l
მარცხენა კუთხეში ზღმურტლიანი ქალბატონი კონწიალობდა. გლეხურ სამოსზე თივის ღეროები და რომელიღაც მცენარის ბუსუსები ჰქონდა აკრული. ჟღალი, გამჭვირვალე თმა სავსე მკერდს ეალერსებოდა და თოკით ისე იყო კისერს შემოკრული, უდავოდ, ცოცხის ასოციაციას აღგიძრავდათ. იმ ქალს მაგდა ერქვა.
მაგდას გვერდით გალაქტიონს მოეღრიცა გრძელი კისერი. ხის კონსტრუქციის ცენტრში ეკიდა, საფეხბურთო კარის მსგავს ქანდარაზე. ენა გადმოგდებული ჰქონდა და ნიკაპზე ნერწყვი აშრებოდა. არც მის ჩაცმულობაზე უზრუნია შუა საუკუნეების მოდის სახლს.
მოედანზე ხალხი შეკრებილიყო. ძლიერმა ქარმა დაუბერა, მაგდას კაბა აუფრიალდა და თავადაც საგრძნობლად შეირხა, თუმცა უკვე ვეღარაფერს გრძნობდა. გალაქტიონს ხელები ათლეტივით გასვლოდა განზე და გაყინული შარვლის ტოტებივით გაეფშიკა. ქარმა მტვერი წრეზე დაატრიალა. გალაქტიონის ცხედარი სახით მაგდასკენ შეტრიალდა. მაგდას შავი კაბა ხმაურით ფრიალებდა. ორივე ერთმანეთის მიმართულებით გაქანავდა და ისე მოხდა, რომ კაცმა ქალს ფეხზე ფეხი მოსდო.
- ახლა მაინც დამასვენე, შე უღმერთო! - გაცხარებით გადაულაპარაკა მაგდამ.
- დაგვკრძალავენ და დაგასვენებ ქალო; შენი ეშხით კი არ დავეკიდე კისრით, - აღშფოთდა გალაქტიონი …
კირილეს სქელი, ხარივით ძლიერი კისერი ჰქონდა, - არ გაუმართლა საწყალს. თოკმა კანი გადაუქერცლა, მაგრამ კისერი კი ვერ გადაუმტვრია თავის სხეულის სიმძიმემ და ჯერ ისევ შოკში იყო. არც ამ ქვეყნისა იყო და არც ჰადესისა. დამპალი პომიდორი ყვითელ წვერზე წურწურით ჩამოსდიოდა. “ ახია თქვენზე, სისხლის მსმელებო! ” - ჩაესმა კირილეს დაგუდულ სმენას.
- ოღონდ შენ გვერდით არ დამფლან და ვიკონწიალებ აქა, სანამ ჩირივით არ გამოვხმები, - კირილეს მაგდას ხმა ჩაესმა და მისი დაბინდული გონება გაოცებამ მოიცვა.
მაგდას და გალაქტიონის კამათი კირილეს “ სმენამდე ” აღწევდა. ცოცხლები მისი ქებით აღარ იყვნენ, მაგრამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მაინც იბრძოდა - დიდი გაჭირვებით. ის ორ სამყაროს ეკუთვნოდა, ანდა სრულფასოვნად, როგორც თავად ისურვებდა, არცერთს, - არც მიწისა იყო, არც ცისა.
- სამივეს ერთ ორმოში ჩაგვყრიან, - წყვილის ჯინაზე ამოიკვნესა წვეროსანმა.
- რაო, რას ამბობს? - ჰკითხა ჯალათს იქვე მდგომმა პატარა ბიჭმა, რომელიც დედას გლოვობდა და ჩამომხრჩვალ მკვლელებს ცნობისმოყვარე თვალებით აკვირდებოდა.
- რაო და … სამთავეს ერთ ორმოში დაგვფლა-ვენ-ოოო, - უშნოდ დაიბუყბუყა ჯალათმა.
კირილეს რამდენიმე წამიღა ჰქონდა დარჩენილი, სანამ მისგან საჭმელად უვარგისი ხორცის ნაჭერიღა დარჩებოდა, - სულის ტაძარი, რომელიც სულმა დატოვა. მაგდა და გალაქტიონი უკვე დახოცილიყვნენ, მაგრამ თავიანთ ცხედრებს არ შორდებოდნენ. ყაყანებდნენ და ერთმანეთს რაღაცებს აბრალებდნენ:
- შენი მოკლული იქნება, შე გათახსირებულო! შენ მოკალი ის საწყალი გოგო! რა დაგიშავა, რათ მააკვდინე, ჰაა? - ბრაზობდა მაგდა.
- მე მოვკალი ხო, მე-ე … - თხასავით დაიკიკინა ჩამოხრჩობილმა, - გვამი რა უყავ? ჰა! რა უყავი იმ საწყალს? მდინარეს გაატანდი, შენა … შე … - სიტყვა გაუწყდა გალაქტიონს.
- მე-ე?! ნეტა ჩაიხრჩობოდე ეიმ მდინარეში! რა უვარგისი რამე ხარ.
- ჩავიხრჩობი ჰო-ო … ჩავიხრჩობი, - ირონიულად უპასუხა კაცმა, - ა-ეხლა წავალ და ჩავიხრჩობი.
- ჩაიხრჩე … ხოო … ჩაიხრჩე, კაცო … დროზე ჩაიხ … არ გააწყალა გული?! ჩაიხრჩობოდე ერთი …
ქარი ზუზუნებდა. გვამები შემაძრწუნებლად ქანაობდნენ. კირილე ამ სამს შორის ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა: თოკი რომელშიც სქელი კისერი გააყოფინეს დამპალი გამოდგა, - იქანავა, იქანავა და ჩამოწყდა.
- ე-ბიჯო, მიეშველე, - ხალხიდან გამოსძახა მოხუცმა, რომელსაც გულს უკლავდა რასაც ეშაფოტზე ხედავდა.
ჯალათი არ განძრეულა, კირილეს ნახევრად გაოცებული და ირონიული სახით უყურებდა. გვამები ყაყანებდნენ: შენ მოკალი, არა შენ გაატანე მდინარესო, თუმცა ეს უკვე კირილესაც აღარ ესმოდა.
- მიეშველე შე … შე მამა ცხონებულო, ჩამოწყდა კაცი! - მოხუცი აღშფოთდა და მასი განწყობა სხებსაც გადაედოთ.
- წამოაყენე კაცო! რას დაყუდებულა?! - გვერდით მდგომს გადაულაპარაკა, - რა მოუქნელი რამეა, ე … ემან როგორ უნ მამკლას, - თქვა იმან, ვინც ჯალათისკენ იშვერდა აღმართულ ხელს.
- ჰაა, გაინძერი ჯალათო, რას გაჯორებულხარ იმასავით …
- მიეშველე, მიეშველე ბიჯოო … - წინ