მეცნიერება და რელიგია I
უკანასკნელი საუკუნისა და მისი წინამორბედის ნაწილის განმავლობისას ფართოდ გახლდათ გავრცელებული მოსაზრება, რომ ცოდნასა და რწმენას შორის მოურიგებელი უთანხმოება არსებობდა. მოწინავე მოაზროვნეებს შორის გაბატონებული შეხედულების თანახმად, დრო იყო, ცოდნა თანდათან რწმენის ჩანაცვლებას შედგომოდა. რწმენა, რომელიც თავად არ ეყრდნობა ცოდნას, ცრურწმენაა და, შესაბამისად, მას უნდა დავუპირისპირდეთ. აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად განათლების ერთადერთი ფუნქცია აზროვნებისა და ცოდნისათვის გზის გახსნა იყო, ხოლო სკოლას, როგორც ადამიანთა განათლების გამორჩეულ დაწესებულებას, ეს ფუნქცია უნდა შეესრულებინა.
საკმაოდ იშვიათად, მაგრამ მავანი ალბათ მაინც შეხვდება მსგავს რაციონალურ თვალსაზრისს, გამოხატულს ასეთი უხეში ფორმით. ნებისმიერი გონიერი ადამიანი მიხვდება, თუ რამდენად ცალმხრივია ასეთი ფორმულირება. მაგრამ ასევე ცხადია, რომ საქმის არსში ჩასაწვდომად ცხადად და ხისტად არის საუბარი საჭირო.
ჭეშმარიტებას შეეფერება ის, რომ მტკიცებულების მხარდასაჭერად საუკეთესო საშუალებები გამოცდილება და ნათელი გონება იქნება. ამ პუნქტში უპირობოდ უნდა დავეთანხმოთ უკიდურეს რაციონალიზმს, მაგრამ მისი კონცეფციის სუსტი წერტილი ის არის, რომ მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენი მოქმედების წესისა და მსჯელობისთვის არის აუცილებელი და განმსაზღვრელი, მარტოოდენ ამ მყარ მეცნიერულ გზაზე ვერ ვხვდებით.
მეცნიერული მეთოდი სხვას არაფერს გვასწავლის იმის მიღმა, თუ როგორ უკავშირდებიან და როგორ განაპირობებენ ფაქტები ერთმანეთს. ასეთი ობიექტური ცოდნისაკენ ძლიერი ლტოლვა უამაღლებულესია მათ შორის, რისი უნარიც კი ადამიანს შესწევს და თქვენ ვერ დამდებთ ბრალს ამ სფეროში ადამიანის მიღწევებისა და გმირული ძალისხმევის დაკნინების სურვილში. თუმცა ასევე ნათელია, რომ ცოდნა იმისა, რაც არის, არ გვიხსნის კარს იმისკენ, რაც უნდა იყოს. შესაძლოა ცხადი და ყველაზე სრულყოფილი სურათი გაგვაჩნდეს იმისა, რაც არის, და მაინც ვერ შევძლოთ აქედან იმის გამოთვლა, თუ რა უნდა იყოს ჩვენს ადამიანურ მისწრაფებათა მიზანი. ობიექტური ცოდნა ძლევამოსილ იარაღს გვანიჭებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად, მაგრამ საბოლოო მიზანი და მისი მიღწევის ძლიერი სურვილი სხვა წყაროდან უნდა მოდიოდეს. აუცილებლობას არ უნდა წარმოადგენდეს იმ თვალსაზრისთან შედავება, რომ ჩვენი არსებობა და საქმიანობა აზრს მხოლოდ ასეთი მიზნისა და შესაბამისი ღირებულებების დამკვიდრების შემდეგ იძენს. ჭეშმარიტების ცოდნა, როგორც ასეთი, შესანიშნავია, მაგრამ ის იმდენად ცუდი მეგზურია, რომ თავად ამ ჭეშმარიტების ცოდნისკენ სწრაფვის გამართლებისა და ღირებულების დამტკიცებაც კი არ შეუძლია. შესაბამისად, აქ ვუახლოვდებით ჩვენი არსებობის წმინდად რაციონალური კონცეფციის საზღვრებს.
ზემოაღნიშნული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ინტელექტუალური შემოქმედება არანაირ როლს არ თამაშობს მიზნისა და ზნეობრივი შეფასების ფორმირებაში. როდესაც მავანი აცნობიერებს, რომ მიზნის მისაღწევად კონკრეტული საშუალებებია საჭირო, თავად ეს საშუალება იქცევა მიზნად. გონება ააშკარავებს საშუალებებისა და მიზნების ურთიერთდამოკიდებულებას. მაგრამ მხოლოდ აზროვნება ვერ მოგვანიჭებს უკანასკნელი და ფუნდამენტური მიზნების განცდას. ამ ფუნდამენტური მიზნებისა და ფასეულობებისთვის ნათელის მოფენა და მისი სწრაფად დამკვიდრება ინდივიდის ემოციურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციად მეჩვენება, რომელიც რელიგიამ უნდა შეასრულოს ადამიანის სოციალურ ცხოვრებასთან მიმართებით. კითხვას, თუ საიდან მომდინარეობს ასეთი ფუნდამენტური მიზნების ავტორიტეტი, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ფორმულირება და დასაბუთება მხოლოდ გონებით შეუძლებელია, შემდეგი უნდა ვუპასუხოთ: ისინი ჯანსაღ საზოგადოებაში არსებობენ ფესვგადგმული ტრადიციების სახით, რომლებიც ინდივიდთა ქცევაზე, მისწრაფებებსა და შეფასებაზე ახდენენ ზემოქმედებას; შესაბამისად, ისინი არსებობენ, როგორც რაღაც ცოცხალი, რომელთა არსებობის გამართლება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ისინი ქვეყანას არა დემონსტრირების, არამედ გამოცხადების გზით ევლინებიან, ძლევამოსილ პიროვნებათა შუამავლობის გზით. მათი გამართლება კი არ უნდა ვცადოთ, არამედ შევიგრძნოთ მათი ბუნება ცხადად და მარტივად.
ჩვენი მისწრაფებებისა და შეფასების უზენაესი პრინციპები იუედურ-ქრისტიანულ რელიგიურ ტრადიციებში გვაქვს მოცემული. ეს ძალიან მაღალი მიზანია, რომლის მიღწევა, ჩვენი სუსტი ძალებით, მხოლოდ უკიდურესად არაადექვატურად შეგვიძლია, მაგრამ სწორედ ეს გვაძლევს მტკიცე საფუძველს ჩვენი მისწრაფებებისა და ფასეულობებისთვის. თუკი ამ მიზანს მისი რელიგიური ფორმისგან გამოვაცალკევებთ და მის მხოლოდ წმინდად ადამიანურ სახეს შევხედავთ, შესაძლოა ასეთი რამ ჩამოვაყალიბოთ: ადამიანის თავისუფალი და გონივრული