღონდ მონასტრის სწავლულების სიყვარულს მის მიმართ შემწყნარებლობის წილიც ერია: აბატი დანიელი შეიძლება წმინდანი კი იყო, მაგრამ მეცნიერი არ ეთქმოდა. მას ის უბრალოება ახასიათებდა, სიბრძნეს რომ უდრიდა; მაგრამ მისი ლათინური მოკრძალებული იყო, ხოლო ბერძნული სულ