წინათქმა ბოლოს აფხაზეთი 1993 წლის 12 ივლისს დავტოვე... აეროპორტში მეომრები მიმაცილებენ. წამსვლელი ბევრია, თუ არ იძალებ, ადგილი არ შეგხვდება. ტრაპი კვლავინდებურად გაჭედილია. სახელურიდან ვძვრები და თვითმფრინავის კარამდე ვაღწევ. წინა სკამზე გვარდიელი ადგილს მითმობს. „ მე კი ვშველი თავს, მაგრამ ვის ვუტოვებო ჩემს სახლ-კარს?! “ – ხმამაღლა ტირის ხანში შესული ქალი. სალონში დაჭრილები ამოჰყავთ. ეზოში კი საცოდავად აცხუნებს მზე თუთიის კუბოებს...
ვუახლოვდებით თბილისს, მუხიანის თავზე თვითმფრინავი მარცხენა მხარეს იხრება. „ მარჯვნივ გადადით “ , – ისმის ყვირილი მფრინავის კაბინიდან. ფეხზე მდგომები მარჯვენა მხარეს აწყდებიან, თვითმფრინავი სწორდება და თბილისის აეროპორტში ეშვება. შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ მოულოდნელად ავტომატის კაკანი ისმის და საკუთარი მიწა-წყლიდან აყრილი ადამიანები კარისკენ კისრიტეხით გარბიან. ჩემ წინ ჯარისკაცს ხელებში თავი ჩაურგავს და სახეზე ჭირის ოფლი ასხამს. როგორც ირკვევა, ავტომატზე დამცველის ჩაკეტვა დავიწყებია. ეს იყო 21 წლის წინ, მაშინ, როდესაც აფხაზეთს ომის ცეცხლი ეკიდა.
ახლა?.. ახლა ენგურის ხიდზე ვდგავარ და აფხაზეთისკენ მიმავალ გზას მივუყვები.