წიგნი პირველი - მკვდრეთით აღმდგარი - თავი I - ხანა
იდგა საუცხოო ხანა, იდგა უმძიმესი ხანა, ჟამი სიბრძნის, ჟამი უგუნურების, დრო რწმენის, დრო ურწმუნობის, წამი ნათლის, წამი წყვდიადის, სასოების გაზაფხული, სასოწარკვეთის ზამთარი, ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, ყველანი ხელმოცარულები ვიყავით, ყველანი პირდაპირ სამოთხისკენ მივეშურებოდით, ყველანი პირდაპირ ქვესკნელისკენ მივექანებოდით – მოკლედ, ის დრო ისე ჰგავდა დღევანდელს, რომ ზოგიერთ მყვირალა ხელისუფალს აეხირებინა, ამ ეპოქის მოხსენიება, მისი სიკეთით თუ სიმახინჯით, მხოლოდ აღმატებით ხარისხშია დასაშვებიო.
იმ დროს ინგლისის ტახტს მსხვილნიკაპიანი მეფე და შეუხედავი დედოფალი განაგებდნენ, საფრანგეთის ტახტს კი – მსხვილნიკაპიანი მეფე და პირმშვენიერი დედოფალი. და როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის დიდგვაროვან ბატონ-პატრონებს, ვისაც თავიანთ სანახებში უხვად ეგულებოდათ პური ჩვენი არსობისა, თევზი და ღვინო, ცხადზე უცხადესად მიაჩნდათ, რომ ამ დამკვიდრებულ წესსა და ყოფას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე არაფერი ემუქრებოდა.
იდგა იესო ქრისტეს შობიდან ათას შვიდას სამოცდამეთხუთმეტე წელი. იმ კურთხეულ ხანაში ინგლისელები ზუსტად ისევე აღიარებდნენ ღვთაებრივ გამოცხადებებს, როგორც დღეს. და მოხდა ისე, რომ სწორედ იმ წელს, როცა მისიზ საუთქოთს(ჯოანა საუთქოთი (1750-1814) – თვითმარქვია რელიგიური მისანი) ოცდახუთი წელი შეუსრულდა, ერთმა ნათელხილვის ნიჭით დაჯილდოებულმა სამეფო ლაიბგვარდიელმა ფართო საზოგადოებას საზეიმოდ ამცნო მისი ზებუნებრივი ხილვის ამბავი, რომლის თანახმად, თურმე სულ მალე ლონდონსა და ვესტმინსტერს მიწა ჩაყლაპავდა. ჯერ თორმეტიოდე წელიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც კოკ-ლეინელმა აჩრდილმა(კოკ-ლეინელი აჩრდილი – ქალის სული, რომელიც თითქოსდა კოკ-ლეინის ქუჩაზე გამოჩნდებოდა ხოლმე.) უკანასკნელად ამცნო საზოგადოებას კაკუნითა და ფხაჭუნით თავისი ნათელმხილველური წინასწარმეტყველებები, და სწორედ ამ დროს ზებუნებრივმა სულებმა (ზებუნებრივად მოკლებულებმა ორიგინალურობას) კვლავ შეაშფოთეს ხალხი კაკუნით და ფხაჭუნით. მაგრამ მოხდა ფრიად უცნაური რამ: იმ დღეებში, ბრიტანეთის ქვეშევრდომებმა ამერიკის კონგრესიდან რაღაც შეტყობინებები გამოუგზავნეს ინგლისის მეფეს ამქვეყნიური მოვლენების თაობაზე, რაც, რაგინდ უცნაურად გეჩვენოთ, გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კაცობრიობისთვის, ვიდრე ნებისმიერი მინიშნება, რაც კი ოდესმე გაუკეთებიათ კოკლეინში დაფრთიანებულ მოჩვენებებს.
საფრანგეთი, რომელიც ფარითა და სამკაპა შუბით აღჭურვილ თავის დობილთან შედარებით, ზოგადად, უფრო ნაკლებად იყო განებივრებული ცრურწმენებით, მტკიცედ და ბრმად მიექანებოდა თავქვე, ბეჭდავდა და ფლანგავდა ქაღალდის ფულს(მე-19 საუკუნეში, ამ რომანის წერის დროს, ინგლისში ბრუნავდა ოქროსა და ვერცხლის მონეტები, რომელთა რევერსზეც ამოტვიფრული იყო ბრიტანეთის სიმბოლო – ქალღმერთი, ხელში სამკაპით (ზღვის ღმერთის, პოსეიდონის ასოციაციით) და ფარით. მის „დობილ“ საფრანგეთში კი ამ დროს დიდი რაოდენობით ბეჭდავდნენ იმ დროის სიახლეს, ქაღალდის ფულს, რომელიც საკმარისი ოქროს მარაგით არ იყო გამყარებული.). თანაც ქრისტიანული მოძღვრების ლოცვა-კურთხევით ისეთი ჰუმანური მონაპოვრებით იქცევდა თავს, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანებისთვის მკლავის მოკვეთის, მაშებით ენის ამოგლეჯის, კოცონზე ცოცხლად დაწვის მისჯა მავანი ჭაბუკისთვის(ამ მოვლენების აღწერისას დიკენსი ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა.) მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე მან მუხლი არ მოიყარა თავსხმა წვიმაში მიმავალი ბერების ტალახიანი პროცესიის წინაშე – სულ რაღაც ორმოცდაათი თუ სამოცი იარდის დაშორებით რომ ჩაევლოთ მისგან. სავსებით შესაძლებელია, იმ დროს, როცა იმ უბედურს სიკვდილით სჯიდნენ, ტყისმჭრელს – ბედისწერას უკვე ნიშანი ჰქონოდა დასმული საფრანგეთის და ნორვეგიის ტყეებში ფესვგადგმულ ხეებზე, რათა მოეჭრათ და ფიცრებად დაეხერხათ ერთგვარი მოძრავი კონსტრუქციის შესაკრავად, რომელიც დიდი ბასრი დანის პირითა და ტომრით იყო აღჭურვილი(იგულისხმება გილიოტინი.) და საუკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა კაცობრიობას. სავსებით შესაძლებელია, პარიზის მახლობლად, სწორედ ზემოხსენებული საძაგელი უამინდობისგან დასაცავად, რომელიმე გლეხის კარმიდამოზე, მოფარებულ ადგილას გადაემალათ სოფლის ლაფში ამოთხვრილი გაურანდავი საზიდრები, სუნსულით რომ გარს უვლიდნენ ღორები, შინაურ ფრინველებს კი ქანდარად ექციათ; საზიდრები, რომლებიც გლეხკაცს – სიკვდილს მალე საფრანგეთის რევოლუციის სიკვდილმისჯილთა დანიშნულების ადგილზე გადასაყვან ფორნებად მოემსახურებოდა.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ტყისმჭრელი და გლეხკაცი წამით არ წყვეტდნენ შრომას, მათი შრომა უჩინარიც იყო და უჩუმარიც, ასე რომ, ჩქამსაც ვერავინ გაიგონებდა, რადგან ფეხაკრეფით დაიარებოდნენ: ფრთხილობდნენ, ვინმემ არ იეჭვოს, რომ ვფხიზლობთო, რადგან სიფხიზლე იმ დროს ათეისტობად და მოღალატეობად იყო შერაცხული.
ინგლისი ამ დროს დიდად ვერაფრით დაიკვეხნიდა წესრიგის თუ მოქალაქეთა უსაფრთხოების თვალსაზრისით. სახლებს, თავად დედაქალაქშიც კი, ყოველდღე ქურდავდნენ, მშვიდობიან მგზავრებს კი თავზეხელაღებული შეიარაღებული ყაჩაღები ძარცვავდნენ; ხელისუფლება ოჯახებს საჯაროდ აფრთხილებდა – ქალაქიდან ისე ნუ გახვალთ, სახლის ავეჯი საწყობებში რომ არ გადაინახოთ უსაფრთხოებისთვისო; ზოგი ღამის წყვდიადში ყაჩაღობდა, დღის სინათლეზე კი პატიოსან ვაჭრად მოჰქონდა თავი; და ერთხელაც ერთმა ვაჭარმა ღამით მგზავრობისას მასზე თავდამსხმელთა „ბანდის მეთაურში“ თავისი მეწყვილე შეიცნო და უნებლიეთ აღშფოთება გამოთქვა, ყაჩაღმა კი არც აცია, არც აცხელა, თავში ტყვია დაახალა და ცხენი არხეინად